გეხსომებათ: სერ ალექსმა რუნი ჩემპიონთა ლიგაში "ვალენსიასა" და პრემიერლიგაში "სანდერლენდთან" არ ათამაშა, ამბობდა, კოჭი სტკივა და დასვენება სჭირდებაო. თითქოს, ლოგიკური იყო, რომ ამის მერე რუნის არც ინგლისის ნაკრებისა და ჩერნოგორიის თამაშში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ თავდამსხმელმა განაცხადა, რომ სინამდვილეში არაფერი აწუხებს და მოედანზე ჩვეულებრივ გავიდა.
დაიწერა კიდეც და ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ფერგიმ რუნის კოჭის ტრავმა იმიტომ მოიგონა, რომ ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად განმუხტულიყო, უბრალოდ დაესვენა – შეგახსენებთ, რომ სექტემბერში რუნის დიდი პირადი სკანდალის გადატანა მოუხდა. ტაბლოიდებმა გამოუჩხრიკეს, რომ ის ცოლს ფეხმძიმობის დროს მეძავთან ღალატობდა და იყო ერთი ამბავი - ფეხბურთელს კინაღამ ოჯახი დაენგრა. მაგრამ, ეს გახლდათ მიზეზი თუ სხვა რამ, რუნის აშკარად თამაში უნდოდა.
ზემოთ, ინგლისისა და ჩერნოგორიის ნაკრებთა თამაში ვახსენეთ. კლუბებისა და ნაკრებების დაპირისპირების ამბავი ყველას კარგად მოგვეხსენება და ისიც კარგად ვიცით, რომ ფერგიუსონი ნიადაგ იმის ცდაშია ეროვნულ გუნდს რამენაირად ფეხბურთელები გადაუმალოს. ალბათ, ამჯერადაც ეს ჰქონდა შოტლანდიელ მწვრთნელს ჩაფიქრებული, მაგრამ რუნიმ ყური არ დაუგდო და თვითნებობა გამოიჩინა.
ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, დადგა 16 ოქტომბერი, როდესაც ფერგიუსონის გეგმით ფორვარდი მოედანზე უნდა დაბრუნებულიყო - "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ბრომვიჩს" მასპინძლობს. ითამაშებს რუნი ამ შეხვედრაში? ვინ იცის, იქნებ ფერგიუსონმა არც ათამაშოს, მითუფრო, რომ... ცუდ ფორმაშია. ფორვარდს, რომელიც 24 ოქტომბერს 25 წლისა გახდება, მარტის მერე "იუნაიტედის" მაისურით თამაშიდან გოლი არ გაუტანია - პენალტები არ ითვლება. კიდევ, როგორც ადრეც მოგახსენეთ, "იუნაიტედს" მისთვის ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტის შეთავაზება უნდოდა, მაგრამ ფეხბურთელი თავს იკავებს. ამბობენ, მადრიდის "რეალის" ეშხითო.
აქა-იქ, გაზეთებში დაიწერა, რომ "რეალი" "იუნაიტედს" რუნისთან დაკავშირებული წინადადებით ახლა, იანვარშივე მიმართავდა, მაგრამ მადრიდელთა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე სერიოზულ ვაჭრობას არ აპირებს. მოურინიოს ამ ნათქვამს მოჰყვა ახალი ინფორმაცია, რომ "რეალი" რუნის შეძენას ზაფხულზე შეეცდება და მანჩესტერელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ ფუნტს ანუ 85,30 მილიონ ევროს შესთავაზებს.
ტაბლოიდები მავან, საქმეში კარგად ჩახედულ ადამიანს დაუკავშირდნენ, რომელმაც ასე თქვა: "ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ყველაფერი ზუსტად ასე იქნება და ზაფხულზე რუნი "რეალში" გადავა. ის, რომ მან "მანჩესტერ იუნაიტედთან" ხუთწლიან კონტრაქტს ხელი არ მოაწერა, შემთხვევითი ამბავი არ არის".