დენიელ სტარიჯი - დაკარგული ღიმილის ძიებაში

AutoSharing Option
იანვრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა. პირველი საინტერესო გარიგებები უკვე შედგა და მათ შორის ყველაზე დიდი ინტერესი ინგლისის ნაკრების წევრის, 23 წლის დენიელ სტარიჯის "ჩელსიდან" "ლივერპულში" გადასვლამ მიიპყრო.

მხარეთა შორის კონტრაქტი 2018 წლის ივნისის ბოლომდე გაფორმდა. თავდამსხმელმა მერსისაიდული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს პირველი ინტერვიუ მისცა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

- დენიელ, მთელი "ლივერპულის" სახელით მოგესალმებით. როგორი შეგრძნებები გეუფლებათ?
- მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბის ფეხბურთელი გავხდი.

ჩემთვის ეს უზარმაზარი პატივია. უკანასკნელმა 24-მა საათმა მშვიდად ჩაიარა. ისედაც ვიცოდი, რომ
ჩემი ლივერპულელობა მხოლოდ დროის საკითხი იყო. ახლა უკვე ყველაფრისთვის მზად ვარ.

- თქვენი პირველი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ.
- ზუსტად იმას ვფიქრობ, რაც ისედაც ვიცოდი, "ლივერპული" უდიდესი კლუბია და აქ თამაში ყველასთვის განსაკუთრებული პატივია.

- რა გითხრათ ბრენდან როჯერსმა?
- მისი თქმით დიდი პერსპექტივა მელის. აქ ნამდვილად არ მოვსულვარ იმისთვის, რომ ცოტა ხანი ვითამაშო და მერე სხვაგან წასვლაზე ვიფიქრო.

იმედი მაქვს, "ენფილდზე" იმდენი ხნით დავრჩები, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელი იქნება. მიხარია, რომ მენეჯერს ჩემი სჯერა.

- როჯერსს კონკრეტული გეგმები აქვს და თქვენ მათი ნაწილი ხართ.
- დიახ და ამის გამო ცოტა ვნერვიულობ კიდეც. მოუთმენლად ველოდები დღეს, როცა თამაშის საშუალება მომეცემა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, სათამაშო პრაქტიკაც მაკლდა, თუმცა ახლა უკვე მზად ვარ. იმედს ვიტოვებ, რომ ყველანი ერთად გულშემატკივრებს დიდ წარმატებებს ვაჩუქებთ.

- მოედანზე სად ხედავთ საკუთარ თავს?
- თავდასხმის ცენტრში. საუკეთესო თვისებების წარმოჩენა სწორედ ამ პოზიციაზე შემიძლია, თუმცა ფლანგზეც მითამაშია და დროთა განმავლობაში ამასაც შევეჩვიე.

არასოდეს მითქვამს უარი ამა თუ იმ პოზიციაზე და მწვრთნელებისგან ეს არც არასოდეს მომითხოვია. კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთებ ყველაფერს, რასაც დამავალებენ. ვეცდები, ფანებს სახეზე ღიმილი დავუბრუნო.

- თავდასხმაში ლუის სუარესთან ერთად მოგიწევთ თამაში.
- ძალიან კარგია ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიც სუარესია. ის უნიჭიერესი ფეხბურთელია. მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად მივიჩნევ.

- მასთან ერთად ძლიერი დუეტის ჩამოყალიბებას იმედოვნებთ?
- დარწმუნებული ვარ, რომ იოლად შევთამაშდებით და მეტოქის მცველებს კოშმარად მოვევლინებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული