ედენ აზარი მკაცრად დაისჯება?

AutoSharing Option
ფეხბურთის გულშემატკივარი ალბათ ბევრჯერ ყოფილა მოწმე, როცა საფეხბურთო მატჩი 0:0 დასრულებულა, მაგრამ მასზე მაინც ბევრი ყოფილა სალაპარაკო.

"სუონსი"-"ჩელსის" მატჩს ასეთთა კატეგორიას ვერ მივაკუთვნებთ. ამის მიზეზი კი ნამდვილად არ არის ის, რომ სანახაობა იყო ძალიან ცუდი.

არა, ის, რაც შეხვედრის მე-80 წუთზე მოხდა, საფეხბურთო პერიპეტიებზე წერის სურვილს გვიქრობს. მოედანზე ბევრჯერ გვინახავს წაკინკლავებული მეტოქეები; ყოფილა შემთხვევა, როცა თანაგუნდელებსაც უჩხუბიათ ერთმანეთთან, თუმცა ფეხბურთელსა და ბურთის მიმწოდებელ ბიჭს შორის ღია კონფლიქტი იშვიათი სანახაობაა.

პრინციპში, მსგავსი რამ ჩვენ ნამდვილად არ გვახსენდება. ედენ აზარმა და ჩარლი
მორგანმა
(ასე ჰქვია დაზარალებულს) შეხვედრის 79-ე წუთზე ბურთისთვის ბრძოლა (!) კუთხურის ალამის სიახლოვეს გამართეს, რაშიც, საბოლოოდ, "გამარჯვებული" "ჩელსის" 21 წლის ვარსკვლავი გამოვიდა.

ბელგიელს ამისთვის ბედშავი უელსელისთვის კარგა მადლიანი წიხლის ჩაზელაც კი დასჭირდა. ეპიზოდის ნახვა სხვადასხვა რაკურსით შეიძლება. საბოლოოდ შეიძლება დაასკვნა, რომ რაკი მორგანმა გამოცდილი მორაგბესავით ბურთი რაკში გადაიტანა და აზარს მისი დაუფლების საშუალებას არ აძლევდა, ედენმა ფეხით ტანქვეშ ამოდებული ბურთის გამოგორება სცადა, მაგრამ ბურთის ნაცვლად ბუცი ბიჭს მოარტყა.

გვერდითა არბიტრმა ყველაფერი კარგად დაინახა და კრის ფოის მოახსენა. არბიტრმა აზარი ფეხის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის წითელი ბარათით დასაჯა. აქვე გეტყვით, რომ ინციდენტის მონაწილე ბიჭი "სუონსის" ერთ-ერთი დირექტორის ვაჟია.

მატჩის შემდეგ სპეციალური განცხადება გააკეთა უელსელთა პრესსამსახურმა, სადაც ვკითხულობთ: "ჩარლი მორგანი მატჩის დასრულების შემდეგ "ჩელსის" გასახდელში მიიწვიეს. იდეა ფრენკ ლამპარდსა და ჯონ ტერის ეკუთვნოდათ. ფეხბურთელებმა მას ხელი ჩამოართვეს და ედენ აზარს წარუდგინეს. ისინი შერიგდნენ და ფიქრობენ, რომ საკითხი ამით უნდა ამოიწუროს. ჩარლი "ლიბერთი სტედიუმზე" უკვე 6 წელია, ბურთების მიმტანად მუშაობს და მას აქამდე არავისთან ინციდენტი არ მოსვლია".

საჯაროდ მოიხადა ბოდიში თავად აზარმაც. ინტერვიუ მან "ჩელსის" ტელეარხს მისცა: "ბიჭი ბურთს მთლიანად ფარავდა, მე კი მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ ის მინდორზე დამებრუნებინა. ფეხი ბურთის გამოსაგორებლად მოვიქნიე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ მას მოვარტყამდი. ამ ინციდენტის გამო ყველას ბოდიშს ვუხდი. თამაშის დასრულების შემდეგ მე მას შევხვდი, ყველაფერი ავუხსენი და პატიება ვთხოვე. მან თავის მხრივაც მომიბოდიშა. ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდა".

რეაქცია ინციდენტზე
საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენელი: "საკუთარ თავს ასეთი რამის უფლება მისცე და თანაც ადამიანთან, ვინც შენზე ბევრად პატარაა, აბსოლუტურად მიუღებელია. ფეხბურთელებს იმის უფლებაც კი არ აქვთ, რომ მათ ხელით შეეხონ, არათუ მიწაზე დააგდონ და ფეხები ურტყან. აზარის წინააღმდეგ სანქციაზე მსჯელობას მალე შევუდგებით. ვფიქრობთ, სეზონის ბოლომდე მისი დისკვალიფიკაცია ლოგიკური იქნება".

რაფა ბენიტესი (ჩელსი): "თამაშის შემდეგ ბიჭუნა აზარს შეხვდა და აღიარა, რომ არასწორად მოიქცა. ჩვენი მხრივაც ვაცხადებთ, რომ არც აზარის საქციელი იყო მოსაწონი. ფაქტია, ორივე მხარე შეცდა. ამის შეცვლა კი უკვე შეუძლებელია. ედენს აუცილებლად შევხვდებით ცალკე. ვიმეორებ, მის საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ ფაქტია, რომ მას მხოლოდ ბურთის თამაშში დაბრუნება უნდოდა. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ფაქტია, რომ მან გუნდი სწორედ მაშინ დააღალატა, როცა თამაშის ბედის გადაწყვეტა ასე ძალიან გვჭირდებოდა".

მიკაელ ლაუდრუპი (სუონსი): "ჩემი შეფასებით, აზარმა მომსახურე ბიჭს ხელი ჰკრა და მერე ფეხი ჩაარტყა. მართალია, ეპიზოდს დიდი მანძილიდან ვუყურებდი, მაგრამ გამეორებაზე ყველაფერი ვნახე და ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. მეორე მხრივ, მესმის მისი აღშფოთებაც, რადგან "ჩელსი" ამ მომენტისთვის ლიგის თასს ემშვიდობებოდა. აზარი დიდი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, რომ თამაშის მერე ინანა ის, რაც ჩაიდინა".


ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი): "თავი ადამიანს იმისთვის სჭირდება, რომ იაზროვნოს. ჩემი აზრით, აზარს სამუდამო დისკვალიფიკაცია ეკუთვნის. ბურთის მომტან ბიჭზე თავდასხმა ზუსტად ის არის, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ინგლისურ ფეხბურთში მოხდებოდა".

ჩვენი მხრივ, გავთავხედდებით და ლეგენდარულ შოტლანდიელს შევახსენებთ, რომ 1995 წელს "კრისტალ პალასის" "სელსჰარტ პარკზე" ერიკ კანტონას მიერ გულშემატკივრის ცემის გამო ასოციაციამ ფრანგს მხოლოდ 8-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა და 20-ათასფუნტიანი ჯარიმა აკმარა. ამ ორი ეპიზოდის ერთმანეთთან შედარება კი ნამდვილად არ შეიძლება.

სუონსი-ჩელსი 0:0
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი – ბ. დევისი, უილიამსი, ჩიკო, რანხელი – კი, ბრიტონი – რუტლეჯი (65. დაიერი), დე გუზმანი, ერნანდესი - მიჩუ
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი – ასპილიკუეტა, კეჰილი, ივანოვიჩი (68. ლუისი), კოული (86. ბერტრანი) – რამირესი, ლამპარდი – აზარი, ოსკარი (81. ტორესი), მატა - ბა
გაფრთხილება: არ ყოფილა
გაძევება: - აზარი (80)
მაყურებელი: 19 506

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ედენ აზარმა ბურთის მიმწოდებელ ბიჭს დაარტყა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული