ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტურის წინ: წლის უკანასკნელი მშვიდი უქმეები

AutoSharing Option
XVIII ტურის პირველ შეხვედრაში "უიგანი" "არსენალს" მასპინძლობს. არსენ ვენგერის შეგირდებმა წინა ტურში "რედინგს" თავბედი აწყევლინეს. მათ ზედიზედ მეორე აუტსაიდერთან მოუწევთ ძალების მოსინჯვა და ისევ გასვლაზე.

რობერტო მარტინესის გუნდი საშინელ ფორმაშია, მაგრამ მას ჯერ კიდევ კარგი შანსი აქვს, რომ ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლაში ძალიან არ ჩამორჩეს. შესაბამისად, DW Stadium-ზე "უიგანი" მაქსიმალურად შეეცდება 3 ქულის აღებას.

ჩრდილოლონდონელთა ბანაკში სიტუაცია მეტნაკლებად ლაგდება. შუა კვირაში გუნდმა ერთბაშად ხუთ ფეხბურთელთან გააფორმა ახალი ხელშეკრულებები.

* წყვილში ფავორიტი აშკარაა - "არსენალი".

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის ყველაზე სუსტ გუნდს
ხვდება. "არისტოკრატებმა" ზედიზედ 6 თამაში წააგეს ჩემპიონატში და რა შანსი შეიძლება ჰქონდეთ მოქმედ ჩემპიონთა გასვლით შეხვედრაში, თავად დაასკვენით.

ორშაბათს "არსენალთან" განადგურების შემდეგ ბრაიან მაკდერმოტის შეგირდები თავად აცხადებდნენ: "კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ერთი რანგით უფრო დაბალი ლიგისთვის. განსხვავება ჩვენსა და პრემიერლიგის ლიდერებს შორის კოლოსალურია".

ფსიქოლოგიურად გატეხილი ფეხბურთელების საბრძოლველად განწყობა კი ურთულესი საქმეა.

* ბუკმეიკერები "ქალაქელთა" მოგებაზე ფსონს ძალიან ცოტას ჩამოდიან. ცხადია, ჩვენც "სიტის" მოგებაზე ვდგავართ.

გაუქმებული შობა
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ "ნიუკასლის" მიერ ალან პარდიუსთან 8-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ "კაჭკაჭების" ბანაკში რაღაც აირია (ბოლო 7-დან 6 წაგება). ჩრდილოელები იმდენად დაჩაჩანაკდნენ, ცოტა აკლიათ, "რედინგსაც" გაუტოლონ თავი.

გუნდში იმდენად არიან დაძაბულები, რომ საშობაო სადღესასწაულო ღონისძიებებიც კი გაუქმდა.

22 დეკემბერს "ნიუკასლის" მეტოქე აუტსაიდერთა რიგებიდან არის, რომელსაც მთლად აუტსაიდერადაც აღარ განვიხილავთ. "ქუინზ პარკს" ჰარი რედნაპი ჩაუდგა სათავეში, ვინც "რეინჯერებს" თავისი ხელი უკვე დაატყო.

* ჩვენი პროგნოზით სტუმარს "სენტ ჯეიმს პარკიდან" მინიმუმ ქულის წაღება შეუძლია.

"შავმა კატებმა" სეზონი სტაბილურად დაიწყეს, მაგრამ მერე თამაშს ძალიან მოუკლეს და აუტსაიდეტთა შორის დაეშვნენ. პირიქით მოხდა "საუთჰემპტონის" შემთხვევაში. "წმინდანებმა" ბოლო პერიოდში შესამჩნევად მოუმატეს.

მასპინძლებს წინა ტურში არ უთამაშიათ და, წესით, მეტი ენერგია უნდა ჰქონდეთ მიზნის მისაღწევად.

* ჩვენი პროგნოზით, "სანდერლენდს" უნდა გაუჭირდეს ქულის აღება, თუმცა ამ შედეგს გამორიცხვითაც ვერ გამოვრიცხავთ.

გარანტირებული არაფერია
"ტოტენჰემს" ზედიზედ მეორე შეხვედრა უწევს "უაით ჰართ ლეინზე". მეტოქე ამჯერადაც ისეთი გუნდია, ვისთანაც გარანტირებულ მოგებაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია.

კარგია, რომ "დეზების" შემადგენლობაში სკოტ პარკერის შემდეგ მეორე ლიდერიც ბრუნდება - გარეთ ბეილმა ნატკენი ფეხი უკვე მოირჩინა.

* პროგნოზი ასეთია: სტუმარს სერიოზული ოფლის ღვრა მოუწევს თუნდაც ქულის ასაღებად. ჩვენ უფრო მასპინძელთა მოგებას ველოდებით.

სეზონის წინ ძნელად თუ ვინმე იტყოდა, რომ "ვესტ ბრომვიჩი"-"ნორვიჩის" დაპირისპირება შეიძლებოდა ყველაზე საინტერესო ყოფილიყო უქმეებზე.

რეალობა ასეთია: მასპინძელს მცირე ჩავარდნა აქვს, მაგრამ ეს სულაც არ აკნინებს მის შანსებს ამ შეხვედრაში.

სტუმარი არნახულ ფორმაშია. კრის ჰიუტონის გუნდი 10 თამაშია ჩემპიონატში არ დამარცხებულა. ჰოდა, ყველა წარმატებულ სერიებსც აქვთ ხოლმე დასასრული...

აუცილებლად ასაღები 3 ქულა
"ჩაქუჩებს" ცუდი დროება უდგათ. ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, სემ ელერდაისის გუნდს ფავორიტებთან შეხვედრებში პირველ რიგში ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათო.

ეს რაღაცით ჰგავს სიმართლეს, თუკი "ტოტენჰემთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "ლივერპულთან" მატჩებს გავიხსენებთ.

"ჩელსისთან" მატჩი ამ შემთხვევაში სხვა თემაა. "აპტონ პარკს" ზედიზედ მეორე მერსისაიდული კლუბი სტუმრობს. "ევერტონს" დისკვალიფიცირებული მარუან ფელაინი აკლია, რაც სტუმართა შანსებს ერთიორად ამცირებს.

* ჩვენი პროგნოზი: ფრე.

"ლივერპულს" მიჯრით მეორე საშინაო შეხვედრა ელის. "წითლებმა" უსიკვდილოდ უნდა აიღონ 3 ქულა და "ენფილდზე" თავმოყრილი ფანების წინაშე "ასტონ ვილასთან" სამარცხვინო გამოსვლისთვის ბოდიში მოიხადონ. მით უფრო, რომ "ფულჰემი" ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე.

ფეხბურთელებს ესმით, რომ კიდევ ერთი წაფორხილება და ბრენდან როჯერსის ავტორიტეტი მეტისმეტად შეილახება.

* ჩვენი პროგნოზი: მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვება.

ფერგის კონცენტრაცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ტრადიციულ წინასაშობაო საქველმოქმედო ღონისძიებას ალექს ფერგიუსონი იშვიათად აკლდება ხოლმე. წელს გამონაკლისი იყო. შოტლანდიელის თქმით, ის მაქსიმალურად არის კონცენტრირებული ახალ წლამდე დარჩენილ შეხვედრებზე.

ვეტერანი მწვრთნელი ხვდება, რომ გარკვეული უპირატესობის მიუხედავად, მის გუნდს გარანტირებული არაფერი აქვს. ცხადია, ამას მოთამაშეებიც ხვდებიან.

* ჩვენი აზრით, "ეშმაკებს" შეუძლიათ მოგება, მაგრამ არც "გედებისგან" არის რამე გასაკვირი.

"ასტონ ვილას" გასავარდნი ზონიდან 3 ქულა აშორებს. ასეთ დროს გუნდს აუტსაიდერის გარდა სხვა იარლიყს ვერ მიაწებებ, თუმცა ბირმინგემელებისთვის ის მაინც არ გვემეტება და მხოლოდ იმიტომ არა, რომ "ენფილდზე" წინა ტურში ზღაპრულად ითამაშეს.

პოლ ლამბერტის განკარგულებაში საკმაოდ კვალიფიციური შემადგენლობაა იმისთვის, რომ გუნდმა დარჩენაზე ცოტა უფრო ამბიციური გეგმები დაისახოს.

* "ჩელსი" ამ შეხვედრაში ფავორიტია, მაგრამ "ვილას" ხაზს ასე იოლად ნუ გადაუსვამთ.

ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური
22 დეკემბერი
უიგანი-არსენალი 16:45
ტრავმა: მიაიჩი, კრუსატი, ალკასარი, უოტსონი - სანტოსი, დიაბი, ფაბიანსკი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +3=2-13 (15-40)

სიტი-რედინგი 19:00
ტრავმა: კომპანი, რიჩარდსი, მილნერი, როდუელი - მორისონი, მაკარტი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +0=0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +4=1-6 (9-15)

ნიუკასლი-ქუინზ პარკი 19:00
ტრავმა: გოსლინგი, ს. ტეილორი, კაბაი, რ. ტეილორი, ვუკჩიჩი - პარკი, ზამორა, ჯონსონი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +13=7-12 (45-50)

საუთჰემპტონი-სანდერლენდი 19:00
ტრავმა: ლალანა, გასანიგა - ბერდსლი, ლ. კატერმოული, ბრაუნი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +16=7-9 (44-32)

ტოტენჰემი-სტოკ სიტი 19:00
ტრავმა: ბეილი, კაბული - დელაპი, უილსონი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 61 თამაში: +31=14-16 (95-64)

ვესტ ბრომვიჩი-ნორვიჩი 19:00
ტრავმა: ფოსტერი - სარმანი, რადი
დისკვალიფიკაცია: მულუმბუ -
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +17=12-14 (54-45)

ვესტ ჰემი-ევერტონი 19:00
ტრავმა: ბენაიუნი, მაკარტნი, დიამე, დიარა, კოლისონი, ვას ტე, კეროლი - მირალიაში, ჰიბერტი, ანიჩებე, ნევილი
დისკვალიფიკაცია: - ფელაინი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 107 თამაში: +30=23-54 (122-185)

ლივერპული-ფულჰემი 21:30
ტრავმა: ბორინი, კელი - ს. დევისი, რუისი
დისკვალიფიკაცია: - სიდუელი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +20=11-9 (65-36)

23 დეკემბერი
სუონსი-იუნაიტედი 17:30
ტრავმა: პ. ერნანდესი, ნ. ტეილორი - ევანსი, კაგავა, ანდერსონი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +1=1-4 (3-6)

ჩელსი-ასტონ ვილა 20:00
ტრავმა: რომეუ - ბენტი, ვლაარი, დანი, გარდნერი
დისკვალიფიკაცია: მიკელი -
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 133 თამაში: +51=32-50 (200-198)

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები: 12 - მიგელ მიჩუ (სუონსი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 11 - დემბა ბა (ნიუკასლი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული