ეს ლოგიკურიც არის, რადგან როდესაც, მაგალითად, დიეგო მარადონას გადარებენ, ძნელია ოდესმე მისი ჩრდილიდან გამოხვიდე.
თუმცა არიან განსაკუთრებული ფეხბურთელები, რომლებიც ყველაფერში არაორდინარულები არიან, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა... მაგალითად, 22 წლის მარიო ბალოტელი, რომელმაც საკუთარი თავი არათუ რომელიმე ვარსკვლავს, თვით მონა ლიზას მიამსგავსა. მარიომ იტალიელი ჟურნალისტის საინტერესო კითხვებს საინტერესოდვე უპასუხა...
- ამბობენ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "მილანში" გადადიხართ, მართალია?
- მეეჭვება, რომ ასე
ვფიქრობ, ეს უბრალო ჭორებია, რომელიც დიდი ხანია, ისმის მედიისგან. "მილანთან" არაერთხელ დამაკავშირეს, ჯერ კიდევ იქიდან მოყოლებული, როდესაც "ინტერში" ვასპარეზობდი.
- მაინც რატომ არ გგონიათ, რომ "მილანი" თქვენით დაინტერესებულია?
- შესაძლოა, მართლაც არის დაინტერესებული, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის. სულ რომ კონტაქტზე გამოვიდნენ "როსონერის" მესვეურები, მეეჭვება, ტრანსფერი შედგეს.
დღეს არც ერთ იტალიურ გუნდს არ აქვს იმდენი ფული, რომ ჩემი გადაბირება შეძლოს. "მანჩესტერ სიტის" მესვეურების პოზიცია კარგად ვიცი, ჩემ გაყიდვას არ აპირებენ და თუ დააპირებენ, ისეთ თანხას იტყვიან, რომელსაც სერია A-ს ვერც ერთი ბინადარი ვერ გაწვდება.
- ამბობენ, რომ ბავშვობიდან "მილანის" გულშემატკივარი ხართ, მართალია?
- ალბათ, ამიტომ უკავშირებენ ყოველ ზამთარ-ზაფხულს ჩემს მომავალს "მილანს". ბავშვობაში ყველას ჩვენი ფავორიტი გუნდი გვყავდა და არ დავმალავ, რომ "მილანის" მიმართ სიმპათია მქონდა, მაგრამ ვერ დავიჩემებ, რომ თავგადაკლული ტიფოზი ვიყავი. ეს უფრო მითია, ვიდრე რეალობა.
- რომელ ფეხბურთელს შეადარებდით თავს?
- არც ერთს, რადგან მე სრულიად განსხვავებულ სტილში ვთამაშობ. თუ შედარებაა, საკუთარ თავს მონა ლიზას მივამსგავსებდი... მასსავით ამოუცნობი ვარ და მასსავით შეუფასებელი. ეს სიტყვები ჩემს აგენტს ეკუთვნის და მას სრულიად ვეთანხმები.
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩემი გადაბირების რესურსი არც ერთ იტალიურ გუნდს არ აქვს. სხვათა შორის, მონა ლიზასაც უცხოეთში აქვს ბინა დადებული.
- მიმდინარე სეზონში აშკარად ჩავარდნა გაქვთ და ამ ფონზე ასეთი შედარება ცოტა გადამეტებული ხომ არაა?
- თამაში, პრაქტიკულად, არ მიწევს და გამომდინარე აქედან, არ ვთვლი, რომ ჩავარდნა მაქვს. რობერტო მანჩინი სხვა ფორვარდებზე აკეთებს აქცენტს და ძირითადად, შეცვლებზე მათამაშებს, რაც შესაძლებლობათა სრულად წარმოჩენის საშუალებას არ მაძლევს.
თუმცა, ამით მწვრთნელთან პოლემიკაში არ შევდივარ, მან უკეთ იცის, რასაც აკეთებს.
- არ მოგბეზრდათ მანჩინისთან გაუთავებელი კამათი?
- არ ვკამათობთ, ის, უბრალოდ, ხშირად მეჩხუბება, მე კი ყოველთვის თავი მაქვს დახრილი. მანჩინი შესანიშნავი ადამიანია, მასთან სერიოზული კონფლიქტი არასდროს მომსვლია და არც მომივა.
დიდი იმედი მაქვს, რომ "მანჩესტერ სიტიში" კიდევ დიდხანს ვიქნებით ერთად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"