ისევ დაბნეული მარიო ბალოტელი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" იტალიელ თავდამსხმელს, 22 წლის მარიო ბალოტელის ამ დღეებში შვილი ეყოლა, მაგრამ ბრიტანული პრესა მის ოჯახურ ბედნიერებაზე უფრო მეტ ყურადღებას ისევ და ისევ ფეხბურთელის უცნაურობებს უთმობს.

მაგალითად, ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა ლონდონიდან მანჩესტერისკენ მიმავალი გზა (მანძილი აღნიშნულ ქალაქებს შორის 317 კმ-ია. მანქანას მის დასაფარად 4 საათზე ცოტა მეტი სჭირდება. რედ) ვეღარ გაიკვლია და თავგზა კიდევ უფრო რომ არ აბნეოდა, მიხვდა, ჯობდა, გაჩერებულიყო და ვინმესთვის დახმარება ეთხოვა.

იტალიელმა ტაქსი გამოიძახა და საკუთარი ავტომობილით უკან გაჰყვა. ეს მომსახურება მას
810 ფუნტი დაუჯდა.

ჟურნალისტები განსაკუთრებით გაამხიარულა იმისმა წარმოდგენამ, როგორ მისდევდა მარიო ტაქსის მძღოლს მორჩილად 130 ათას ფუნტად ღირებული Maserati GT-ით.

"სანის" მტკიცებით კი, იტალიელი 2,5 წლის შემდეგაც კი ვერ შეეჩვია მარჯვენა მხრის მოძრაობას. ამიტომ ის მანჩესტერიდან შორს წასვლას, როგორც წესი, თავს არიდებს ხოლმე.

მარიოს ეშინია, რომ მაღალ სისწრაფეზე მოძრაობისას მექანიკურად საწინააღმდეგო ხაზზე არ გადავიდეს და საკუთარ თავს ხიფათი არაფერი მოსწიოს. ამას გარდა, მას საკმაოდ უჭირს შესახვევებში მანქანის შეყვანაც.

ფეხბურთის გულშემატკივარმა კვირას ალბათ თვალი ადევნა "სიტი"-"იუნაიტედის" დაპირისპირებას.

რობერტო მანჩინიმ ბალოტელი ძირითადში დააყენა, მაგრამ 51-ე წუთზე, მას მერე, რაც თავდამსხმელმა რიო ფერდინანდისა და პატრის ევრას გარემოცვაში მოხვედრილმა რატომღაც ქუსლით სცადა თანაგუნდელისთვის პასის გაკეთება, "ქალაქელების" მთავარი მწვრთნელი მიხვდა, რომ მარიოსგან იმ დღეს ხეირს არ უნდა დალოდებოდა.

მანჩომ უმალ მიიხმო კარლოს ტევესი და შეცვლაზე შესვლა დაავალა. მწვრთნელის აღშფოთება შეგირდის უაზრო საქციელის გამო კამერებს არ გამოჰპარვიათ. თამაშის დასრულების შემდეგ მას ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს. აი, რა თქვა მანჩინიმ:

"მიყვარს მარიო, როგორც პიროვნება, როგორც ფეხბურთელი, მაგრამ მგონი, მოვიდა დრო, რომ მთელი კონცენტრაცია სამუშაოზე მიმართოს.

მას ყველანაირი წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ამიტომ ვამბობ, რომ ის ვალდებულია, ბევრად უფრო უკეთ გაისარჯოს, ვიდრე ამას დღეს აკეთებდა.

ჩვენ მისგან ყველანი მეტს ველოდებით. მარიო მაღალი კლასის ფეხბურთელია. როცა ასეთები ზამთრის სატრანსფერო პაუზისას გუნდიდან წასვლას ლამობენ, ნამდვილად არ მესმის, რატომ აკეთებენ ამას.

გარწმუნებთ, ცხოვრებაში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი შემხვედრია, რომელთაც ვერაფერს მიაღწიეს და ნამდვილად არ მინდა, მათი ბედი ბალოტელიმაც გაიზიაროს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული