"სუონსი": ლაუდრუპის სამი წელი თავისუფლებაზე

AutoSharing Option
"სუონსიმ" 2012/13-ის სეზონის დაწყებამდე კლუბის ბოლო წლების წარმატების სულის ჩამდგმელი ბრენდან როჯერსი დაკარგა. ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა კარიერა "ლივერპულში" განაგრძო. დამრიგებლის გარდა, "ლიბერთი სტედიუმიდან" წამყვანი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი წავიდა.

ყველას ეგონა, რომ "გედები" თამაშს მოუკლებდნენ, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა. "სუონსიში" მიკაელ ლაუდრუპი დაინიშნა, ვისი ხელმძღვანელობითაც ისტორიაში პირველად კლუბმა ინგლისის ლიგის თასის ფინალში გააღწია, სადაც 24 თებერვალს ჩემპიონშიპის "ბრედფორდს" დაუპირისპირდება. პრეზიდენტმა ჰიუ ჯენკინსმა ჩათვალა, რომ აღნიშნული მიღწევა საკმარისია, რათა 48 წლის სპეციალისტს ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელება შესთავაზოს. მოქმედი კონტრაქტი დანიელს 2014 წლის 30
ივნისს ეწურება.

"ლაუდრუპმა არაორაზროვნად გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ის ჩვენთან ყველაფრით კმაყოფილია, მაგრამ არც მთელი დარჩენილი კარიერის ჩვენთან გატარებაზე ოცნებობს. ჩვენი აზრით, გარკვეული ბალანსი უნდა მოვნახოთ. ვფიქრობ, ის არ იქნება წინააღმდეგი, თუკი "სუონსის" მწვრთნელად, საერთო ჯამში, სამი წელიწადი იმუშავებს. მომდევნო კვირების განმავლობაში მე მასთან და მის აგენტთან ვაპირებ შეხვედრას, რათა ახალი ხელშეკრულების დეტალები განვიხილოთ," – აცხადებს ჯენკინსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რეალში" ჟოზე მოურინიო შეიძლება მიქაელ ლაუდრუპმა შეცვალოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული