"ჩელსის" გარდამტეხი ასაკი

AutoSharing Option
“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელმა რაფა ბენიტესმა გულწრფელად განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში მის გუნდს სერიოზული ამოცანების გადაჭრა საკმაოდ გაუჭირდება, რადგან გუნდი, პრაქტიკულად, თავიდან იქმნება.

პრინციპში, ლოგიკა გასაგებია, რადგან არა ერთ და ორ ექსპერტს აღუნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიო “სტემფორდ ბრიჯიდან” დიდი ხანია წავიდა, “ჩელსი” ისევ მისეული სტილითა და კლიშეებით განაგრძობდა თამაშს.

პირველი, ვინც “განსაკუთრებული კაცის” გავლენისგან გათავისუფლება სცადა, ანდრე ვილაშ ბოაში იყო, მაგრამ მას საკმარისი დრო არ მისცეს.

“ჩემგან იმის მტკიცება, რომ “ჩელსიში” დიდი გარდაქმნების ეპოქის მომსწრენი ვართ,
ზედმეტი მგონია. გულშემატკივრებს ეს კარგად უნდა ესმოდეთ. ცხადია, შედეგები უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ გუნდი მშენებლობის ფაზაშია, ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. ყველამ, ვინც ჩვენს თამაშს აანალიზებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ გვყავს ახალწვეულები, რომელთაც გამოცდილება ჯერ კიდევ აკლიათ სათანადო დონეზე სათამაშოდ. გვყავს ასევე ვეტერანი ფეხბურთელებიც და ამ ორ კატეგორიას ერთმანეთთან საერთო ენა ჯერ კიდევ გამოსანახი აქვს. როცა ეს მოხდება, სასურველ შედეგსაც მხოლოდ მაშინ ვნახავთ,”
– აცხადებს რაფა ბენიტესი.

ლამპარდის მანჩესტერული მომავალი
ინგლისური პრესის ვარაუდით, ფრენკ ლამპარდი კარიერის გასაგრძელებლად პრემიერლიგის კლუბს არ აირჩევდა. თუმცა ვარაუდი იმისია, რომ ის ან გამართლდება, ან – არა.

იმპერატიული ტონით ამაზე წერას, ცხადია, ჩვენ ვერ შევუდგებით. რიგი წყაროების მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუკი პოლ სქოულზი ზაფხულზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს (რისი ალბათობაც ძალიან დიდია), “ეშმაკები” ლამპარდს ერთწლიან თანამშრომლობას შესთავაზებენ, თანაც გაგრძელების პერსპექტივით.

მოლაპარაკებები მხარეთა შორის უკვე დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ ლამპარდი წლების განმავლობაში “ჩელსის” ლიდერი და შესაბამისად, “იუნაიტედის” “დაუძინებელი მტერი” იყო, მანკუნიანელთა ფანები მის მიმართ ზიზღს ნამდვილად არ გრძნობენ. ინგლისში ანალოგიური დადებითი განწყობილება კიდევ ერთი ფეხბურთელის მიმართ არსებობს; რასაკვირველია, სტივ ჯერარდზე მოგახსენებთ.

დედაქალაქელთა სამიზნეში: ფელაინი, ბენიატი...
“ჩელსის” “ევერტონიდან” მარუან ფელაინის ყიდვა რომ სურს, ამაზე არაერთხელ დაგვიწერია. ლონდონელები მერსისაიდელებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 22 მილიონ ფუნტად სთავაზობდნენ ფეხბურთელის გაყიდვას. როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე გარიგება არ შედგება. დევიდ მოიესის თქმით, “ევერტონი” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია ჩაბმული და 24 წლის ლიდერთან გამოთხოვება მისი მხრიდან დანაშაული იქნებოდა. “ჩელსის” იმედი აქვს, რომ ბელგიელს სეზონის დასრულების შემდეგ მაინც ჩაიგდებს ხელთ.

დასავლეთლონდონელები ლამპარდის შეცვლას სწორედ ფელაინით აპირებენ. თავის მხრივ, “ევერტონს” ნამდვილად არსად ეჩქარება. ბელგიელის კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ფელაინის გარდა, “ჩელსის” “ბეტისის" ცენტრალური ნახევარმცველის, 25 წლის ბენიატ ეჩებარიას ყიდვა აქვს ჩაფიქრებული. AS-ის მტკიცებით, სევილიელები ლიდერს 20 მილიონ ევროდ აფასებენ. ლონდონელები კი მხოლოდ ამის ნახევარს ჩამოდიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რომან აბრამოვიჩი: აქ მე ვარ ბოსი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული