ლუ-ლუ-ლუ, ლუკას პოდოლსკი

AutoSharing Option
"კიოლნის" გულშემატკივრები "პრინც პოლდის" წლების განმავლობაში სწორედ ამ სიმღერით ამხნევებდნენ.

ინგლისელი ფანების სიყვარული და ერთგულება ფეხბურთელებისადმი საყოველთაოდ ცნობილია. ვერ გეტყვით, "მეთოფეები" ოდესმე თუ შეიყვარებენ პოდოლსკის ისე ძლიერ, როგორც "თხები" ("კიოლნის" მეტსახელია), მაგრამ 24 იანვარს ლუკასი ჩრდილოლონდონელებისთვის პრინციც იყო, მეფეც და ალბათ, იმპერატორიც.

ჰოკეის წესით თუ ვიმსჯელებთ, 27 წლის გერმანელმა 4 ქულა აიღო ქალაქურ დერბიში. ამას კი "ემირიტსის" ტრიბუნებზე შეკრებილი ფანები არასოდეს დაივიწყებენ. "არსენალის" მიერ "ვესტ ჰემის" რბევაზე ბევრს არაფერს გეტყვით. მოდი, პირდაპირ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გადავიდეთ და არსენ ვენგერის შეფასება
მოვისმინოთ:

"დიახ, გუნდისგან ზუსტად ის შედეგი მივიღე, რასაც ველოდი. ვგრძნობდი, რომ ასე მოხდებოდა. "ჩელსისთან" მეორე ტაიმს რამდენჯერმე ვუყურე, სადაც აშკარად გამოჩნდა, რომ საკმაოდ საინტერესო ფეხბურთი ვაჩვენეთ. დღეს კი ყველაფერს მიზანმიმართულად ვაკეთებდით. პირველ ტაიმში თამაშის მიმდინარეობას მთლიანად ვაკონტროლებდით. გოლი იმიტომ გავუშვით, რომ რაღაც მომენტში დაგვავიწყდა, რომ "ვესტ ჰემს" კარგი თავდასხმა ჰყავს. მეორე ნახევარში კი მომენტს მომენტზე ვქმნიდით და საკმაოდ სწრაფ ტემპში ავთამაშდით. მაღალმა ტემპმა და კომბინაციურმა ფეხბურთმა კი შედეგი გამოიღო. სამწუხაროა, რომ თამაშის მიწურულს დენ პოტსმა ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც მეტოქე 10 კაცით დარჩა და თამაშს ინტრიგა მოაკლდა.

ლუკას პოდოლსკის ასპარეზობა აუცილებლად უნდა გამოვყო. მან ფანტასტიკურად ითამაშა. ლუკასმა უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი გოლი გაიტანა, თანაც ისეთი დაუჯერებელი დარტყმით, რომ მეკარეს მისი მოგერიების შანსი თითქმის არ ჰქონია. პოლდიმ დანარჩენ საგოლე კომბინაციებშიც მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ეს მისი საუკეთესო თამაში იყო მას მერე, რაც ჩვენთან თამაშობს. სწორედ მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას ეს გამოუვიდა კიდეც. "არსენალში" ბევრი ფეხბურთელია, ვისაც გარემარბის პოზიციაზე შეუძლია თამაში, მაგრამ ის ნამდვილად საუკეთესოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნუ გააბრაზებთ თოფიან კაცებს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული