სანტი კასორლა: ვიდრე ინგლისში გადმოსვლას გადავწყვეტდი, დავიდ სილვას შევეხმიანე

AutoSharing Option
"არსენალის" ახლადმოვლენილმა ლიდერმა სანტი კასორლამ გამოცემა "მირორს" მისცა ინტერვიუ, სადაც იმ გარემოებებზე ილაპარაკა, რამაც მას პრემიერლიგაში თამაში გადააწყვეტინა.

აღმოჩნდა, რომ 27 წლის ესპანელს რჩევა დავიდ სილვასთვის უკითხავს. მასალას შემოკლებით, თანაც მონოლოგის სტილში გთავაზობთ.

- იქამდე, ვიდრე ინგლისში გადმოსვლას გადავწყვეტდი, დავიდ სილვას შევეხმიანე. მან პირობა მომცა, რომ პრემიერლიგაში ყველაფერი მომეწონებოდა.

განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმას, რომ სიამოვნებას მომანიჭებდა თანაგუნდელებთან ურთიერთობის სპეციფიკა. ესპანეთში ამ მხრივ სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

მოხარული გახლავართ, რომ აქ ვარ. როცა "არსენალმა" ჩემდამი ინტერესი პირველად
დაადასტურა, რობერ პირესმაც იგივე მითხრა, რომ წამითაც კი არ უნდა შემპარვოდა ეჭვი, რომ ინგლისურ ფეხბურთში მიღებული გამოცდილება ძალიან წამადგებოდა.

მან დამარწმუნა, რომ ჩრდილოლონდონური კლუბი ჩემს სტილს მაქსიმალურად მოუხდებოდა და რომ მას რეალური ამბიცია შეიძლებოდა ჰქონოდა ტიტულებისთვის ბრძოლაში.

ჯერჯერობით პირესი რასაც მეუბნებოდა, ყველაფერი ისე ხდება. სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს ბედნიერად.

"ემირიტსზე" უკვე ისე ვარ, როგორც საკუთარ სახლში. ინგლისური ცხოვრების წესსაც ნელ-ნელა ვეჩვევი, ნელ-ნელა იმიტომ, რომ ესპანურისგან ის ბევრით განსხვავდება.

ადაპტაციაში ხელს მიწყობს ის, რომ გუნდში მიკელ არტეტა დამხვდა. ის ყველაფერში გვერდში მიდგას.

არამარტო მას, მინდა მადლობა გადავუხადო "არსენალის" თითოეულ ფეხბურთელს თბილი მიღებისთვის.

გუნდის გამოსვლას რაც შეეხება, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის.

გული მწყდება, რომ "ჩელსისთან" დავმარცხდით, რადგან ამას არ ვიმსახურებდით. დარწმუნებული ვარ, "სიტისთან", "იუნაიტედთან", "ტოტენჰემთან" და იმავე "ჩელსისთან" კონკურენციას წელს თავისუფლად შევძლებთ.

გუნდში განსაკუთრებულ ატმოსფეროს არსენ ვენგერი ქმნის. ფეხბურთელებისთვის ის მეორე მამაა და იმსახურებს იმ პატივისცემას, რასაც საპასუხოდ იღებს.

როცა ამდენი წლის განმავლობაში რჩები ერთსა და იმავე კლუბში, ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებული დამსახურება გაქვს და ბევრ კარგ საქმეს აკეთებ. ვენგერს ფეხბურთელებთან გულწრფელი მეგობრული დამოკიდებულება აკავშირებს.

ის არასოდეს გააკეთებს იმას, რაც ჩვეულებრივ წესებს სცილდება. წარმატებული გუნდის ასაშენებლად საჭიროა, რომ ყველა ფეხბურთელს სამიზნე ერთი და იმავე მიმართულებით ჰქონდეს მომართული. გუნდში ეგოიზმის ადგილი არ რჩება.

საცხოვრებლად ჰემპსტედის რაიონი ავირჩიე. მშვენიერი ადგილია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ჩემი შვილი უკვე აქაურ სკოლაში დადის. შევამჩნიე, რომ ამ უბანში ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ იტალიურ რესტორანში ენტონი ჰოპკინსს შევხვდი.

არა მგონია, რომ ჩვენს ეპოქაში ფეხბურთელის სიმაღლეს განსაკუთრებული მნიშვნელობა კიდევ ჰქონდეს. არადა, წლების წინ ამ მონაცემებს ხანდახან ტექნიკურზე მეტად აქცევდნენ ყურადღებას. კიდევ კარგი, დამოკიდებულება შეიცვალა.

მესი და ინიესტა ამტკიცებენ, რომ მოკრძალებული ფიზიკური მონაცემების ფეხბურთელებსაც შეუძლიათ უმაღლეს დონეზე თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული