სატელეფონო ზარით დათხოვნილი მწვრთნელი

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო კლუბ "ჩიჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მარკ პულტონმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იმ დროს შეიტყო, როცა სათადარიგოთა სკამიდან თავის გუნდს მორიგ მატჩში ხელმძღვანელობდა. მას კლუბის ერთ-ერთმა დირექტორმა მობილურ ტელეფონზე დაურეკა, მოუბოდიშა, რომ აცდენდა და დააყოლა, გათავისუფლებული ხარო. მწვრთნელი ამბობს, საქუთარ ყურებს არ დავუჯერეო...

"ჩიჩესტერ სიტი" სასექსის საგრაფოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოდის, ხოლო პულტონი ამ გუნდს სათავეში გასულ ზაფხულში ჩაუდგა. სამსახურიდან მისი დათხოვნა კი ლიგის სუპერთასის მატჩის პირველი ტაიმის მსვლელობისას მოხდა. პულტონის თქმით, "ჩიჩესტერის" ხელმძღვანელები არა კლუბზე ზრუნავენ, არამედ თავის პირად
ინტერესებზე.

როცა მარკ პულტონის მობილურზე საბედისწერო ზარი გაისმა, მისი გუნდი 2:1-ს იგებდა, თუმცა მწვრთნელი თავის სკამზე მატჩის ბოლომდე დარჩა. "მატჩის მსვლელობისას გუნდს როგორ მივატოვებდი?" – უკვირს პულტონს. მაგრამ მისმა უანგარო ერთგულებამ შედეგი ვერ გამოიღო – "ჩიჩესტერი" 2:4 დამარცხდა. პულტონმა თავისი დათხოვნის ამბავი ფეხბურთელებს შესვენებისას გასახდელში გაუზიარა. ყოველივეს კი მისი ყოფილი შეგირდების მოულოდნელი რეაქცია მოყვა: კლუბიდან მივდივართო, თქვა რამდენიმე ჩიჩესტერელმა.

პულტონი არ არის პროფესიონალი საფეხბურთო მწვრთნელი. ეს კაცი დაცვის კერძო სამსახურის მეპატრონეა და "ჩიჩესტერში" ყოველკვირეული ხელფასის სახით 200 გირვანქა სტერლინგს იღებდა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული