თუ ვინმე დაიბნა დავაზუსტებთ: "ლივერპულის" პრეზიდენტი კლუბის მეპატრონე არ გახლავთ, დაქირავებული კაცია, მაგრამ, როგორც ჩანს, კანონმდებლობით დირექტორთა მოხსნასა და დანიშვნას ხელი მან უნდა მოაწეროს. ახლა, საქმეს ადვოკატები არჩევენ. როგორც ირკვევა, ჰიკსსა და ჯილეტს გული აზიელი მყიდველისკენ მიუწევთ, ინგლისურ ფრთას კი ჰენრისა და მისი კომპანიისკენ.
აღსანიშნავია, რომ ბრაფტონი და პარსლოუ ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ "ლივერპულში" პრეზიდენტი ბატონი არ არის და ნიადაგ ცდილობდნენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხუთ დირექტორს შორის ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილიყო. ეს ხალხი ამისათვის განსაკუთრებით მძაფრად მას მერე იბრძოდა, რაც შეატყო, რომ ჰიკსმა და ჯილეტმა კლუბი ვალებში ჩაძირეს და შოტლანდიის სამეფო ბანკიდან გამოტანილ ვეებერთელა კრედიტს ვეღარაფერს უხერხებენ.
საინტერესოა, რომ კლუბმა მიმდინარე ამბების შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც სრულიად დაუფარავად წერია:
"კლუბის დირექტორატმა "ლივერპულის" ყვიდვასთან დაკავშირებით მიიღო ორი დიდებული წინადადება, რომელთაგან ორივე იძლევა დიდძალი ვალის დაფარვის საშუალებას. წინადადებების განსახილველად დაინიშნა დირექტორატის თათბირი, რომლის წინ მეპატრონეებმა გადაწყვიტეს მმართველი დირექტორი კრისტიან პარსლოუ და კომერციული დირექტორი იან ეირი მეკ ჰიკსითა და ლორი მაკკეჩიონით შეეცვალათ, მაგრამ თავმჯდომარის მარტინ ბრაფტონის ჩარევით ეს ვერ განხორციელდა. საქმეს ვექილები არჩევენ, ბრაფტონი, პარსლოუ და ეირი კი მანამდე მუშაობას განაგრძობენ და ცდილობენ ორი წინადადებიდან კლუბი პირველს დათანხმდნეს".
შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ "ლივერპული" პრემიერლიგის ცხრილში სამარცხვინო მე-18 ადგილზეა, "ქარლინგის თასიდან" მეორე ლიგის "ნორთჰემპტონმა" გამოთიშა, ბანკებისა კი 257 მილიონი ფუნტი მართებს, რასაც დოლარებში თუ გადავიყვანთ საშინელი თანხა 408, 614 მილიონი გამოვა. მერსისაიდში ფანები დემონსტრაციებს აწყობენ, ჰიკსისა და ჯილეტის გადადგომას ითხოვენ, ხოლო ეგრეთწოდებული "სელებრითები" ანუ ცნობილი მსახიობები და მომღერლები ინტერნეტით იმავე შინაარსის ვიდეომიმართვებს ავრცელებენ. ბოლო შეხვედრის შემდეგ - რომელშიც "ლივერპული" "ბლექპულთან" შინ 2:1 დამარცხდა – "ენფილდ რუდზე" ხალხმა ტრიბუნებიდან ახალი მწვრთნელის როი ჰოჯსონის კენი დალგლიშით შეცვლა მოითხოვეს.
და აი, ასეთ დროს გამოჩნდა "რედ სოკსის" მეპატრონე, რომელიც 300 მილიონ ფუნტს იხდის, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, მას კონკურენტი ჰყავს. ცნობისათვის: ეს აზიელი კონკურენტი არ გახლავთ ჩინელი ბიზნესმენი კენი ჰუანგი რომლის შესახებაც ადრეც ვწერდით და შესაძლოა გახსოვდეთ. ასე რომ ლივერპულში ოქტომბრის ცხელი დღეებია მოსალოდნელი.