"ქალაქელებმა" იანვარში მარიო ბალოტელი "მილანში" გაყიდეს, ზაფხულზე კი იტალიელის კვალს, ალბათ, ედინ ჯეკო და კარლოს ტევესიც გაჰყვებიან. "ეტიჰადზე" ამჟამინდელი შემადგენლობიდან მხოლოდ სერხიო აგუერო და ჯონ გვიდეტი დარჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის შვედს მიმდინარე სეზონში ერთხელაც არ უთამაშია, მის საფეხბურთო პოტენციალს ეჭვქვეშ არავინ აყენებს. ყველაზე საინტერესო კარლოს ტევესის მომავალია. 29 წლის არგენტინელს ბოლო ორი ტურია, აღარ უთამაშია - "ლივერპულთან" ის ბოლომდე სათადარიგოთა
სამხრეთამერიკელით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული. ყველაზე რეალური მათ შორის ფრანგული "მონაკოს" ვარიანტია. თავად ფეხბურთელს კი კარიერის გაგრძელება სამშობლოში ურჩევნია. "მირორის" ცნობით, თუკი "დორტმუნდმა" რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნში" გაუშვა, რურელები მის მაგივრად ედინ ჯეკოს შეიძენენ. ამ შემთხვევაში ერთადერთი პრობლემა ბოსნიელის სახელფასო მადაა, "ეტიჰადზე" მას კვირაში 120 ათას ფუნტს უხდიან. ცხადია, "ბორუსია" მას ამდენს არ ან ვერ შესთავაზებს. სამაგიეროდ, მას გარანტირებული ექნება ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
ორიოდე სიტყვა სავარაუდო ახალწვეულებზეც ვთქვათ. დიდწილად ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება "სიტის" მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში. რობერტო მანჩინის სკამი დიდი ხანია, მორყეულია.
იტალიელს პოსტის შესანარჩუნებლად ტიტულის მოგება სჭირდება. მას ამის ერთადერთი შანსი აქვს – ასოციაციის თასი. 17 თებერვალს 1/8-ფინალში "სიტი" "ლიდს იუნაიტედს" შეხვდება და თუკი მოქმედმა ჩემპიონებმა ეს ეტაპი ვერ გადალახეს, მანჩინის უკვე შეეძლება, ჩემოდნების ჩალაგებაზე იზრუნოს.
კონკრეტულად ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, ლაპარაკია ატლეტიკოელ რადამელ ფალკაოზე ან ნეაპოლელ ედინსონ კავანიზე. სამხრეთამერიკელებს "სიტის" გარდა, სხვებიც იწვევენ. შესაბამისად, ინგლისელებს სერიოზული არგუმენტების მოყვანა დასჭირდებათ იმისთვის, რომ ვარსკვლავებმა არჩევანი მათ სასარგებლოდ გააკეთონ.
ამას გარდა, ლაპარაკია, რომ "სიტი" დაინტერესებულია კრისტიან ბენტეკეს (ასტონ ვილა), ბოიან კრკიჩისა (მილანი) და მაურო იკარდის ტრანსფერებით. უკანასკნელზე დასაკვირვებლად მანჩინი კვირას თავად დაესწრო "სამპდორია"-"რომას" შეხვედრას (3:1). 19 წლის ფეხბურთელმა "ჯალოროსის" 77-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაუტანა.
თავდამსხმელების გარდა, მანკუნიანელებს მატს ჰუმელსისა (დორტმუნდი) და კრისტიან ერიკსენის (აიაქსი) ყიდვაც აქვთ გეგმაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
goal.com: რობერტო მანჩინის დღეები "მანჩესტერ სიტიში" დათვლილია