ბრენდან როჯერსი ამ თემაზე ჯერ კიდევ დანიშვნისას ალაპარაკდა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ერჩივნა, პრობლემა ეტაპობრივად მოეგვარებინა. ერთ-ერთი, ვის მიმართაც გასული წლის ზაფხულში მწვრთნელი სკეპტიკურად იყო განწყობილი, სტიუარტ დაუნინგი გახლდათ. როჯერსი ერთი პერიოდი დაუნინგს განაპირა მცველად უპირებდა დაყენებას, მაგრამ ექსპერიმენტი წარუმატებელი გამოდგა. მას მერე 28 წლის გარემარბმა თამაშს ერთიორად მოუმატა და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ენფილდზე" აუცილებლად დარჩება. თავად ფეხბურთელი ბოლომდე აპირებს ბრძოლას, რათა მწვრთნელს დაუმტკიცოს,
"როცა როჯერსმა თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომცა, ვიცოდი, რომ ეს ერთ-ერთი უკანასკნელი შანსი იქნებოდა "ლივერპულში" ფეხის მოკიდების. თუკი ისევე ვითამაშებ, როგორც ახლა, მწვრთნელი ჩემს გაშვებას ნამდვილად არ მოისურვებს. ყოველთვის, როცა მოედანზე ვარ, ვცდილობ დავამტკიცო, რომ ჩემს შეფასებაში ცდებოდნენ.
სეზონის დასრულების შემდეგ ახალწვეულები კიდევ მოვლენ, რაც გუნდის პოტენციალზე დადებითად უნდა აისახოს. შემადგენლობის გაძლიერება ჩემთვის კიდევ ერთი გამოწვევაა. მზად ვარ, მომავალშიც დავამტკიცო, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვდგავარ," – განაცხადა დაუნინგმა goal.com-თან ინტერვიუში.
მარტინ კელის მაისამდე არ უნდა ველოდოთ
"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების 22 წლის მცველმა მარტინ კელიმ სეზონი კარგად დაიწყო. პირველი 5 ტურიდან 4-ჯერ ის ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 23 სექტემბერს "მანჩესტერ იუნაიტედთან" "ენფილდზე" წაგებულ შეხვედრაში (1:2) მუხლის მყესები გაიწყვიტა და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა.
თავდაპირველად ტრავმა ასეთი სერიოზული არ ჩანდა. იმაზეც კი იყო ლაპარაკი, რომ კელი ფეხბურთს იანვრის დასაწყისში დაუბრუნდებოდა, მაგრამ მკურნალობამ ბევრად უფრო დიდი დრო მოითხოვა. როგორც ირკვევა, მარტინს ლაზარეთში დარჩენა სეზონის ბოლომდე მოუწევს. უკეთეს შემთხვევაში, ის მოედანზე დაბრუნებას მაისში თუ მოახერხებს.
კელის მსგავსად, მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო "ლივერპულის" დუბლების წევრმა, 18 წლის ცენტრფორვარდმა სამედ იესილმა. გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დაზიანება იტალიელ თანატოლებთან შეხვედრაში (0:1) მიიღო. წინასწარი ვარაუდით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ოქტომბრის ბოლომდე ვერ ითამაშებს. სამედმა ძირითად გუნდში წელს ორჯერ ითამაშა და ორჯერვე ლიგის თასზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სტიუარტ დაუნინგი: წელს უფრო ძლიერი გავხდი