მოლდოვასთან შეხვედრაში ჰოჯსონმა 23 წლის ფეხბურთელი გამთამაშებლის პოზიციაზე დააყენა და უზომოდ კმაყოფილი დარჩა მისი ასპარეზობით.
"კლევერლი შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ არა კლასიკური გაგებით, არამედ სესკ ფაბრეგასის მსგავსი. მას შეუძლია, რომ უკანაც დაიხიოს, ბურთი მოიპოვოს და შეტევა წამოიწყოს.
დეფოსთან ახლოს თამაშით, მან ლამპარდს და ჯერარდს მოედნის ცენტრში მშვიდად მოქმედების საშუალება მისცა, ამ პოზიციაზე
იმის გამო, რომ ტრავმირებულია უეინ რუნი, კლევერლი უკრაინასთანაც ძირითადში იქნება და ერთადერთ ცენტრფორვარდს, რომელიც ან ჯერმეინ დეფო იქნება, ან დენი უელბეკი, მიეხმარება.
კლევერლის თამაშით კმაყოფილი იყო სტივენ ჯერარდიც: "ტომი შესანიშნავი ფეხბურთელია და მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ის ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. ასეთი თამაშები მას ფასდაუდებელ გამოცდილებას სძენს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგება".
კარგ განწყობაზე იყო ფრენკ ლამპარდიც, რომელმაც კიშინიოვში დუბლი შეასრულა: "მსგავს ქვეყნებში თამაში ყოველთვის რთულია და სწრაფი გოლი ძალიან გეხმარება დამშვიდებაში. პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ და მატჩის ბედიც გადავწყვიტეთ. გოლების გატანა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო, მაგრამ გოლებზე მეტად ის გამიხარდა, რომ საკმაოდ კარგად ვითამაშე 90 წუთის განმავლობაში".
"ჩელსის" 34 წლის ნახევარმცველმა კომენტარი ჯერარდთან ერთად თამაშზეც გააკეთა: "მასთან ერთად ასპარეზობა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, რადგან სტივენი მსოფლიო დონის ფეხბურთელია".
ტერი და კოული უკრაინასთან ვერ ითამაშებენ
ინგლისის ნაკრებს უკრაინასთან შეხვედრაში ჯონ ტერი ვერ დაეხმარება. "ჩელსის" კაპიტანმა მოლდოვასთან მატჩის ბოლოსკენ კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც ინგლისს 10 კაცით მოუწია თამაშის დასრულება.
ეროვნული გუნდის სამედიცინო შტაბი იმედოვნებდა, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნებოდა და ტერი "უემბლიზე" ითამაშებდა, მაგრამ შაბათს ჩატარებულმა შემოწმებამ ცხადყო, რომ დაზიანება სერიოზულია და ბრიტანელებს კიდევ ერთი მცველი გამოაკლდათ.
31 წლის ტერის ძირითადში, დიდი ალბათობით, მისი თანაკლუბელი, გარი კეჰილი შეცვლის, რომლისთვისაც ეს, მაისის შემდეგ, ნაკრებში პირველი თამაში იქნება. შეგახსენებთ, რომ მაშინ ბელგიასთან ამხანაგურ მატჩში კეჰილმა ყბა მოიტეხა და ამის გამო ევრო 2012-ზე ვერ გაემგზავრა.
ბრიტანელებს უკრაინასთან ასევე არ ეყოლებათ ეშლი კოული, რომელსაც მოლდოვასთანაც არ უთამაშია. მარცხენა მცველი ასევე შაბათს შეამოწმეს და გადაწყდა, რომ კოული მზად არ არის დიდი დატვირთვებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მასაც კოჭის ტრავმა აწუხებს. "ჩელსის" მცველს ძირითადში ამჯერადაც ლეიტონ ბეინსი შეცვლის, რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა მოლდოვასთან მატჩში და გოლიც კი გაიტანა.
სამაგიეროდ, კარგად გრძნობს თავს სტივენ ჯერარდი, რომელიც ჰოჯსონმა მოლდოვასთან შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.
პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ეს ცვლილება "სტივი ჯის" ტრავმით იყო გამოწვეული, მაგრამ "ლივერპულის" კაპიტანმა ეს ჭორები უარყო და განაცხადა, რომ ის ჯანმრთელია და მზად არის უკრაინასთან სათამაშოდ: "ჩემი შეცვლის მიზეზი იყო ის, რომ თამაში უკვე მოგებული გვქონდა. როდესაც ასეთ გუნდებთან თამაშობ, მნიშვნელოვანია, რომ პირველივე ტაიმში გადაწყვიტო მატჩის ბედი. მე არაფერი მჭირს, ჯანმრთელი ვარ და ვემზადები უკრაინასთან მატჩისთვის".
ტატო ბაციკაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"