კვირას პრემიერლიგაში: დიდია დროგბას შედეგი!

AutoSharing Option
პრემიერლიგა. VII ტური.

"ლივერპულის" საქმე წასული ჩანს. შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი კი გამოგვივიდა, მაგრამ ამხელა გუნდი შინ "ბლექპელთან" რომ წააგებს აშკარაა, ძალიან სერიოზულ ჩავარდნასთან გვაქვს საქმე. ყოველ შემთხვევაში, მერსისაიდელებს ფორტუნამ ზურგი რომ აქცია ამას ლაპარაკი აღარ სჭირდება. თუმცა, კაცმა რომ თქვას ფორტუნა რა შუაშია? ნათქვამია თევზი თავიდან ჰყარსო, "ლივერპულის" თავში კი ამერიკელი მეპატრონეები ტომ ჰიკსი და ჯორჯ ჯილეტი არიან. "ბლექპულთან" თამაშამდე "ენფილდ როუდის" ფანობამ ხსენებული ბიზნესმენების წინააღმდეგ მრავალათასიანი დემონსტრაცია მოაწყო, მაგრამ პროტესტით გამოწვეული ეიფორია მოედნიდან მწარედ შემოუტრიალდათ.

"ბლექპულმა", რომელმაც ამ
სეზონში "არსენალთან" და "ჩელსისთან" 6:0 და 4:0 წააგო, "ლივერპულთან" სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. სტუმრებმა განსაკუთრებით პირველ ტაიმში გამოიჩინეს თავი მწყობრი თამაშით, მერსისაიდელთათვის კი ფერნანდო ტორესის ტრავმა თავის გამართლებად არ გამოდგება. ტორესის ამბავი კი მართლაც უსიამოვნო რამ გახლდათ – ესპანელმა ფორვარდმა მე-10 წუთზე, სავარაუდოდ, საზარდული იტკინა. როგორც ჩანს როდესაც გუნდში ყველაფერი იშლება, ფეხბურთელებს აღარც ტრავმები ინდობენ.

"მანჩესტერ სიტიმ" კი პირიქით, ეტყობა ააწყო საქმე – "ნიუკასლს" 2:1 აჯობა. აკი ამბობდნენ ისტლენდელები ჩვენთვის ახლა, მთავარია, კარგი შედეგები ერთმანეთს მივაყოლოთო და ასრულებენ კიდეც პირობას.

მანჩესტერელთა მწვრთნელის რობერტო მანჩინის ასისტენტმა ბრაიან კიდმა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა:

"ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია - თუ პრემიერლიგაში გამარჯვება გინდა თამაში თამაშზე უნდა მოიგო. ვფიქრობ, დღეს ჩვენი შერულებით მაყურებელმა ცოტ-ცოტა ყველაფერი იხილა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღევანდელი გამარჯვება ჩვენი მწვრთნელის დამსახურებაა. მან სეხვედრის მსვლელობისას ტაქტიკა ორჯერ თუ სამჯერ შეცვალა და ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ყოველ ჯერზე ზუსტად შეუსრულეს დავალება"

და ბოლოს, ტურის ცენტრალური შეხვედრა: დიდი ლონდონური დერბი – "ჩელსი" "არსენალის" წინააღმდეგ, რომლის შემდეგაც "ლურჯები" პრემიერლიგის ცხრილში ოთხი ქულით დაწინაურდნენ. "მეთოფეთა" კარში გოლები დიდიე დროგბამ და ალექსმა გაიტანეს. გახსოვთ, რომ გეუბნებოდით, კოტ დ"ივუარის ნაკრების ფორვარდს "არსენალთან" საოცარი შედეგი აქვსო? ეს რომ ჭეშმარიტებაა კიდევ ერთხელ დამტკიცდა – დროგბას არსენ ვენგერის გუნდისთვის 11 თამაშში უკვე 13 გოლი აქვს გატანილი. რით არის ასეთი შედეგი განპირობებული, დაზუსტებით, ალბათ, არავინ იცის. თან, დროგბამ გოლიც ერთობ საინტერესო გაიტანა: ეშლი კოულის დაბალ პასს ქუსლი მიჰკრა და ახლო კუთხეში შეაგდო. თამაშის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე კი მცველმა ალექსმა ღონიერი დარტყმით დაუსვა ბეჭედი დასავლეთ ლონდონელთა მიერ ჩრდილო ლონტონელთა ძლევას.

მანჩესტერ სიტი-ნიუკასლი 2:1
გოლები: 1:0 ტევესი (18-პენ), 1:1 ხონასი (24), 2:1 ა. ჯონსონი (75)

ლივერპული-ბლექპული 1:2
გოლები: 0:1 ჩ. ადამი (29-პენ), 0:2 ვერნი (45), 1:2 კირიაკოსი (53)

ჩელსი-არსენალი 2:0
გოლები: 1:0 დროგბა (39), 2:0 ალექსი (85)

1. ჩელსი 7 6 0 1 23-2 18
2. სიტი 7 4 2 1 9-3 14
3. მანჩესტერი 7 3 4 0 16-9 13
4. არსენალი 7 3 2 2 16-9 11
5. ტოტენჰემი 7 3 2 2 8-6 11
6. ვესტ ბრომვიჩი 7 3 2 2 9-12 11
7. სტოკი 7 3 1 3 8-9 10
8. ასტონ ვილა 7 3 1 3 9-12 10
9. ბლექპული 7 3 1 3 11-15 10
10. ფულჰემი 7 1 6 0 8-7 9
11. სანდერლენდი 7 1 5 1 7-7 8
12. ბოლტონი 7 1 5 1 10-11 8
13. ბლექბერნი 7 2 2 3 7-8 8
14. უიგანი 7 2 2 3 4-13 8
15. ნიუკასლი 7 2 1 4 10-10 7
16. ბირმინგემი 7 1 4 2 7-10 7
17. ევერტონი 7 1 3 3 6-7 6
18. ლივერპული 7 1 3 3 7-11 6
19. ვულვზი 7 1 2 4 7-12 5
20. ვესტ ჰემი 7 1 2 4 5-14 5

ბომბარდირები: 6 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), მალუდა (ჩელსი), დროგბა (ჩელსი); 5 - ბენტი (სანდერლენდი), ტევესი (მანჩესტერ სიტი); 4 - ქეროლი (ნიუკასლი), კალუ (ჩელსი), ელმანდერი (ბოლტონი), უოლკოტი (არსენალი); 3 – კეჰილი (ევერტონი), დაუნინგი (ასტონ ვილა), გარდნერი (ბირმინგემი), ჯერარდი (ლივერპული), ჯონსი (სტოკი), ნოლანი (ნიუკასლი)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული