ახალი მექსიკელი "ეშმაკებში"

AutoSharing Option
როგორც ამ დღეებში მექსიკური პრესა წერდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" უახლოეს დღეებში გეგმავს "პაჩუკას" 22 წლის საყრდენი ნახევარმცველის, ექტორ მიგელ ერერა ლოპესის ტრანსფერის დასრულებას. წყარო იუწყება, რომ "ეშმაკებს" გარიგება 13,5 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

თავის მხრივ, ინგლისური პრესა გვარწმუნებს, რომ ექტორ ერერას, საყრდენის გარდა, მარჯვენა ფლანგზე დაცვაშიც შეუძლია თამაში და ნახევარდაცვაშიც.

"პაჩუკას" ვარსკვლავს კომენტარი ბრიტანელმა ჟურნალისტებმა სთხოვეს და შემდეგი პასუხი მიიღეს: "სიმართლე ის არის, რომ მე აგენტი არ მყავს, პირადად კი არც მანჩესტერელებთან მილაპარაკია ჩემს ტრანსფერზე და არც ჩემი კლუბის ხელმძღვანელებთან.

ისე, ჩემდამი
ინტერესზე კი მრავლად მსმენია. თუკი რაიმე კონკრეტული წინადადება მექნება ევროპული კლუბიდან, რასაკვირველია, მასზე უარის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ამ წუთას არაფერიც არ ხდება.

რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემი თამაშით ამხელა ყურადღებას მივიპყრობდი, მით უფრო, პროფესიულ დონეზე დებიუტიდან ასე მოკლე დროში. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი თავდადებული შრომის შედეგია".

ევანსი მწყობრშია
"ტელეგრაფის" ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" 24 წლის ცენტრალური მცველი ჯონი ევანსი უკვე მწყობრშია და მზადაა, "ფულჰემთან" მე-2 ტურში გუნდს მოედანზე შეეშველოს. ის სრული დატვირთვით უკვე 11 დღეა ვარჯიშობს.

ალექს ფერგიუსონის გუნდში ყველაზე დაულაგებელი ამ წუთას სწორედ უკანა ხაზია, რადგან 4 ცენტრალური მცველიდან (ფერდინანდი, ვიდიჩი, სმოლინგი, ჯონსი) ზოგი ტრავმებს იშუშებს და ზოგი კი ფორმაში არ არის. შოტლანდიელმა სპეციალისტმა, სხვა გამოსავალი რომ არ ჰქონდა, ვიდიჩს მაიკლ კერიკი შეუწყვილა.

გაჭირვების ჟამს ჩრდილოირლანდიელის გამოჩენა გუნდისთვის დიდი შვებაა. ევანსმა 2011/12 წლების სეზონის მეორე ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ასე რომ, კერინგტონის ბაზაზე შეუძლიათ შედარებით მშვიდად შეხვდნენ მომდევნო ტურებს.

ექსმანჩესტერელი ბელგიაში მიდის
"დეილი მეილის" ცნობით, "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, 19 წლის ზეფ ფრაიერსი კარიერას ლიეჟის "სტანდარდში" განაგრძობს.

ამ ზაფხულს მისი შეძენა "ტოტენჰემსაც" ჰქონდა განზრახული. მართალია, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია, მაგრამ რაკი აკადემიის აღზრდილია, "იუნაიტედმა" საკომპენსაციოდ 6 მილიონი ფუნტი მოითხოვა.

"დეზებმა" ჩათვალეს, რომ თანხა ძალიან იყო გაბერილი და ექსჩემპიონებს უარი შეუთვალეს. არაინგლისური კლუბისგან "იუნაიტედი" ამ თანხას ვერ მოითხოვს. "სტანდარდსაც" კი სწორედ ამ გარემოებით სურს, რომ ისარგებლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული