ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური: სერ ალექს ფერგიუსონის ჩვეული მანტია [VIDEO]

AutoSharing Option
XIII ტურის პირველი შეხვედრა "სტედიუმ ოფ ლაითსზე" შედგა.

"შავი კატები" წელს უფრო სუსტად ასპარეზობენ, ვიდრე ამას საფეხბურთო ექსპერტები ელოდნენ. ამის მიუხედავად, ყველა მაინც დაძაბულ ბრძოლას ელოდა, რომელიც არ შედგა.

სტუმართა უპირატესობა თვალშისაცემი იყო. რეალური მომენტები მასპინძელთაგან სტეფან სესინიონს შეექმნა, მაგრამ ბოაზ მაიჰილმა მას ჯერ მარცხენა ფეხით ეფექტური დარტყმა აუღო, მერე მისი თავურიც მოიგერია.

ანგარიში მოულოდნელად გაიხსნა. ადამ ჯონსონმა მარტივ სიტუაციაში ვერ დაიმორჩილა ბურთი, რომელიც ზოლტან გერას მიუვიდა.

უნგრელის შორეული დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. მეორედ უკვე სიმონ მინიოლე შეცდა. ბელგიელს ბურთი ხელიდან
გაუვარდა და იქვე მყოფმა შეინ ლონგმა ცარიელ კარში შეაგორა.

მეორე ტაიმში გუნდებმა მომენტები გაცვალეს. უფრო სახიფათოდ მაინც სტუმრები უტევდნენ. ანგარიშში სხვაობა კრეიგ გარდნერმა საჯარიმოთი შეამცირა, რაშიც კედელში მდგარი მარკ-ანდრე ფორჩუნის რიკოშეტმა შეუწყო ხელი.

83-ე წუთზე მაიკ დინი აშკარად შეცდა, როცა ადამ ჯონსონს ლაიამ რიჯუელზე წესების დარღვევაში დასდო ბრალი და პენალტი დანიშნა.

რომელუ ლუკაკუს წარბიც არ შეუხრია, ისე გაიტანა. კუთხურის გათამაშების შემდეგ სტეფან სესინიონმა კიდევ ერთხელ მისცა თავის გუნდს მატჩის გადარჩენის შანსი, მაგრამ მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე შეტევებში გართულ მასპინძელს ლუკაკუსა და ფორჩუნის კონტრშეტევა გაეპარა.

კიდევ ერთი წაუგებელი
"ნორვიჩმა" ლიგის თასის ჩათვლით ზედიზედ მე-7 მატჩი მოილია წაუგებლად. "იადონების" პროგრესი უკვე გამაოგნებელია, რადგან ამ თვენახევრის განმავლობაში კრის ჰიუტონის გუნდი "არსენალს" (1:0), "ტოტენჰემსა" (2:1) და "მანჩესტერ იუნაიტედს" (1:0) შეხვდა. ამჯერად მათ "ევერტონთან" ითამაშეს ფრედ და თანაც ქულა ბოლო წუთზე საჯარიმოს გათამაშების წყალობით მოიპოვეს.

ჩვეული შინაარსი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" წელს მე-12 მატჩი მოიგო, რომელშიც თავდაპირველად აგებდა. ეს, გარკვეულწილად, ტრადიციასავით ყალიბდება, მაგრამ კოკას შინ წყალი ყოველთვის რომ არ მოაქვს, "ეშმაკებს" ეს უნდა ესმოდეთ და უკანა ხაზის გამოსწორებაზე მეტი უნდა იფიქრონ.

ალექს ფერგიუსონის შეგირდებს პირველ ტაიმში უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდათ. გატანა მართებდათ ეშლი იანგს, რობინ ვან პერსისა და პოლ სქოულზს. "რეინჯერები" კონტრშეტევებზე ეძებდნენ შანსს. ჯეიმი მაკიმ პირველ ნახევარში გაიტანა კიდეც, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობიდან. გვერდითა არბიტრმა სამართლიანად აღმართა ალამი.

ანგარიში იმავე მაკიმ გახსნა, როცა ანდერს ლინდეგორის შეცდომით ისარგებლა. დანიელმა გოლკიპერმა კირონ დაიერის დარტყმა ცუდად მოიგერია. "იუნაიტედი" გამოფხიზლდა და მრავალრიცხოვანი კუთხურებიდან ორი გოლად აქცია.

პირველ შემთხვევაში ჯონი ევანსმა ბურთს თავი სადღაც მეტოქე მცველის თავსა და მეკარის ხელებს შორის წაჰკრა, დარენ ფლეტჩერმა კი თავი ისეთი ძალით დასცხო, ბევრ ცაციას შეშურდება ასეთი დარტყმა მარჯვენაზე. არ დარღვეულა კიდევ ერთი ტრადიცია: შეცვლაზე შესულმა ხავიერ ერნანდესმა გაიტანა.

შეხვედრას ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს ჰარი რედნაპი. 65 წლის სპეციალისტი გუშინდელს აქეთ "რეინჯერების" მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა.

ზედიზედ მეორედ
"ფულჰემმა" პრემიერლიგის ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო. "სტოკ სიტიმ" სამი ქულა დამსახურებულად მოიპოვა.

ერთადერთი გოლი "მეთიხეებისთვის" ჩვეულ სტილში გავიდა: პიტერ კრაუჩმა თავზე ბრძოლა მოიგო და თანაგუნდელს (ამჯერად ჩარლი ადამს) იდეალურ პოზიციაში დაუგდო, ვინც ახლო მანძილიდან შეძლო გატანა. თავური დარტყმებით ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა რობერტ ჰუთს, ვინც ულვაშები მოუშვა და ფეხბურთელზე მეტად ახლა ამერიკის "დიდი დეპრესიის" წლების საქმოსანს დაემსგავსა.

მესამე ჰეთ თრიკი
საინტერესოდ წარიმართა "უიგანისა" და "რედინგის" მატჩი, რომელშიც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სულ რაღაც მესამე ჰეთ თრიკის მოწმენი გავხდით.

ხორდი გომესმა ერთხელ მეკარის შეცდომით ისარგებლა, მეორედ ეფექტური თავურით გაიყვანა წინ თავისი გუნდი, გადამწყვეტი გოლი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 11-12 მეტრიდან გაიტანა.

უგოლო არსენალი
ბირმინგემის "ვილა პარკზე" "არსენალი" ჩავიდა სათამაშოდ და უღიმღამო 0:0 ითამაშა. მომენტები იქმნებოდა და უფრო "მეთოფეების" წყალობით. თავის გამოჩენა შეეძლოთ აარონ რემსისა და ლორან კოშელნის, ვისაც პასი ფლანგური გარღვევის შემდეგ (რატომღაც) ოლივიე ჟირუმ გაუკეთა.

პირველ ტაიმში სამართლიანად გაუქმდა ანდრეას ვაიმანის მიერ თამაშგარედან გატანილი ბურთი. მეორეში კი ბრედ ჰოლმენმა ისეთი ძალით დასცხო, 24-25 მეტრიდან კინაღამ ხარიხა მოტეხა.

უსახური კვირადღე
26 ნოემბერს პრემიერლიგაში ოთხი მატჩი გაიმართა. აქედან "ჩელსი"-"სიტი" განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, მოლოდინი არ გამართლდა.

დიახ, ეს მეტისმეტად მსუბუქი ფორმულირებაა იმ "სანახაობისა", რომელიც გრანდებმა "სტემფორდ ბრიჯზე" შემოგვთავაზეს. განსაკუთრებით უსახური იყო მასპინძელი. "ჩელსიმ" 90 წუთის განმავლობაში კარში დარტყმა ერთადერთხელ მოახერხა. ცხადია, რაფა ბენიტესის საკრიტიკოდ ენა არ მოგვიბრუნდება, რადგან ამ ეტაპზე ესპანელ მწვრთნელს გუნდთან შესაგუებლად დრო სჭირდება.

უგოლოდ დასრულდა ბრენდან როჯერსის დაპირისპირება მის ყოფილ კლუბ "სუონსისთან". "წითლებმა" მეტოქეს ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობეს, მაგრამ როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს.

"ტოტენჰემმა" ზედიზედ მეორე ლონდონური დერბი ჩაატარა. "დეზებმა" ამჯერად დიდებულად ითამაშეს. "ჩაქუჩებმა" გაავებულ მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. რომ არა იუსი იუსკილაინენის გამოცდილება, ბევრად უფრო დიდი ანგარიში დაფიქსირდებოდა.

პრემიერლიგა. XIII ტური

სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი 2:4
გოლები: 0:1 გერა (30), 0:2 ლონგი (44), 1:2 გარდნერი (73), 1:3 ლუკაკუ (83-პენ), 2:3 სესინიონი (87), 2:4 ფორჩუნი (90+4)
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - როუზი, ოში (46. მაკლინი), კუელიარი, ბერდსლი - ჯონსონი, კოლბეკი (73. საა), კატერმოული (35. გარდნერი), ლარსონი - ფლეტჩერი, სესინიონი
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი - ჯონსი, ოლსონი, მაკოლი, რიჯუელი - მორისონი (90. ტამაში), იაკობი - ოდემვინგე (70. ფორჩუნი), გერა, ბრანტი - ლონგი (70. ლუკაკუ)
გაფრთხილება: ოში, გარდნერი - ლონგი, მორისონი, რიჯუელი
კარში დარტყმა: 16-10 (10-7) კუთხური: 7-2 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 12-15 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 36 390

ევერტონი-ნორვიჩი 1:1
გოლები: 1:0 ნეისმიტი (12), 1:1 ბასონგი (90)
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ბეინსი, დისტენი, ჰეიტინგა, იაგიელკა - ვიედო, ჰოტცლშპერგერი, ნეისმიტი (90+2. ველიოსი), პიენაარი - ოსმანი - იელავიჩი
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი (82. ბანი) - უაიტეკერი, ბასონგი, ბენეტი, გარიდო - ჯონსონი, ტეტი, სნოდგრასი (89. ჯექსონი), ჰულაჰანი (75. მორისონი) - პიკლინგტონი - ჰოლტი
გაფრთხილება: ჰეიტინგა - ჯონსონი, გარიდო, ტეტი
კარში დარტყმა: 9-5 (6-2) კუთხური: 4-2 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 11-23 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 34 502

იუნაიტედი-ქუინზ პარკი 3:1
გოლები: 0:1 მაკი (52), 1:1 ევანსი (64), 2:1 ფლეტჩერი (68), 3:1 ერნანდესი (72)
იუნაიტედი (4-4-1-1): ლინდეგორი - ევრა, ევანსი, რ. ფერდინანდი, რაფაელი - სქოულზი (59. ერნანდესი), ფლეტჩერი, იანგი (58. ანდერსონი), რუნი - უელბეკი (79. პაუელი) - ვან პერსი
ქუინზ პარკი (4-2-3-1): ჟ. სეზარი - მბია, ნელსენი, ჰილი, ტრაორე (60. ა. ფერდინანდი) - დერი, ფორლინი (84. გრანერო) - მაკი, ტაარაბტი (73. ჰოილეტი), დაიერი - სისე
გაფრთხილება: სქოულზი - მბია
კარში დარტყმა: 14-5 (9-3) კუთხური: 9-7 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 5-9 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 75 603

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი - ქპრ 3:1


სტოკ სიტი-ფულჰემი 1:0
გოლი: 1:0 ადამი (26)
სტოკ სიტი (4-5-1): ბეგოვიჩი - შოტონი, ჰუთო, შოუკროსი, კემერონი - ადამი (82. უაიტჰედი), ეთერინგტონი (72. კაიტლი), უელანი, ნზონზი, უოლტერი - კრაუჩი (77. ჯონსი)
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - რიტერი, ჰიუზი, სენდეროსი, რიისე - ბერდი, სიდუელი (80. როდალიეგა), კარაგუნისი (73. კარაგუნისი), დეჟაგა - ბერბატოვი, პეტრიჩი
გაფრთხილება: კემერონი - სენდეროსი
კარში დარტყმა: 14-8 (3-5) კუთხური: 7-2 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 18-13 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 26 921

უიგანი-რედინგი 3:2
გოლები: 0:1 მორისონი (35), 1:1 გომესი (58), 2:1 გომესი (68), 2:2 ალ-ჰაბსი (80-ს.კ-ში), 3:2 გომესი (90+2)
უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი - ფიგეროა, რამისი (49. პისკუ), ბოისი - ბოსეჟური, ჯონსი (83. მაკარტური), მაკარტი, სტამი - მელონი (46. დი სანტო), კონე, გომესი
რედინგი (4-4-2): ფედერიჩი - განტერი, მორისონი, გორკსი, შორი - რობსონ-კანუ, ლიგერტვუდი, ტაბი (73. მაკლირი), მაკანუფი - ლე ფონდრე, რობერტსი (84. პოგრებნიაკი)
გაფრთხილება: მაკარტი, ჯონსი -
კარში დარტყმა: 9-8 (5-4) კუთხური: 9-5 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 15-8 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 15 436

ასტონ ვილა-არსენალი 0:0
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - სტივენსი, კლარკი, ვლაარი (51. ლიშაი), ლოუტონი - ბენანი, ვესტვუდი, ელ აჰმადი (63. ჰოლმენი), ვაიმანი (90. ოლბრაიტონი) - აგბონლაჰორი, ბენტი
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - რემსი, არტეტა - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (77. არშავინი), კასორლა, პოდოლსკი (69. ჟერვინიო) - ჟირუ (86. კოკლენი)
გაფრთხილება: ელ-აჰმადი -
კარში დარტყმა: 7-9 (6-3) კუთხური: 7-6 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 8-10 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 34 607

სუონსი-ლივერპული 0:0
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - დევისი, უილიამსი, ჩიკო, რანხელი - ბრიტონი, დე გუზმანი (84. აგუსტინი) - რუტლეჯი (67. დაიერი), მიჩუ, ერნანდესი - შეხტერი (46. კი)
ლივერპული (4-2-3-1): რეინა - ჯონსონი, შკრტელი, აგერი, დაუნინგი (77. ჯ. კოული) - ჰენდერსონი (77. შელვი), ჯერარდი - სტერლინგი, ალენი, ხ. ენრიკე - სუარესი
გაფრთხილება: ჩიკო -
კარში დარტყმა: 12-17 (3-11) კუთხური: 7-6 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 7-10 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 20 621

საუთჰემპტონი-ნიუკასლი 2:0
გოლები: 1:0 ლალანა (35), 2:0 რამირესი (60)
საუთჰემპტონი (4-4-2): გასანიგა - შოუ (90+1. ჰუიველდი), იოშიდა, ფონტე, კლაინი - ლალანა, შნაიდერლინი, კორკი, პანჩეონი - ლამბერტი (76. როდრიგესი), რამირესი (78. ს. დევისი)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, ს. ტეილორი (90+1. პერჩი), უილიამსონი, სანტონი - ანიტა (68. მარვო), ტიოტე, ხონასი, ფერგიუსონი (46. შ. ამეობი) - სისე, ბა
გაფრთხილება: ფონტე, რამირესი - უილიამსონი, ტიოტე
კარში დარტყმა: 16-7 (11-3) კუთხური: 4-3 თამაშგარე: 2-5 ჯარიმა: 12-15 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 31 410

ჩელსი-სიტი 0:0
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - კოული, ლუისი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა - მიკელი (79. რომეუ), რამირესი - აზარი (71. მოზესი), ოსკარი, მატა - ტორესი
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, ნასტასიჩი, კომპანი, კოლაროვი - ბერი, ტურე, დ. სილვა, მილნერი - ჯეკო (79. ტევესი), აგუერო (86. ბალოტელი)
გაფრთხილება: - საბალეტა, კოლაროვი, ბალოტელი
კარში დარტყმა: 5-8 (1-5) კუთხური: 6-11 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 12-17 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 41 792

VideoSportall.Ge
ჩელსი - მანჩესტერ სიტი 0:0


ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 3:1
გოლები: 1:0 დეფო (44), 2:0 ბეილი (58), 3:0 დეფო (64), 3:1 კეროლი (82)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ვერტონგენი, კოლკერი, დოუსონი, უოლკერი - ჰადლსტოუნი, სანდრო (86. ლივერმორი) - ბეილი, დემპსი, ლენონი (79. დემბელე) - დეფო (90+3. სიგურდსონი)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - ობრაიენი, ტომკინსი, რიდი, მაკარტნი - ნოუბლი, დიამე - ონილი (55. ტეილორი), ნოლანი (69. კ. კოული), მაიგა (31. ჯარვისი) - კეროლი
გაფრთხილება: დეფო - ობრაიენი, ნოუბლი
კარში დარტყმა: 25-9 (13-5) კუთხური: 4-2 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 9-11 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 36 043

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 იუნაიტედი 13 10 0 3 32-18 30
2 სიტი 13 8 5 0 25-10 29
3 ვესტ ბრომვიჩი 13 8 2 3 23-15 26
4 ჩელსი 13 7 4 2 24-13 25
5 ევერტონი 13 5 6 2 23-17 21
6 არსენალი 13 5 5 3 23-13 20
7 ტოტენჰემი 13 6 2 5 23-22 20
8 ვესტ ჰემი 13 5 4 4 16-15 19
9 სუონსი 13 4 5 4 18-16 17
10 ფულჰემი 13 4 4 5 25-23 16
11 ლივერპული 13 3 7 3 17-16 16
12 სტოკ სიტი 13 3 7 3 11-11 16
13 ნორვიჩი 13 3 6 4 10-19 15
14 ნიუკასლი 13 3 5 5 13-19 14
15 უიგანი 13 4 2 7 15-23 14
16 სანდერლენდი 12 2 6 4 12-16 12
17 საუთჰემპტონი 13 3 2 8 20-30 11
18 ასტონ ვილა 13 2 4 6 10-22 10
19 რედინგი 12 1 6 5 16-22 9
20 ქუინზ პარკი 13 0 4 9 10-26 4

ბომბარდირები
10 - ლუის სუარესი (ლივერპული), 8 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), დემბა ბა (ნიუკასლი), 7 - მიგელ მიჩუ (სუონსი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი)

მომდევნო ტური
27 ნოემბერი
სანდერლენდი-ქუინზ პარკი, ასტონ ვილა-რედინგი.

28 ნოემბერი
საუთჰემპტონი-ნორვიჩი, სტოკ სიტი-ნიუკასლი, სუონსი-ვესტ ბრომვიჩი, ტოტენჰემი-ლივერპული, ჩელსი-ფულჰემი, ევერტონი-არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი, უიგანი-მანჩესტერ სიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული