დავიდ დე ხეა: იმედი, რომელიც გაქრა

AutoSharing Option
22 იანვრის The Telegraph-ის მტკიცებით, “ტოტენჰემთან” შეხვედრაში დავიდ დე ხეას მიერ დაშვებული გადამწყვეტი შეცდომის შემდეგ (გამოსვლაზე შეცდა, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და გაათანაბრეს) “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა 22 წლის ესპანელი გოლკიპერისადმი ნდობა საბოლოოდ დაკარგა.

შოტლანდიელი მომდევნო სეზონისთვის ახალი მეკარის ძებნას მალე შეუდგება. 2011 წლის ზაფხულზე მადრიდის “ატლეტიკოდან” დე ხეას შეძენა “ეშმაკებს” 18 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. ფერგის ეგონა, რომ დე ხეა პეტრ ჩეხის გზას გაიმეორებდა და ახალგაზრდულ ასაკშივე მოახერხებდა მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულეს ჩემპიონატში თავის დამკვიდრებას.

შეგახსენებთ, რომ 2002 წელს,
როცა ჩეხმა “ჩელსისთან” კონტრაქტი გააფორმა, 22 წლის იყო. 9 წელია, ის ლონდონური გრანდის უცვლელი პირველი ნომერია. “იუნაიტედის” დამრიგებელს მიაჩნია, რომ მისი შეგირდი ფიზიკურად უფრო უნდა მომძლავრებულიყო ინგლისში გატარებული 1,5 წლის განმავლობაში.

თავისთავად, ეს არ არის გამოუვალი მდგომარეობა, თუკი დე ხეა მოინდომებს და ტრენაჟორებზე ვარჯიშს მეტ დროს დაუთმობს, მაგრამ წმინდა საფეხბურთო კომპონენტებს რაც შეეხება, გოლკიპერმა ოდნავადაც ვერ გააუმჯობესა გამოსვლებსა და ფლანგურ ჩაწოდებებზე თამაში.

სერ ალექსი ფიქრობს, რომ მცველებსა და მეკარეს შორისაც მეტი შეთამაშებაა საჭირო. დე ხეამ კი დღემდე ვერ ისწავლა თანაგუნდელების მართვა კონკრეტულ სიტუაციებში.

სეზონის დასრულებამდე “იუნაიტედს” ისევ დე ხეას იმედად მოუწევს ყოფნა, რადგან ანდერს ლინდეგორს ის რეაქციით მაინც სჯობს. დანარჩენ კომპონენტებში კი დანიელი ესპანელს ბევრით არ აღემატება.

კონკრეტულ კანდიდატურებზე მსჯელობა ახლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ფერგის სამიზნეში აუცილებლად მოექცევა “სტოკ სიტის” 25 წლის კარის მცველი ასმირ ბეგოვიჩი. ბოსნიელმა გიგანტმა (196 სმ) მიმდინარე სეზონში ყველა მოხიბლა თავისი თამაშით. თუკი მისი ამპლუის ფეხბურთელთაგან წელს პრემიერლიგაში ვინმეზე შეიძლება ითქვას, კარგად თამაშობსო, პირველ რიგში, სწორედ ბოსნიელია.

ფანტასტიკურ სეზონს ატარებს “ქუინზ პარკის” 33 წლის ბრაზილიელი ჟულიო სეზარიც, მაგრამ სამხრეთამერიკელი უკვე საპატიო ასაკშია, ფერგიუსონი კი შედარებით ახალგაზრდას ეძებს.

“წითელი ეშმაკების” ბოსებს დე ხეასთან გამოთხოვებას ურჩევს 70-80-იანი წლების “ლივერპულის” ლეგენდარული ცენტრალური მცველი ალან ჰანსენიც. “იუნაიტედის” საჩემპიონო ამბიციები იქამდე დარჩება ეჭვქვეშ, ვიდრე მისი პირველი ნომერი გუნდს ასეთი ბრიყვული შეცდომებისგან არ დააზღვევს. “ტოტენჰემთან” შეხვედრის შემდეგ მე მას უკანასკნელ გაფრთხილებას მივცემდი,” – აცხადებს ის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავიდ ხილი დავიდ დე ხეას მერე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული