ლივერპულის პრობლემები ფეხბურთელების ბრალია

AutoSharing Option
"ლივერპულის" ლეგენდარულმა უელსელმა ფორვარდმა იან რაშმა მერსისაიდელების ხელმოცარულ ფეხბურთელთა გასაგონად თქვა, წარუმატებლობის კლუბის ოფისისთვის დაბრალება ძალიან ადვილი საქმეა, თუ ბიჭები ხართ, მოედანზე გადით და იქ გვაჩვენეთ რისი თავი გაქვთო. კერძოდ, რაშმა ასე ბრძანა:
"თავის გასამართლებლად კლუბის ვალებისა და სხვა საოფისე პრობლემების მოტანა ძალიან ადვილია. ჩვენ ასე არ ვიყავით. ჩვენს დროს ფეხბურთელებს მთელი ყურადღება თამაშზე გვქონდა გადატანილი".

მათთვის ვინც არ იცის: როი ჰოჯსონის ხელში "ლივერპული" პრემიერლიგის ცხრილის ბოლოში, მე-18 ადგილზეა, იმავდროულად კი სასამართლომ კლუბის მეპატრონეობის საკითხი უნდა გაარჩიოს – ამჟამინდელმა მფლობელებმა
ტომ ჰიკსმა და ჯორჯ ჯილეტმა თანამემამულე ბიზნესმენს ჯონ ჰენრისა და მის კორპორაციას Nეწ Eნგლანდ შპორტს Vენტურე-ს უჩივლეს. ჰენრი "ლივერპულში" 300 მილიონ ფუნტს იხდის.

ამრიგად, "წითლების" ისტორიაში ყველაზე შედეგიან ფორვარდს (660 შეხვედრაში 346 გოლის ავტორი) მიაჩნია, რომ მეპატრონეთა დავა ფეხბურთის თამაშთან არაფერ შუაშია.

"როდესაც ცუდად თამაშობ, სხვისი კრიტიკა და ყურადღების გარეშე ფაქტორებზე გადატანა ძალიან ადვილია. დაბრალებას მართლაც არაფერი უნდა, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველანი, მწვრთნელები, ფეხბურთელები, მეპატრონეები თუ გულშემატკივრები ერთ ნავში ვსხედვართ. ჩვენ თუ ერთმანეთთან დავიწყებთ ბრძოლას, საერთო საქმეს გავაფუჭებთ, ამიტომ, დღეს ყველაფერს აჯობებს გავერთიანდეთ და გუნდი საერთო ძალისხმევით გამოვიყვანოთ მძიმე მდგომარეობიდან" - ამბობს უელსელი.

ჩემპიონატის ასეთი ცუდი სტარტი მერსისაიდელებს 1953-54 წლების სეზნიდან არ ჰქონიათ. ეს კი ის სეზონია, რომლის ბოლოსაც გუნდი მაშინდელი პირველი ანუ უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ბოლო ტურში "ლივერპულმა" შინ სამარცხვინოდ წააგო "ბლექპულთან" 1:2, რის შემდეგაც "ენფილდ როუდზე" შეკრებილმა ფანობამ როი ჰოჯსონის მოხსნა და მის მაგივრად კენი დალგლიშის დანიშვნა მოითხოვა. თუმცა, ფანებისგან განსხვავებული აზრი აქვს "წითლების" ჰოლანდიელ ფეხბურთელს დირკ კუიტს:

"ვინც ვარჯიშებზე გვესწრება ხედავს, რომ ჩვენ ყოველდღიურ პროგრესს განვიცდით. ჩვენ საკუთარი შესაძლებლობებისა გვწამს და ამ პროგრესის მოედანზე გადატანა მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია. ფეხბურთელები ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა ის ტემპი და რიტმი ვიპოვნოთ, რომელიც მწვრთნელს სურს. სეზონის წინ ახალ სისტემაზე გადაწყობისთვის დიდი დრო არ გვქონია და ეს ყველაფერი, ალბათ, ამიტომაც ხდება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული