ფეისბუქის საინტერესო წინადადება...

AutoSharing Option
საქვეყნოდ ცნობილმა სოციალურმა ქსელმა "ფეისბუქმა" ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას წინადადებით მიმართა, ნაკრების ახალი სპონსორი გავხდებიო. ასე და ამგვარად, უკვე მეოთხე ორგანიზაციამ წამოაყენა თავისი კანდიდატურა ფაბიო კაპელოს გაწვრთნილი და მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალიდან გამოვარდნილი გუნდის სპონსორობაზე. როგორც ჩანს ინგლისის ნაკრების სპონსორობა ყველაფრის მიუხედავად იმდენად მომხიბვლელი და მომგებიანია, რომ ფირმები მუნდიალზე მის წაფორხილებას არად აგდებენ. შეგახსენებთ, რომ "ფეისბუქს" მთელს მსოფლიოში 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

რაც შეეხება ხსენებულ ფეხბურთის ასოციაციას, მას შემოსავლის გაზრდა აქვს დაგეგმილი და ფიქრობს, ახალ სპონსორს იმაზე ორჯერ ძვირიადღირებული კონტრაქტი გაუფორმოს,
ვიდრე მსოფლიოს უდიდეს სამშენებლო კომპანია Nationwide-თან ჰქონდა. კერძოდ, ეს ყველაფერი რიცხვებში ასე გამოისახება: Nationwide სპონსორობაში 20 მილიონ გირვანქას იხდიდა.

"ფეისბუქამდე" ინგლისელებს ტელეკომის გიგანტები O2 და Orange შეეხმიანენ. მათ გარდა თავისი ფული და სამსახური შესთავაზა ესპანურმა ბანკმა "სანტანდერმაც", თუმცა, დღეს ინგლისური პრესა წერს, რომ ამერიკული ინტერნეტ-გოლიათი "ფეისბუქი" - მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი სპონსორობის დიდი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის - ფეხბურთის ასოციაციისთვის ყველაზე საინტერესო პარტნიორია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ფეისბუქის" საშუალებით ინგლისელთა ქომაგებს მსოფლიოს ნებისმიერი კუტხიდან შეეძლებათ თავიანთი მოსაზრებები უშუალოდ მიაწვდინონ ნაკრების ბანაკს. სხვათაშორის, ეს სწორედ ის "ფეისბუქია", რომლით სარგებლობის უფლება მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში კაპელომ თავის ფეხბურთელებს ჩამოართვა. და თუ "ფეისბუქი" მართლა გახდება ინგლისის ნაკრების სპონსორი, ვინ იცის კაპელოს გუნდმა ამერიკელი მომღერლის ლედი გაგას ამასწინანდელი რეკორდი მოხსნას კიდეც - ამ ქალბატონს მსოფლიოში ყველაზე მეტი "ფეისბუქ-მიმდევარი" აღმოაჩნდა. მათმა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა.

უნდა ითქვას, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას მაინც და მაინც დიდი დრო აღარ აქვს. ნაკრებს ერთ თვეში უკვე თამაში ელის - 11 აგვისტოს "უემბლიზე" კაპელოს ფეხბურთელები უნგრეთს ხვდებიან.
სამშენებლო ფირმა Nationwide და ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია 1999 წლიდან თანამშრომლობდნენ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული