ლივერპული გავარდება? რატომაც არა!

AutoSharing Option
ფერნანდო ტორესს გაძლიერებულად მკურნალობენ - ესპანელმა რამენაირად უნდა მიიღოს მონაწლეობა მერსისაიდულ დერბიში, რომელიც პრემიერლიგის შემდეგ ტურში, 17 ოქტომბერს "გუდისონ პარკზე" გაიმართება. მიმომხილველები ირონიულად აღნიშნავენ, რომ "ლივერპულისა" და "ევერტონის" უახლეს ისტორიაში ეს დერბი სატურნირო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია - "ლივერპული" მე-18 ადგილზეა, ხოლო "ევერტონი" მე-17-ზე ანუ საქმე გასავარდნთა ზონიდან თავის დაღწევას ეხება.

შეგახსენებთ, რომ ტორესი ბოლო ტურის შეხვედრაში, რომელიც "ლივერპულმა" სრულიად სამარცხვინოდ "ბლექპულთან" 2:1 წააგო, მოედნიდან მე-10 წუთზე გაიყვანეს. ექიმებს ეჭვი იმთავითვე საზარდულზე გაუჩნდათ, თუმცა, შემდეგ გაარკვიეს, რომ გაწყვეტილი არაფერია, გაჭიმული კი
არის. კლუბისა და ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელთა შეთანხმებით "ელ ნინიო" სანაკრებო კვირაში დაისვენებს - მსოფლიოს ჩემპიონები მას ლიტვასა და შოტლანდიასთან არ ათამაშებენ, ასე რომ, მისი ზემოხსენებულ დერბიში თამაში გამორიცხული არ არის. გაზეთები წერენ, რომ ეს ზუსტად ისეთი ტრავმაა, როგორიც ტორესმა გასულ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მიიღო.

"სანის" მესვეტე და ინგლისური ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი იან რაიტი კი მერსისაიდელ ქომაგებს ვერაფრით ანუგეშებს. თქვენ ფიქრობთ, რომ ამაზე უარესი ვეღარაფერი მოხდება, არა? - კითხულობს ის და საკუთარ კითხვას ასე პასუხობს: სამწუხაროდ, ცდებით. ამაზე გაცილებით უარესი შეიძლება მოხდეს.

"ვინ წარმოიდგენდა, რომ როი ჰოჯსონი და მისი გუნდი ოდესმე გასავარდნთა ზონაში ამოჰყოფდნენ თავს? "ლივერპული" მეთვრამეტე ადგილისთვის ძალიან ძლიერი გუნდია? სამწუხაროდ, დღევანდელ ფეხბურთში ასეთი ცნება აღარ არსებობს. ვწუხვარ, რომ მას მერე, რაც 17 თვის წინ მეორე ადგილზე გავიდა, მერსისაიდელთა გუნდი თავისუფალ ვარდნაშია. ხოლო იმის დასანახად თუ რა მოსდის ფინანსურ პრობლემებში ჩაფლულ კლუბს ფსიქოლოგიურად გატყდომის მერე, იქაურებმა ქალაქ ლიდსის მიმართულებით M62 ტრასას უნდა გაჰხედონ და ყველაფერს კარგად დაინახავენ.

ახლა დაუშვით, რომ შესაძლოა ფერნანდო ტორესი და სტივენ ჯერარდი სერიოზულად დაშავდნენ... ასეთ შემთხვევაში "ლივერპული" ნამდვილად მეცოდება. სხვა ფეხბურთელები ხომ რა ხანია თავიანთ შესაძლებლობებზე გაცილებით ცუდად თამაშობენ. ისე, კარგი იქნება თუ ისინი საკუთარ თავს სარკეში დააკვირდებიან. მართალია, ათასში ერთხელ რომელიმე მათგანი ძველებურად გაიბრწყინებს, მაგრამ ეს ეპიზოდურად ხდება".

შემდეგ, რაიტი ჯო კოულზე ამახვილზე ყურადღებას. ყოფილი ფორვარდი წერს, რომ ზაფხულზე მას სხვათა მსგავსად ეგონა, რომ კოული "ტოტენჰემ ჰოთსპურში" გადავიდოდა, რათა თავის ოდინდელ მენტორს ჰარი რედნაპს შეერთებოდა, მაგრამ...

"დღეს რედნაპი, ალბათ, ბედს ემადლიერება, რომ ჯო "ლივერპულში" წავიდა. აბა, წარმოიდგინეთ, "ტოტენჰემს" ფული ბოსის ყოფილ ფავორიტში რომ დაეხარჯა, რაფაელ ვან დერ ვაარტს ვეღარ იყიდდა. არადა, ვან დერ ვაარტი "სფურზის" ლიდერად და ვარსკვლავად ყალიბდება, მაშინ, როდესაც ჯო მერსისაიდში საშინლად უფერულია და ფეხს ვერ იკიდებს.
ჯო ლონდონელია და რომ შევიტყვე ჩრდილოეთით გადავიდაო, ძალიან გამიკვირდა. ეს, მისი მხრიდან, რასაკვირველია, გაბედული საქციელი იყო".
ბოლოს, რაიტი ლივერპულელთა შერყეულ თვითრწმენაზე წერს და ამბობს, რომ პრემიერლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა დაუნდობელია და მისთვის ძველი დიდება არაფერს ნიშნავს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული