ლიგის თასი. 1/4-ფინალი. გამოხმაურება: "ჩელსის" შეხვედრა კენი ბეიტსთან

AutoSharing Option
"ჩელსისთვის" "ლიდსთან" დაპირისპირება არ იყო რიგითი თამაში ლიგის თასის რომელიღაცა ეტაპზე.

ლონდონური გრანდი კენ ბეიტსის ახალ პირმშოს უნდა დაპირისპირებოდა. ბეიტსი ის კაცია, ვისაც "ჩელსის" ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

2003 წელს, მას მერე, რაც ბიზნესმენს პრემიერლიგის კლუბის შესანახი ფული აღარ ჰქონდა, მან ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო და ის გაყიდა.

მას მერე "სტემფორდ ბრიჯზე" თითქმის ყველაფერი შეიცვალა. მოხუცს გუნდში ორადორი ნაცნობიღა დარჩა: ფრენკ ლემპარდი და ჯონ ტერი.

"ლიდსისთვის" ეს ძალიან დიდი თამაში იქნება. ჩემს ძველ გუნდში თითზე ჩამოსათვლელ ფეხბურთელებსღა ვიცნობ. მათთან
შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო," - აცხადებდა ბეიტსი მატჩის დაწყებამდე.

კენ ბეიტსი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ რეალობა სხვანაირია: "ლიდსისთვის" "ჩელსისთან" თანაბრად ჭიდაობა შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა. "ელანდ როუდზე" სტუმრებმა მეორე ტაიმში მეტოქისგან ქვა ქვაზე არ დატოვეს.

ლიდსი-ჩელსი 1:5
გოლები: 1:0 ბეკიო (37), 1:1 მატა (47), 1:2 ივანოვიჩი (64), 1:3 მოზესი (66), 1:4 აზარი (81), 1:5 ტორესი (83)
ლიდსი: ეშდაუნი, პელტიე, პირსი, ლისი, ბაირამი, ტომასი (68. უაიტი), ბრაუნი (72. ნორისი), ტონგი, გრინი, დიუფი (73. მაკორმაკი), ბეკიო
ჩელსი: ჩეხი, ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, ლუისი, ბერტრანი (74. ე. კოული), ლემპარდი, მოზესი, ოსკარი, მატა (86. პ. ფერეირა), მარინი (60. აზარი), ტორესი

მატჩის შემდგომ
რაფაელ ბენიტესი (ჩელსი): "მომდევნო ეტაპზე გასვლით კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ვარ იმითაც, თუ როგორ გავაკეთეთ ეს. იაპონიაში მგზავრობისა და სასაათე სარტყელების ცვლილებების გადამკიდეს, ცოტა დრო გვქონდა ძალების აღსადგენად.

ინგლისში დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელებმა ფიზიკური მზადყოფნის ტესტი ჩააბარეს. შემადგენლობაში ცვლილებები სწორედ ამან გამოიწვია.

დაღლილობის მიუხედავად, გუნდმა კარგი მეორე ტაიმი ჩაატარა. დროის ამ მონაკვეთში ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც წარმომიდგენია იდეალურ სიტუაციაში.

დღეს, უპირველესად, გუნდურად ვიყავით კარგები. ამიტომ რომელიმე ფეხბურთელის ცალკე გამოყოფა უსამართლობა იქნებოდა.

გოლის მომენტში შეცდომა დავიდ ლუისმა დაუშვა, მაგრამ მხოლოდ მასზე მთელი პასუხისმგებლობის გადატანას მაინც არ ვაპირებთ, რადგან დაზღვევამ არ იმუშავა. უახლოეს პერიოდში ვიზრუნებთ, რომ დაცვა კიდევ უფრო მეტად შეიკრას".


ნილ უორნოკი (ლიდსი): "მთლიანობაში მაინც მოვახერხეთ მეტოქისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა. ანგარიშის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ცუდად არ გვითამაშია. პირველი გოლი ჩვენი შეცდომის გამო გავიდა, რის შემდეგაც "ჩელსიმ" თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოიყენა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვია".

1/2-ფინალის კენჭისყრა
ლიგის თასის 1/2-ფინალში შეხვდებიან "ბრედფორდი"-"ასტონ ვილა", "ჩელსი"-"სუონსი".

წყვილები ერთმანეთს 8 და 21 იანვარს დაუპირისპირდებიან. მომდევნო მეტოქის ვინაობის შეტყობის შემდეგ რაფა ბენიტესმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "ამჟამად ჩემი უმთავრესი ამოცანა "ასტონ ვილასთან" მე-18 ტურში გამარჯვებაა.

"სუონსი" ლიგის თასის 1/2-ფინალში გავიდა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ შეუძლებელია, ხელწამოსაკრავი მეტოქე იყოს. "გედებს" კარგი შემადგენლობა ჰყავთ. ისინი შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და რაკი ფინალს ძალიან ცოტა აშორებთ, დამატებითი მოტივაციის ძებნა არ დასჭირდებათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული