გორდონ სტრახანი - შოტლანდიელთა ახალი სარდალი

AutoSharing Option
55 წლის გორდონ სტრახანი შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 15 იანვარს, შუადღისას დაინიშნა.

გამოცდილი სპეციალისტი 2010 წლის ოქტომბრიდან უმუშევარი გახლდათ, მას მერე, რაც “მიდლსბრო” საკუთარი ნებით დატოვა. იქამდე ის “ქოვენთრიში” (1996–2001), “საუთჰემპტონსა” (2001/04) და “სელტიკშიც” (2005/09) მუშაობდა.

მისი წინამორბედი კრეიგ ლევაინი წარუმატებელი მუშაობის გამო (4 შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა) გასული წლის 5 ნოემბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ პოსტიდან დაითხოვეს.

ჯერჯერობით დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, მაგრამ როგორც ბრიტანული ვებგვერდები წერდნენ, სტრახანთან კონტრაქტი ევრო 2016-ის დასრულებამდე
უნდა გაფორმებულიყო.

შეგახსენებთ, რომ მას შოტლანდიის ნაკრებში 1980/92 წლებში 50 თამაში აქვს ჩატარებული, რისი წყალობითაც საფეხბურთო ასოციაციამ რამდენიმე წლის წინ ის ქვეყნის საფეხბურთო დიდების დარბაზში შეიყვანა.

სტრახანის გარდა, ასოციაცია ვაკანტურ პოსტზე სხვა სპეციალისტებსაც განიხილავდა, მაგალითად ოუენ კოილს, ჯო ჯორდანს, ლოთარ მათეუსს, ასევე, შოტლანდიის U21-ის დამრიგებელ ბილი სტარკს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კრეიგ ლევაინის თავისტკივილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული