პრემიერლიგა. ჩელსი-რედინგი. გამოხმაურება - მოგება სკანდალის ფონზე

AutoSharing Option
"ჩელსის" 31 აგვისტოს მონაკოს "ლუი II"-ზე ევროპის სუპერთასის მატჩი ელის მადრიდის "ატლეტიკოსთან".

სწორედ ამის გამო პრემიერლიგის მე-3 ტურის მატჩი ლონდონელებმა 22-ში ჩაატარეს (ნაცვლად 1 სექტემბრისა, როგორც დაგეგმილი იყო). "სტემფორდ ბრიჯს" სტუმრად ელიტის დებიუტანტი "რედინგი" ეწვია.

მასპინძელთა შორის პირველი სახიფათო მომენტი მე-2 წუთზე ედენ აზარმა შექმნა, მაგრამ ბელგიელი სიზუსტემ დააღალატა. 5 წუთში მისი პასით თავის გამოჩენა უკვე რამირესს შეეძლო, მაგრამ ადამ ფედერიჩიმ ივაჟკაცა. რომ არა "არისტოკრატთა" ("რედინგის" მეტსახელია) მცველების თავდადება, ანგარიშს ფერნანდო ტორესი გახსნიდა.

ესპანელის დარტყმა საბოლოოდ არაზუსტი გამოდგა. მე-18 წუთზე
პირველი გოლი გავიდა. თამაში თავის თავზე ისევ აზარმა აიღო, ვინც მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში. თავბრუდახვეულმა კრის განტერმა, მისდა უნებურად, თამაშის წესი დაარღვია.

მართალია, ლემპარდმა ცენტრში დაარტყა, მაგრამ სტუმართა ავსტრალიელმა გოლკიპერმა ძლიერ დარტყმას მაინც ვერაფერი მოუხერხა - 1:0.

"ჩელსი" თითქოს დაწყნარდა და შეცდომაც სწორედ აქ დაუშვა. 4 წუთის ინტერვალით პეტრ ჩეხმა ორი გოლი გაუშვა. 25-ე წუთზე გარეტ მაკლირის ჩაწოდება პაველ პოგრებნიაკმა აუღებელი თავური დარტყმით დაასრულა - 1:1.

29-ეზე კი დანი გატრიმ საჯარიმო უეშმაკოდ დასცხო, მაგრამ ჩეხი გოლკიპერის აშკარა შეცდომის წყალობით ბურთი ბადეში გაეხვია - 1:2. რაც მოედანზე ამის მერე ხდებოდა, ამას ახსნა არ აქვს.

ნამდვილად ვერ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ბრაიან მაკდერმოტმა თავის გუნდს დარჩენილი 59 წუთის განმავლობაში თავის დაცვა დაავალა, მაგრამ ფაქტია, რომ "რედინგს" "ჩელსის" კარისკენ დიდხანს თვალიც აღარ გაუპარებია. მასპინძლებს გათანაბრება მრავალჯერ შეეძლოთ, მაგალითად, ფერნანდო ტორესსა (ორჯერ) და აზარს.

აშკარა თამაშგარე
გათანაბრება მეორე ტაიმის დებიუტშივე შეიძლებოდა, მაგრამ ბრანისლავ ივანოვიჩმა ზედმეტად უზუსტოდ დაარტყა. რობერტო დი მატეომ შეტევის გამოსაფხიზლებლად ოსკარი შემოიყვანა.

შეცვლამ აშკარად გაამართლა, რადგან ბრაზილიელი ძალიან ბევრს მოძრაობდა და ფლანგებზე მწვავე პასებსაც აკეთებდა.

"ჩელსის" ბურთი სულ უფრო უკეთ ეჭირა. ცხადი იყო, რომ გოლი მხოლოდ დროის ამბავი იყო. 68-ე წუთზე მოედანზე დენიელ სტარიჯიც გამოჩნდა, ვინც ფლანგზე მოქმედებდა და რედინგელებს სერიოზულ პრობლემებსაც უქმნიდა.

მიუხედავად მომწიფებული საგოლე სიტუაციისა, გოლი მაინც მოულოდნელად გავიდა. აზარმა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და გარი კეჰილს დაუგორა.

მცველმა ბურთი კარგად გაისწორა და დაარტყა. ფედერიჩიმ ჩეხზე არანაკლებ ცუდად ითამაშა - 2:2. 81-ე წუთზე "ჩელსი" წინ კი გავიდა, მაგრამ არბიტრ ლი მეისონისა და მისი ასისტენტის წყალობით. მათ ტორესზე აშკარა თამაშგარე მდგომარეობა არ დააფიქსირეს. პასის მომენტში "ელ ნინიოს" მარცხენა ფეხიც წინ ედგა და მცველს მთელი კორპუსით უსწრებდა.

მეისონის მიერ დამატებული მე-5 წუთი სრულდებოდა, როცა ფედერიჩი მცველების დასახმარებლად კუთხურის გათამაშებისას წინ წავიდა. სტუმრებმა ბურთი დაკარგეს, რასაც "ჩელსის" ელვისებური კონტრშეტევა მოჰყვა.

გატანა აზარსაც შეეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში ივანოვიჩს დაუგორა. სერბმა ცარიელ კარში გაიტანა. სხვათა შორის, ეს 28 წლის მცველისთვის უკვე მეორე გოლია ჩემპიონატში.

მატჩის შემდგომ
რობერტო დი მატეო (ჩელსი): "თქვენი არ ვიცი, მაგრამ მომეჩვენა, რომ თამაში თვალსასეირო საყურებელი გამოდგა. ეს "ჩელსი" მართლა კარგი გუნდია.

ჩემგან კომპლიმენტებს იმსახურებს "რედინგიც". სტუმარმა გუნდმა ძალიან ბევრი იშრომა მთელი თამაშის განმავლობაში.

დებიუტი კარგი გამოგვივიდა, მაგრამ მერე მოულოდნელად ორი გოლი გავუშვით, რამაც ცოტა ხნით ჩააქრო ჩვენი საბრძოლო განწყობა, თუმცა ზეწოლა გავაგრძელეთ და ანგარიში გავათანაბრეთ. კეჰილის ბურთმა ბოლო წუთებზე შესაძლო ქაოსისგან გვიხსნა.

ტორესის გოლზე იმის თქმა შემიძლია, რომ მომენტი განმეორებით არ მინახავს. მომეჩვენა, რომ ლაინსმენი ზუსტად ხაზზე იდგა და წესით, ყველაფერი ზუსტად უნდა შეეფასებინა. მან კი გოლი ჩათვალა. ზოგადად, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩემი ფეხბურთელებისთვის იმის თხოვნა მომიწევს, რომ მეორედ დაცვაში ასე აღარ უნდა ითამაშონ"
.

ბრაიან მაკდერმოტი (რედინგი): "უბრალოდ, სირცხვილია. გული დამწყდა ჩემი ფეხბურთელების გამო. ემოციებისგან მთლიანად დავიცალე, რადგან ხაზის არბიტრი აშკარად შეცდა. უკვე ველაპარაკე ლი მეისონს.

ის შემპირდა, რომ მომენტს აუცილებლად ნახავდა გამეორებაზე. ტორესი მეტრიან თამაშგარეში იყო და დარწმუნებული ვარ, ის და მისი ასისტენტი თავიანთი გარჯით უკმაყოფილონი დარჩებიან".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული