ჯეკ უილშირი: მადლობა დახმარებისთვის

AutoSharing Option
ჯეკ უილშირი ჯერ 20 წლის არის, მაგრამ მასზე, როგორც ინგლისური ფეხბურთის უმთავრეს იმედზე, უკვე ორი წელია, ლაპარაკობენ.

ფეხბურთელს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2010 წლის 11 აგვისტოს ჰქონდა. უკანასკნელად მან "სამი ლომის" ღირსება 2011 წლის 4 ივნისს შვეიცარიასთან მატჩში დაიცვა.

ჯეკი სწორედ ამ მატჩის შემდეგ გავიდა შვებულებაში. ივლისში "არსენალის" შეკრებაზე დაბრუნებულმა კი პირველივე საკონტროლო შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა.

"ქუინზ პარკთან" ხელახალი დებიუტის შემდეგ (სადაც ფანებმა ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს) უილშირმა "არსენალის" სატელევიზიო არხს მისცა ინტერვიუ.

- მთავარი
სამუშაო ახლა იწყება, გულწრფელად ვამბობ. იმდენად დავიღალე, რომ თამაშის დასრულების შემდეგ ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი. ოპტიმალური კონდიციებისგან ძალიან შორს ვარ და ეს ყველას ესმის. გაცდენილი დროის ასანაზღაურებლად დრო მჭირდება.

ფეხბურთში ხდება ხოლმე ასე, განსაკუთრებით, ინგლისში, როცა მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანზე უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელი ბრუნდები. მესმის, რომ ჩემგან ბევრს ითხოვენ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამ ზეწოლას უნდა გავუძლო.

ეს ფეხბურთის ნაწილია. "არსენალში" კიდევ არიან ფეხბურთელები, რომლებიც არ მომცემენ მოშვების უფლებას. ვიცოდი, რომ ვითამაშებდი, მაგრამ ძირითადში თუ მოვხვდებოდი, ამას ვერ წარმოვიდგენდი.

ვენგერის სიტყვებმა თავიდან შოკში ჩამაგდო, მითხრა, სასტარტოში ხარ და მაინტერესებს, თავს როგორ იგრძნობო. მოედანზე გასვლის შემდეგ დაძაბულობა მომეხსნა. ზუსტად ერთი საათის თავზე უკვე აღარაფრის თავი აღარ მქონდა. იცით რა, სრული 14 თვე ვმკურნალობდი, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ბევრია.

შესაბამისად, აღდგენითი პროცესისთვის დრო კიდევ დამჭირდება. "არსენალის" ფორმა ბოლოს რომ მეცვა, ჩემ გვერდით მაშინ ფაბრეგასი, ნასრი და სონგი თამაშობდნენ. ახლა ისინი სხვაგან წავიდნენ. მე კი მგონია, რომ სულ სხვა გუნდში აღმოვჩნდი.

გუნდის ლიდერი მიკელ არტეტაა. სანტი კასორლასთან ერთად თამაში კი ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. მას მოედანზე ყველა თანაგუნდელის ერთნაირად ესმის.

შემიძლია, მხოლოდ მადლობა ვუთხრა ჩემს თანაგუნდელებს. ისინი ყოველმხრივ მიდგანან გვერდში. ამ წუთას, უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ მათთან დავბრუნდი და ჯანმრთელობის პრობლემა აღარ მაწუხებს.

ფანტასტიკური შეგრძნებაა, რომ მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში გაწეული შრომა ტყუილი არ აღმოჩნდა. მოედანზე გამოსვლის მომენტიდანვე ვიგრძენი ფანების განსაკუთრებული მხარდაჭერა. მათ ჯერ კიდევ თამაშამდე შევხვდი და აღმოვაჩინე, რომ საოცრად ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი.

ისღა დამრჩენია, ძველებურ ფორმას რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდე. ფეხბურთის გარეშე გატარებული 524 დღის შემდეგ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ჩვენი სამედიცინო პერსონალისა და ჩემი ოჯახის მიმართ. დედა და მამა ყოველ დღე ჩემთან იყვნენ და ალბათ ჩემზე მეტს ნერვიულობდნენ.

ახლა უკვე მამა ვარ. ჩემი შვილი რომ არა, არ მგონია, რომ ამდენი რამისთვის გამეძლო. პატარა ძალიან დამეხმარა. როგორ მძიმედაც არ უნდა მეგრძნო თავი, სახლში მისულს ის მშველიდა. ბოლო თვეების განმავლობაში - განსაკუთრებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული