ფერგიუსონის ჯადოსნური სიტყვები

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი შეაქო - სქოთის თქმით "იუნაიტედს" სეზონის დასაწყისში სწორედ ბერბატოვმა დაატყო ხელი, რაც ჩემპიონატის დაწყებამდე მასთან გასაუბრების შედეგი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ბერბატოვმა მანჩესტერში ორი საკმაოდ უსახური წელიწადი გაატარა - მისგან ბევრს ელოდნენ ის კი მოლოდინს ვერ ამართლებდა. ბულგარელი პრემიერლიგის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს 2008 წელს შეუერთდა, თუმცა ისეთი შედეგი, ახლა რომ აქვს, ადრე არ უჩვენებია: შვიდ ტურში 6 გოლი შეაგდო!

ფერგიუსონი ამბობს, რომ "ტოტენჰემ ჰოთსპურისა" და ლევერკუზენის "ბაიერის" ყოფილ ფორვარდს
აქამდე საკუთარი თავისა არ სწამდა, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა:

"სეზონის დაწყებამდე დიმიტარს ველაპარაკე. მე მას ვუთხარი, რომ ჩაკეტილი წრის გარღვევა მხოლოდ მას შეეძლო. საკუთარ კარიერას და თამაშს მის გარდა ვერავინ ვერასდროს გააკონტროლებდა. ვუთხარი, რომ ფანტასტიკური შესაძლებლობების ფეხბურთელია, მაგრამ ამ შესაძლებობებს ვერ ამჟღავნებს. ჩვენ მისი ქომაგობა შეგვიძლია და ჩვენ ამას გავაკეთებთ.

ამ ლაპარაკის შემდეგ თქვენ ნახეთ, როგორ შეიცვალა ის. სულ სხვანაირად ათამაშდა. არადა, მე "მანჩესტერ იუნატედის" თავკაცი ვარ, აქ კი ფეხბურთელი რომ მოგყავს ყველას ჰგონია, რომ იმავე დღეს საოცრად უნდა ათამაშდეს.

მგონი ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც პირდაპირ კარგად დაიწყო თამაში ანტონიო ვალენსია იყო. სხვებს დრო დასჭირდათ. დიმიტარის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეგვიტანია, თუმცა მის ასეთ ათამაშებას ერთი ხანი ველოდით.

ბერბატოვი თავდამსხმელია, თავდამსხმელები კი ძალიან არიან საკუთარი თავის რწმენაზე დამოკიდებულნი. ამწუთას ბერბატოვს ეს ნამდვილად არ აკლია"
ილია ბაბუნაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული