"ლივერპულის" ახალი მწვრთნელი როი ჰოჯსონი გუნდისთვის ახალი ინგლისური სისხლის გადასხმას აპირებს და საამისოდ სასურველ ფეხბურთელთა სიაც აქვს შედგენილი. ამ სიაში ჰოჯსონს პირველ ნომრად "ასტონ ვილას" გარემარბი ეშლი იანგი ჰყავს ჩაწერილი. მერსისაიდელთა თავკაცი, რომელმაც ამასწინათ განაცხადა, რომ ფერნანდო ტორესისა და სტივენ ჯერარდის დასატოვებლად არგუმენტი და ავტორიტეტი არ ეყოფა, ახლა ბირმინგემელთა მწვრთნელის მარტინ ონილის დაყოლიებას ცდილობს.
გარემარბი, რომელიც "ასტონ ვილას", 2007 წელს, "უოტფორდმა" 10 მილიონ ფუნტად მიჰყიდა, ახლა, პარასკევს 25 წლისა ხდება. მან თავიდანვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა გასულ სეზონში სტაბილურობა დააკლდა,
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულზე "ლივერპულმა" ნახევარმცველი იოსი ბენაიუნი "ჩელსის" 6,5 მილიონ ფუნტად მიჰყიდა, მის ნაცვლად კი პენის გადაუხდელად აიყვანა თავისუფალი აგენტი, 29 წლის სერბი მილან იოვანოვიჩი, რომელიც ახლახან მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა. დიდი შანსია ჰოჯსონმა კიდევ იშოვნოს ფული - "ბარსელონას" არგენტინელი ხავიერ მასკერანო უნდა და არგენტინელში 25 მილიონ ფუნტს იხდის. არ არის გამორიცხული, "ლივერპულმა" მასკერანოს გაყიდვით შემოსული ფულით ბრაზილიელი ჟილბერტო სილვა შეიძინოს. ჰოჯსონმა თქვა:
"ჩვენ სულელები უნდა ვიყოთ, რომ ვერ ვხვდებოდეთ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი ფეხბურთელების აღზრდასა და წარმოჩენას. მითუფრო დღეს, როდესაც უეფასა და პრემიერლიგაში ახალი წესები მზადდება. ჩვენ ინგლისელი ფეხბურთელების მოზიდვას თუ არ მივხედეთ, გუნდის შექმნა და შეკვრა გაგვიჭირდება. ვფიქრობ, "ლივერპული" უკვე სწორ გზაზე დგას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჰორიზონტზე ჯონჯო შილვი და რაჰიმ სტერლინგი გამოჩნდნენ, თუმცა ეს ფეხბურთელები ჯერ მაინც ძალიან ახალგაზრდანი გახლავან და ამიტომ სატრანსფერო ბაზარზე გვიწევს გასვლა".
ჰოჯსონს ერთი სული აქვს, როდის გაარკვევს სტივენ ჯერარდისა და ფერნანდო ტორესის ამბავს. თუ "ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჟოზე მოურინიოს "რეალში" გადასვლას ამჯობინებს, მაშინ "ლივერპული" მადრიდელთათვის რაფაელ ვან დერ ვაარტის გამორთმევას შეეცდება.