პრემიერლიგა. III ტურის წინ: ბრძოლა პირველი მოგებისთვის

AutoSharing Option
ტურისწინა მიმოხილვა იმით უნდა დავიწყოთ, რომ უქმეებზე ინგლისში მხოლოდ 9 მატჩი ჩატარდება.

"ატლეტიკოსთან" ევროპის სუპერთასის მატჩის გამო პრემიერლიგამ "ჩელსი"-"რედინგი" 22 აგვისტოს დანიშნა. გეხსომებათ, რომ რობერტო დი მატეოს გუნდმა ეს შეხვედრა 4:2 მოიგო.

დიდი გუნდები ენფილდზე
ახლა კი ტურის ცენტრალურ მატჩზე გადავიდეთ, რომელშიც ერთმანეთს "ლივერპული" და "არსენალი" ხვდებიან. მერსისაიდელები ზედიზედ მეორე შეხვედრას მართავენ საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ფავორიტებთან.

წინა დაპირისპირებაში ჩემპიონ "მანჩესტერ სიტისთან" "წითლებმა" 2:2 ითამაშეს. აღსანიშნავი იყო მასპინძელთა თამაშის ხარისხი. მათ მეტოქეზე ბევრად უკეთ ითამაშეს.

კვირის მიწურულს ბრენდან როჯერსი საკადრო პრობლემებზე
ალაპარაკდა. ჩემს გუნდში ჯერაც არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც აქ თამაშს ღირსების საქმედ კი არ მიიჩნევენ, მხოლოდ ხელფასი აინტერესებთო.

მოკლედ, ჩრდილოირლანდიელი ძალიან უკმაყოფილოა და "რეპრესიებს" სამომავლოდაც გვპირდება. მოგეხსენებათ, "ენფილდიდან" უკვე საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი წავიდა. როგორც ჩანს, ეს პროცესი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ახლა უშუალოდ "მეთოფეებთან" დაპირისპირებას რაც შეეხება: ბუკმეკერები თამაშის მოგების მეტ შანსს, რასაკვირველია, "არსენალს" უწინასწარმეტყველებენ. ამ მოსაზრებას ჩვენც ვეთანხმებით. საამისოდ უამრავი მიზეზი არსებობს.

სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ლონდონელები საშინელ ფორმაში არიან. პრემიერლიგამ უკვე ორი ტური მოილია და მათ ჯერ გოლიც კი არ აქვთ გატანილი, მაგრამ "მეთოფეებმა" ოდესღაც ხომ უნდა გაისროლონ?

ჰოდა, ამიტომაც გვგონია, რომ 2 სექტემბერს გასამართი დაპირისპირება კარგი სანახავი უნდა გამოდგეს. სტუმრებს ტრიბუნებიდან სერიოზული ზეწოლის გაძლება მოუწევთ. არსენ ვენგერს კარგად ესმის შექმნილ ვითარება.

აი, რა თქვა ფრანგმა სპეციალისტმა 31 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე:
"სექტემბერი გადამწყვეტი თვე იქნება, რადგან პრაქტიკულად მხოლოდ ტოპკლუბებთან გვიწევს თამაშები. ცხადია, სწორედ ეს თამაშები განსაზღვრავს დიდწილად ჩვენს ადგილს ჩემპიონატის საბოლოო ცხრილში.

პრემიერლიგის გარდა, წინ კიდევ ჩემპიონთა ლიგის თამაშებიც გვაქვს. მეორე მხრივ, ევროთასების შეხვედრები ჩვენს უმთავრეს კონკურენტებსაც ელით. "არსენალის" მდგომარეობას ეს ასე თუ ისე ამსუბუქებს.

ჩვენს ახალწვეულებზე ძალიან ბევრი რამ იწერება. გარკვეული პერიოდი მათზე ზეწოლა მიზანშეწონილი არ მგონია, რადგან ფეხბურთელის ადაპტაციის პრობლემა ჩემს გუნდში პირველი არ არის. როცა ტიერი ანრი ვიყიდეთ, ნოემბრამდე საერთოდ ვერ თამაშობდა, რობერ პირესი კი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა.

ახალ ფეხბურთელებს დრო სჭირდებათ ჩვენთან შესაგუებლად, ჩვენ კი ახალი გუნდის აშენება გვმართებს. როცა გუნდური თამაში მოიკოჭლებს, ცხადია, გოლების გატანაც პრობლემა ხდება.

ყველა მიჩვეულია, რომ, როგორც წესი, ბევრი გოლი გაგვაქვს. არა უშავს, მთავარია, ვიცით, რომ შეგვიძლია ამ საქმის კეთება. კარგია, რომ ჩემი გუნდი არც უშვებს. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ "არსენალი" მასზე დაკისრებულ ამოცანებს სანახევროდ მაინც ასრულებს.

პირველ ორ ტურში ჩვენ ისეთ მეტოქეებს დავუპირისპირდით, რომლებიც თავს კარგად იცავნენ. ისინი მომენტების შექმნის უფლებასაც არ გვაძლევდნენ. "ლივერპული" ცოტა სხვა სტილის გუნდია - ის ძლიერ უკანა ხაზთან ერთად უზარმაზარ შემტევ პოტენციალს ფლობს. სწორედ ამიტომ ვვარაუდობ, რომ დიდებული თამაში გველის"
.

კეროლი, უკვე ჩაქუჩი
მე-3 ტურს "ვესტ ჰემი" და "ფულჰემი" გახსნიან. მართალია, ორივე გუნდს 3-3 ქულა აქვს, მაგრამ ბრიტანული პრესა უკანასკნელზე ბევრად უფრო აღმატებულ ტონში წერს.

მიზეზი ცხადია. მარტინ იოლის გუნდმა ჩემპიონატი "ნორვიჩის" განადგურებით დაიწყო, შემდეგ კი "ოლდ ტრეფორდზე" ბოლომდე ეომა "იუნაიტედს" (2:3).

ცხადია, რომ სწორედ "ფულჰემს" მივიჩნევთ ამ შეხვედრის ფავორიტად. შესაძლოა, სემ ელერდაისის გუნდი დედაქალაქურ დერბის ამაღლებულ განწყობაზე შეხვდეს, რადგან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ როგორც იქნა გადაწყდა, რომ "ჩაქუჩებში" გაატარებს უახლოეს სეზონს ენდი კეროლი.

აყლაყუდა ფორვარდი "დიდმა სემმა" შესაძლოა სულაც ძირითადში დააყენოს.

უქულო გუნდებზე უკვე მოგახსენეთ. ერთ-ერთი, ვის მოგებასაც მთელი ალბიონი სულმოუთქმელად ელის, ეს "ტოტენჰემია". "დეზებმა" ხომ საწყის ორ ტურში მხოლოდ ქულა აიღეს.

"ნორვიჩი" ის გუნდია, რომელიც ანდრე ვილაშ ბოაშის შეგირდებმა შინ ულაპარაკოდ უნდა დაამარცხონ. ჩრდილოლონდონელებმა როგორც იქნა, წერტილი დაუსვეს ლუკა მოდრიჩის საკითხს. "უაით ჰართ ლეინზე" მის შემცვლელად მუსა დემბელე მივიდა.

წინდაწინ ძნელია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ამბობენ, რომ პორტუგალიელი მწვრთნელის ამბიციები ამით არ შემოიფარგლება და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (ანუ წუხელ ღამემდე) ის კიდევ გეგმავდა რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას.

მიკაელ დაუდრუპის "სუონსი" პრემიერლიგაზე მწერალი ჟურნალისტების უმთავრესი განსახილველი საკითხია. "გედებმა" არც მთავარი მწვრთნელის დანაკლისი შეიმჩნიეს და არც წამყვანი ფეხბურთელების. უელსელები ახალი ფეხბურთელებით ისეთივე ლაზათიან ფეხბურთს თამაშობენ, როგორც შარშან.

"სანდერლენდმა" "მანჩესტერ სიტისგან" ადამ ჯონსონი ერთწლიანი იჯარით გადაიბირა და ცხადია, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს ძირითადში უნდა ველოდეთ. 25 წლის შემტევი ნახევარმცველი მარტინ ო’ნილის გუნდს ნამდვილად გააძლირებს. შესაბამისად, "შავ კატებს" მხოლოდ დაცვაზე ფიქრი არ დასჭირდებათ, როგორც ეს პირველ ტურში იყო "არსენალთან" შეხვედრაში.

"ევერტონმა" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩემპიონატი დამაჯერებლად დაიწყო. შეხედეთ ცხრილს და ამაში თავად დარწმუნებით. "ლურჯების" მიღწევა მით უფრო ფასეულია, რომ მათ მიერ ერთ-ერთი ძლეული "მანჩესტერ იუნაიტედია".

ფანტასტიკურ ფორმაშია ლივერპულელთა ლიდერი მარუან ფელაინი. ბელგიელი ნახევარმცველი გულშემატკივრებმა ორჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. განსაკუთრებით ეფექტური იყო ის წინა ტურში ბირმინგემის "ვილა პარკზე".

მშვენივად გამოიყურებიან სტივ კლარკის შეგირდებიც. "ჩელსისა" და "ლივერპულის" ყოფილმა მწვრთნელმა "ვესტ ბრომვიჩი" მებრძოლ გუნდად აქცია.

ვფიქრობთ, "ვესტ ბრომვიჩი" წელს ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. ასე რომ, "ჰოუტორნსზე" ალბათ ფიცხელ ბრძოლას ვიხილავთ. აღნიშნულ წყვილში ფავორიტის გამოყოფა ძალიან გვიჭირს.

ჩემპიონები და სხვები
"ეტიჰადზე" "ქუინზ პარკი" ჩადის. ლონდონურმა კლუბმა წინა სეზონის ბოლო ტურში "ქალაქელებს" კინაღამ ცხვირპირი წაამტვრევინა. რომ არა ხულიგანი ჯოი ბარტონის წითელი ბარათი, არ იყო გამორიცხული, რობერტო მანჩინის შეგირდები ოქროს მედლებს ვერც შესწვდენოდნენ.

გეხსომებათ, რომ მაშინ მასპინძლებმა მეტოქეს სამი ქულა ბოლო წამებზე გამოგლიჯეს ხელიდან.

"საუთჰემპტონს" ჩემპიონატის სადებიუტო ტურებში სერიოზულად არ გაუმართლა. "წმინდანებმა" სტარტი "მანჩესტერ სიტისთან" აიღეს და დამარცხდნენ, მაგრამ წყალწაღებული აუტსაიდერის შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ. მე-2 ტურში ცოტა მოულოდნელი იყო მათი კიდევ ერთი წაგება შინ "უიგანთან".

ვნახოთ, შეძლებს თუ არა 2 სექტემბერს ნაიჯელ ედკინსის გუნდი ქულის აღებას მაინც. მას ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება, რადგან "სენტ მერის" "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრობს.

"წითელ ეშმაკებს" საკადრო პრობლემები შარშანაც სერიოზულად აწუხებდათ. მავანი კუნძულელი სტატისტიკოსების დათვლით, ტრავმებმა სწორედ მანკუნიანელები დატანჯა სხვებზე მეტად. "ტრადიცია" წელსაც არ ირღვევა.

ქვემოთ შეგიძლიათ სრულად იხილოთ იმ ფეხბურთელთა სია, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონი ვერ დაიხმარს. თუკი დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ იქ სამი ცენტრალური მცველის სახელი და გვარი წერია. შოტლანდიელს განკარგულებაში კიდევ ორი სტოპერი ჰყავს - ნემანია ვიდიჩი და ჯონი ევანსი, მაგრამ საქმე ის არის, რომ ფორმაში არც ერთია, არც - მეორე. მინდორს ორივე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დაუბრუნდა. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ძირითადში ვიდიჩს ისევ მაიკლ კერიკი შეუწყვილდება.

დაცვაში არსებული პრობლემები იქით იყოს და "იუნაიტედს" ყველაზე მეტად მაინც უეინ რუნის ტრავმა აფიქრებს. მართალია, რობინ ვან პერსიმ წინა ტურში კარგად ითამაშა, მაგრამ მისთვის ლიდერობის ტვირთი ახალ გუნდში ჯერ მაინც ძალიან ნაადრევია.

2 სექტემბერს კიდევ ერთი თამაშია: "ნიუკასლი"-"ასტონ ვილა". "ნიუკასლს" სერიოზული ბრძოლა მოუწევს, რადგან ბირმინგემელი მეტოქე "საუთჰემპტონის" მსგავსად ის გამონაკლისი გუნდია, ვისაც ჯერ ქულაც არ აუღია. ცხადია, პოლ ლამბერტის შეგირდები წარუმატებელი სერიის დასასრულებლად ყველაფერს გაიღებენ.

ინგლისი. პრემიერლიგა. III ტური
1 სექტემბერი
ვესტ ჰემი-ფულჰემი 15:45
ტრავმა: ფრეი, რიისე, სენდეროსი, რუისი (ფულ)

სუონსი-სანდერლენდი 18:00
ტრავმა: ბერდსლი, ბრაუნი, ვონი (სან)

ტოტენჰემი-ნორვიჩი 18:00
ტრავმა: დოს სანტოსი, გომესი, კაბული, პარკერი - ბენეტი, ვორდი, უიტეკერი

ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი 18:00
ტრავმა: ტომასი, ოდემვინგე - ჰიბერტი

უიგანი-სტოკ სიტი 18:00
ტრავმა: უაიტჰედი (უიგ)

მანჩესტერ სიტი-ქუინზ პარკი 20:30
ტრავმა: აგუერო, ბერი, რიჩარდსი - ზამორა

2 სექტემბერი
ლივერპული-არსენალი 16:30
ტრავმა: კოული, ლუკასი - ფაბიანსკი, ფრიმპონგი, კოშელნი, როსიცკი, სანია, შჩესნი, უილშირი
დისკვალიფიკაცია: აგერი (ლივ)

ნიუკასლი-ასტონ ვილა 19:00
ტრავმა: ს. ამეობი, შ. ამეობი, ტიოტე, რ. ტეილორი - ოლბრაიტონი, აგბონლაჰორი, კარატერსი, დანი, გარდნერი, პეტროვი
დისკვალიფიკაცია: კლარკი (ასტ)

საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნაიტედი 19:00
ტრავმა: კორკი - ფერდინანდი, ფლეტჩერი, ჯოუნსი, რუნი, სმოლინგი

სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 3 3 0 0 8-2 9
2. სუონსი 2 2 0 0 8-0 6
3. ევერტონი 2 2 0 0 4-1 6
4. ვესტ ბრომვიჩი 2 1 1 0 4-1 4
5. სიტი 2 1 1 0 5-4 4
6. ფულჰემი 2 1 0 1 7-3 3
7. იუნაიტედი 2 1 0 1 3-3 3
8. უიგანი 2 1 0 1 2-2 3
9. ნიუკასლი 2 1 0 1 2-3 3
10. ვესტ ჰემი 2 1 0 1 1-3 3
11. სტოკ სიტი 2 0 2 0 1-1 2
12. არსენალი 2 0 2 0 0-0 2
13. სანდერლენდი 1 0 1 0 0-0 1
14. ტოტენჰემი 2 0 1 1 2-3 1
15. რედინგი 2 0 1 1 3-5 1
16. ლივერპული 2 0 1 1 2-5 1
17. ნორვიჩი 2 0 1 1 1-6 1
18. ქუინზ პარკი 2 0 1 1 1-6 1
19. საუთჰემპტონი 2 0 0 2 2-5 0
20. ასტონ ვილა 2 0 0 2 1-4 0

ბომბარდირები:
3 - მიგელ მიჩუ (სუონსი), 2-2 - მლადენ პეტრიჩი, დემიენ დაფი (ორივე ფულჰემი), ნათან დაიერი (სუონსი), მარუან ფელაინი (ევერტონი), ბრანისლავ ივანოვიჩი, ფერნანდო ტორესი, ფრენკ ლემპარდი (ყველა ჩელსი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული