სტივ მაკლარენი: მესროლეთ, მანდ თუ დავბრუნდე

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ მოგახსენებდით, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას, 2012 წლისთვის, ნაკრების მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატი ჰყავს ჩანიშნული, რომელთაგან ერთ-ერთი სტივ მაკლარენია, კაცი, რომელმაც 2006-07 წლებში ამ ჯოჯოხეთში უკვე გაიარა. დღეს ინგლისელების ეროვნულ გუნდს სათავეში იტალიელი ფაბიო კაპელო უდგას, მაგრამ მას კონტრაქტის ვადა ევროპის ჩემპიონატის დამთავრებისთანავე ეწურება და აცხადებს, რომ როგორ შედეგსაც არ უნდა მიაღწიოს გუნდმა ამ ტურნირზე, ახალ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს.

მაკლარენის კანდიდატურას ლონდონში სერიოზულად რომ განიხილავენ თავად სერ ტრევორ ბრუკინგმა დაადასტურა, თუმცა თავად 49 წლის სპეციალისტმა ხელები გაასავსავა:

"მესროლეთ, ოდესმე
ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაზე კიდევ თუ ვიფიქრო" – უთქვამს მაკლარენს მეგობრებისთვის და ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი. მისი ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრებმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ვერ მიაღწია წარმატებას, ჯგუფში ჩარჩა და მწვრთნელს შეურაცხყოფათა საშინელი ნიაღვარი დაატყდა თავს. ფოტო, სადაც დამარცხებული მაკლარენი წვიმაში, ქოლგით ხელში დგას, ხელმოცარულობისა და საცოდავობის სიმბოლდ იქცა. მაგრამ, მას მისი ბედის ბორბალი წაღმა დატრიალდა. ჯერ იყო და ჰოლანდიაში გადაბარგდა, სადაც "ტვენტე" ქვეყნის ჩემპიონი გახადა, შემდეგ კი ბუნდესლიგის სიმაღლეს უწია – "ვოლფსბურგს" ჩაუდგა სათავეში და გუნდს ხელი დაატყო.

მაკლარენის ერთ-ერთმა მეგობარმა "დეილი მეილს" უთხრა:

"სტივმა ფარ-ხმალი არ დაყარა და თავისი კარიერა ძალიან კარგად წარმართა. გარდა ამისა, თუ გავიხსენებთ, რა დიდებული შედეგები ჰქონდა მას ინგლისის ნაკრების მწვრთნელობამდე და რა კარგი შედეგები აქვს მას მერეც, დავინახავთ, რომ ამ კაცს არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. მას მხოლოდ ერთადერთი, რამ უნდა, თავი დაანებონ და კლუბში მუშაობა აცადონ. სტივს, როგორც საკლუბო მწვრთნელს საუცხოო რეპუტაცია აქვს".

და მართლაც, მაკლარენს უსახური "ტვენტეს" ჰოლანდიის ჩემპიონად გადასაქცევად მხოლოდ ორი წელიწადი დასჭირდა, ხოლო "ვოლფსბურგმა" ცუდი სტარტის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად გამოასწორა.

ზემოხსენებულმა მეგობარმა დასძინა: "შესაძლოა ბევრმა ვოლფსბურგელთა სტარტი რომ დაინახა მცდარი დასკვნები გააკეთა, მაგრამ სტივმა გუნდში ბევრი რამ შეცვალა და როგორც ხედავთ, დღევანდელი "ვოლფსბურგის" უწინდელთან შედარება აღარ შეიძლება. მაკლარენი ჯერ "ტვენტეს" ფანების გმირად იქცა, დღეს კი გერმანული კლუბის გულშემატკივრებს უყვართ და მხარსაც უჭერენ. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, სტივის გეგმებში ინგლისის ნაკრების გაწვრთნა არ შედის".


კაცმა რომ თქვას, მაკლარენის ასეთმა რეაქციამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფები სულაც არ გაახარა, რადგან მათ სამწვრთნელო საქმეში მდგომ საუკეთესო თანამემამულეებზე, როგორც ჩანს, მაინც და მაინც დიდი წარმოდგენა არ აქვთ. მათი ეჭვით, ისეთი სპეციალისტებისთვის, როგორებიც ჰარი რედნაპი და სემ ელერდაისი არიან ნაკრების ჩაბარება არ ივარგებს.

ზემოხსენებული სერ ტრევორ ბრუკინგის აზრით, მწვრთნელის გარდა პრობლემა ისიცაა, რომ პრემიერლიგაში უცხოელ ფეხბურთელთა დიდი შესევაა, რაც ინგლისელი მოთამაშეების კვალიფიკაციას დაბლა სწევს. ბრუკინგი ამბობს, რომ ამას სახელფასო ბეგარის გაზრდით ეშველება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული