არასაფეხბურთო ინტერვიუ ლეიტონ ბეინსთან

AutoSharing Option
“ევერტონისა” და ინგლისის ნაკრების 27 წლის მარცხენა მცველი ლეიტონ ბეინსი პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად არის აღიარებული.

მასთან ინტერვიუ ჟურნალმა NME-მ (New Musical Express) აიღო. როგორც ხვდებით, ამ გამოცემას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს. ჟურნალი ლივერპულელი ვარსკვლავის გატაცებით დაინტერესდა. ლეიტონი მუსიკის დიდი თაყვანისმცემელია და განსაკუთრებით, ბრიტანულ როკს სწყალობს. საუბარი მთლიანად ამ თემას მიეძღვნა. მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

- ალბათ, გაკვირვებული დარჩით, თუ რამხელა ყურადღება დაიმსახურა თქვენს ბლოგზე გამოქვეყნებულმა ჩანაწერმა მუსიკის შესახებ.
- დიახ. მე ადრეც ვუზიარებდი ხალხს ჩემს შთაბეჭდილებებს მუსიკაზე, მაგრამ მერე
შევწყვიტე, რადგან ისინი მთხოვდნენ, კონკრეტული ჯგუფისთვის მომესმინა და მერე ჩემი აზრი დამეფიქსირებინა. ეს კი ჩემს სტილში არ ჯდება. ახლა კი კაფეში ვიჯექი მოწყენილი და გადავწყვიტე, ჩანაწერი გამეკეთებინა. თავისი როლი ითამაშა “ტვიტერმაც”, სადაც ხალხმა მისი გაზიარება დაიწყო. ყველაფერი ამის მერე დაიწყო.

- თქვენი აზრით, რატომ უკვირს ხალხს, როცა იგებს, რომ ფეხბურთელი გემოვნებიან მუსიკას უსმენს?
- ფანებს ფეხბურთელების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპი აქვთ. ფიქრობენ, რომ ჩვენ ყველანი ჰიპ-ჰოპის ან R'n'B-ის მსმენელები ვართ. ასეთებიც არიან, მაგრამ არა 100%-ით. უცნაურია, რომ როკის თაყვანისმცემელი ფეხბურთელი გამონაკლისად აღიქმება.

- ჩვენმა ჟურნალმა Tame Impala-ს Lonerism წლის ალბომად დაასახელა. თქვენს თანაგუნდელებს თუ მოასმენინეთ ის?
- ხშირად ვრთავ ჩემს საყვარელ მუსიკას გასახდელში, მათ შორის, ამ ჯგუფსაც, მაგრამ... სიმართლე გითხრათ, უმრავლესობას მისი ატანა არ აქვს. მათი გემოვნების დახვეწა ნამდვილად არ გამომდის.

- თქვენ მაილზ კეინთან (ცნობილი ლივერპულელი როკვარსკვლავი. რედ.) მეგობრობთ?
- დიახ, უკვე რამდენიმე წელია, რაც ვიცნობთ ერთმანეთს. მოსმენილი მქონდა მისი და The Rascals-ის სიმღერები და ვიცოდი, ვინც იყო. ახლაც, როცა სოლო-კარიერას მისდევს, მგონია, რომ საქმე კარგად გამოსდის.

- ლივერპულური ბენდებიდან ვინ მოგწონთ?
- მაგალითად, მომეწონა The Sea-ს ახალი ალბომი; სასიამოვნო მოსასმენია The Wicked Whispers-ის სიმღერები. თითქოს 60-იანების სულით არიან გაჟღენთილები.

- პირველად ვისი დისკი შეიძინეთ?
- 10-11 წლისა ვიყავი, როცა უფროსი ბიძაშვილი ბობ დილანსა და “პინკ ფლოიდს” მასმენინებდა და მისი მოწეული სიგარეტის ბოლიც ბევრი მიყლაპია.

- ფეხბურთელი ჯანმრთელი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს. ახერხებთ მუსიკალურ ფესტივალებზე დასწრებას და გართობას?
- უკანა რიგებში ვზივარ ხოლმე და მუსიკას ვუსმენ, ატმოსფეროთი ვტკბები. თუმცა ამ მხრივ დიდად არ მიმართლებს, რადგან რომელ ფესტივალსაც უნდა დავესწრო, კოკისპირული წვიმა აუცილებლად წამოვა.

- შეგიძლიათ ფეხბურთისა და მუსიკის სიყვარული ერთმანეთს შეადაროთ?
- მუსიკა ფეხბურთისგან განტვირთვაში მეხმარება და როცა მოედნიდან გამოვდივარ, ტელევიზორში თამაშების ყურების სურვილი უკვე აღარ მიჩნდება. თამაში კი იმდენად მიყვარს, რომ მას არასოდეს არაფერზე გავცვლიდი.

- ვის უწოდებდით თქვენს მუსიკალურ კერპს?
- ალბათ, ბობ დილანს. შარშან მეგობართან ერთად დავესწარი მის კონცერტს და თითქოს ტაძარში მოვხვდი. მისი ცოცხლად მოსმენა საოცარი იყო. არადა, თითქოს მის მუსიკას უკვე წლებია, ვუსმენ. ემოციური საღამო იყო.

- ვის კონცერტზე დასწრებაზე ოცნებობთ?
- ჯგუფის, რომელიც აღარ არსებობს – “ბითლზის”. სამწუხაროა, რომ ეს ოცნება არ ამიხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლეიტონ ბეინსი კმაყოფილია, როი ჰოჯსონი კი ფრთხილობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული