ვინ გახდება ინგლისის ნაკრების მწვრთნელი?

AutoSharing Option
ინგლისში ტაბლოიდემა შეიტყვეს, რომ ფეხბურთის ასოციაცია ნაკრების მწვრთნელობიდან ფაბიო კაპელოს წასვლის შემდეგ ვაკანსიის დასაკავებლად ერთ-ერთ კანდიდატად სტივ მაკლარენს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელთა იტალიელი თავკაცი სამსახურიდან 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიდის, ხოლო მაკლარენი ის კაცია, რომლის დროსაც გუნდმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერ გააღწია - მისთვის შესარჩევი შეჯიბრება გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა. თუმცა, ფეხბურთის ასოციაციაში ფეხბურთის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ტრევორ ბრუკინგი ამბობს:

"ეჭვი არ მეპარება, რომ თუ სტივი კვლავაც წარმატებული მწვრთნელი იქნება, მის კანდიდატურას ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე აუცილებლად განვიხილავთ. მოდი,
კარგად დავუკვირდეთ: 2012 წლისთვის ჩვენ გაცილებით გამოცდილები ვიქნებით, ხოლო სტივს ორი წლის წინანდელი მწარე გაკვეთილიდან დასკვნები უკვე სრულად ექნება გამოტანილი. მაშ, რა უდგას წინ მის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას? ანდა, რა უფლება გვაქვს ვინმეს კანდიდატურა არ განვიხილოთ? რატომ უნდა გამოვტოვოთ ესა თუ ის მწვრთნელი? ასე ხომ სრული უსამართლობა გამოგვივა?"

ახლა, მოდი, დავაზუსტოთ რომელ წარმატებებზე ლაპარაკობს ტრევორ ბრუკინგი: მაკლარენი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან 2007 წლის შემოდგომაზე გაუშვეს, მაგრამ ამ განთავისუფლების მერე მისი კარიერა დაღმა სულაც არ წასულა. სპეციალისტი, რომელიც დღეს 49 წლისაა, ჰოლანდიაში წავიდა, სადაც "ტვენტეს" ქვეყნის ჩემპიიონის ტიტული მოაგებინა, ხუთი თვის წინ კი ბუნდესლიგაში გადაბარგდა და "ვოლფსბურგს" ჩაუდგა სათავეში.

ინგლისის ნაკრების მომდევნო მწვრთნელის თანამდებობაზე კიდევ განიხილავენ როი ჰოჯსონის, ჰარი რედნაპის და სემ ელერდაისის კანდიდატურებს. დღეს რომელ მათგანს ენიჭება უპირატესობა? ტაბლოიდებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მაკლარენს. მიზეზი: ის ევროპაში აღწევს წარმატებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კვალიფიკაცია დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე 2006-ში, როდესაც ის სვენ-გორან ერიქსონის მაგივრად დანიშნეს.

ბრუკინგმა დასძინა: "თუ კაცი წარმატებულია, მაშინ მას თანამდებობაზე დანიშვნა ეკუთვნის. ვფიქრობ, სტივი თავად გრძნობდა, რომ ცოტა მეტი გამოცდილება სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ ამჯობინა საზღვარგარეთ წასვლა და როგორც ხედავთ სწორი ნაბიჯიც გადადგა. ერთი რამ დაბეჯითებით შეგვიძლია გითხრათ: ჩვენ კაპელოს შემდეგ ინგლისელი მწვრთნელი გვჭირდება".
ცნობისათვის: სტივ მაკლარენს ინგლისის ნაკრების ისტორიაში მწვრთნელთა შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს: 18 შეხვედრიდან 5 წააგო. სხვა სიტყვებით მაკლარენი შეხვედრათა 28 პროცენტიდან დამარცხებული გამოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული