პრემიერლიგა. XXVI ტურის შეჯამება: წაგების ქრონოლოგია – პენალტი, კუთხური და კონტრშეტევა

AutoSharing Option
ბრწყინვალე რეაქცია
პრემიერლიგის XXVI ტურის უკანასკნელი მატჩი მოულოდნელი შედეგით დამთავრდა: "ლივერპულმა" შინ "ვესტ ბრომვიჩთან" 90 წუთი შეტევებში გაატარა, 0:0-ზე პენალტი გააფუჭა, ბოლოს კი ორი გოლი გაუშვა - ერთი სტანდარტის გათამაშებისას, მეორე კონტრშეტევაზე. "ენფილდზე" საუკეთესო სტუმართა კარის დარაჯი ბენ ფოსტერი იყო. 29 წლის გოლკიპერმა რამდენჯერმე იხსნა თავისი გუნდი აშკარა გოლისგან. მისი დამსახურება ბრენდან როჯერსმაც აღნიშნა, თუმცა მასპინძელთა დამრიგებელს არც საკუთარ შეგირდებზე დასცდენია საყვედური:

"მიუხედავად დაჟინებული მცდელობებისა, ზეწოლისა, "ვესტ ბრომვიჩის" კარის აღება ვერ შევძელით. რაც მეტად ვცდილობდით, მეტოქე მით უფრო თავდაჯერებული ხდებოდა.
ჩემს ფეხბურთელებს მოტივაციის ნაკლებობას ვერ დავწამებ. იმედგაცრუებული ვარ და ვიცი, რომ ფეხბურთელებიც ანალოგიურად გრძნობენ თავს. აშკარაა, დღეს საღამოს საუკეთესო კონდიციებში არ ვიყავით.

"ვესტ ბრომვიჩმა" კარგი თამაში შემოგვთავაზა. ბენ ფოსტერმა ფანტასტიკურად ითამაშა. მისი დამაჯერებელი გამოსვლა მთელ გუნდზე აისახა. როცა პენალტი დაინიშნა, ცოტა გამიკვირდა, რადგან მომეჩვენა, რომ წესის დარღვევა არ ყოფილა. მერე ეპიზოდი გამეორებაზეც ვნახე. ასეა თუ ისე, არბიტრმა გადაწყვეტილება მიიღო. არ ვაპირებ ჯერარდის დადანაშაულებას, რადგან ეს ფეხბურთის ნაწილია. დარტყმა არ ყოფილა ცუდი, ეს ფოსტერის რეაქცია გახლდათ ბრწყინვალე"
.

ყველა ეპოქის მეგოლეები
პრემიერლიგაში რამდენიმე დამსახურებული ვეტერანი თამაშობს. ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარს სულაც არ სჭირდება ინტერნეტში ასეთი სტატუსის მქონეთა ძებნა. დავფიქრდეთ, ვისი სახელები გაგვახსენდება პირველ რიგში? რაიან გიგზი (39 წელი), პოლ სქოულზი (38) და ფრენკ ლამპარდი (34).

რაიან გიგზმა უნიკალური შედეგი დააფიქსირა. ლეგენდარულმა უელსელმა ზედიზედ 23-ე ჩემპიონატში მოახერხა თავის გამოჩენა. სიმბოლურია, რომ მან სწორედ იმ გუნდს გაუტანა ისტორიული ბურთი, ვისთანაც დაიწყო კიდეც მისი პრემიერლიგური ისტორია. გიგზის დებიუტი "იუნაიტედის" შემადგენლობაში 1991 წლის 2 მარტს "ოლდ ტრეფორდზე" მერსისაიდულ კლუბთან შედგა. ამას გარდა, რაიანმა "იუნაიტედის" პრემიერლიგელ ბომბარდირთა შორის მეორე ადგილი წაართვა პოლ სქოულზს. მასზე მეტი ბურთი მხოლოდ უეინ რუნის აქვს გატანილი.

თავის მხრივ, რეკორდებისკენ მიიწევს ლამპარდიც. "ჩელსის" ლეგენდამ "უიგანთან" ლონდონელთა მაისურით 198-ე ბურთი შეაგდო და პირველი ნახევარმცველი გახდა ისტორიაში, ვისაც ზედიზედ 10 სეზონია, 10 და მეტი ბურთი აქვს გატანილი. ის მხოლოდ ალან შირერს ჩამორჩება, ვინც 11-ჯერ მიყოლებით მოახერხა ეს, მაგრამ შირერი ცენტრფორვარდი იყო.

ბრაზილიის ნაკრებთან ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ ინგლისური პრესა ალაპარაკდა, რომ "ჩელსი" მზადაა, კომპრომისზე წავიდეს და ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. "სტემფორდ ბრიჯზე" გატარებული კიდევ ერთი წელიწადი გარანტია იქნება, რომ ლემპსი "ჩელსის" ყველა დროის ბომბარდირი გახდება. ბობ ტემბლინგის გასასწრებად მას სულ რაღაც 5 გოლი სჭირდება. ისე, გამორიცხული არც ის არის, რომ ფრენკმა ეს მიმდინარე სეზონშივე მოახერხოს.

ბომბარდირები
19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
17 - ლუის სუარესი (ლივერპული)
15 - მიგელ მიჩუ (სუონსი)
14 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი)

ასისტენტები
9 - ლუკას პოდოლსკი (არსენალი), ხუან მატა (ჩელსი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
8 - თეო უოლკოტი (არსენალი), ედენ აზარი (ჩელსი)

გოლი+პასი
26 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 19+7
20 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 17+3
19 - ხუან მატა (ჩელსი) – 10+9, თეო უოლკოტი (არსენალი) 11+8
17 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 10+7, ლუკას პოდოლსკი (არსენალი) – 8+9, მიგელ მიჩუ (სუონსი) – 15+2

გაფრთხილებები
8 - დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი), კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), ლუის სუარესი (ლივერპული)
7 – ანხელ რანხელი (სუონსი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი), მაიკ უილიამსონი (ნიუკასლი), მორგან შნაიდერლინი (საუთჰემპტონი), მეტიუ ლოუტონი (ასტონ ვილა)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2. ხუან მატა (ჩელსი)
3. პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი)
4. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)
5. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
260 მატჩი
180 მოგება
80 ფრე
132 მშრალად შენახული კარები
25 უგოლო მატჩი
738 გოლი
6 ჰეთ თრიკი
43 პენალტი
24 ჯარიმა
137 თავით
534 ფეხით (+სხვა)
2.84 საშუალო შედეგიანობა
34 ავტოგოლი
515 ფეხბურთელი
25.9 საშუალო ასაკი
335 ლეგიონერი
71 ეროვნების მოთამაშე
805 ყვითელი ბარათი
31 წითელი ბარათი
9 გაძევება ორი ყვითლით
22 გაძევება წითელი ბარათით

ტურის მწვრთნელი
18 იანვარს "საუთჰემპტონის" პრეზიდენტმა ნიკოლა კორტეზემ ყველა გააოცა, როცა "სენ მერის" პუბლიკის საყვარელი სპეციალისტი ნაიჯელ ედკინსი პოსტიდან გაათავისუფლა და მის მაგივრად "ესპანიოლში" გამორჩეული შედეგების გარეშე მომუშავე მაურისიო პოჩეტინიო დანიშნა. 40 წლის არგენტინელს გულშემატკივარი ცივად შეხვდა, მით უფრო, რომ არც დებიუტი ყოფილა წარმატებული.

"წმინდანები" კარგად თამაშობდნენ, მაგრამ 3 შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა აიღეს. ყველაფერი შეიცვალა "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში. მასპინძელმა გუნდმა გვიჩვენა ხარისხიც და 3 ქულაც ალალად დაიმსახურა.

"ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს კარიერაში. დღეს ძალიან კარგად ვთამაშობდით, მეტოქეს არ მივეცით იმის საშუალება, რომ საკუთარი ფეხბურთი ეთამაშა. შედეგი ლოგიკურია. ეს ნიშნავს, რომ "უიგანთან", "იუნაიტედთან" და "ევერტონთან" ჩატარებული შეხვედრებიდან სათანადო დასკვნები გამოვიტანეთ,"
– განაცხადა მაურისიო პოჩეტინიომ.

ტურის გმირი
ეჭვგარეშეა, რომ გარეთ ბეილი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. "ტოტენჰემის" წლევანდელ შედეგებში მისი როლის გადაფასება, უბრალოდ, შეუძლებელია. ასე იყო ამჯერადაც, 23 წლის უელსელმა "ნიუკასლს" ორი გოლი გაუტანა, თამაშის შემდეგ კი ჟურნალისტებთან საუბრისას მაინც საერთო გუნდურ თემაზე გააკეთა აქცენტი, ხოლო საკუთარ თავს საყვედური გამოუცხადა:

"შეცდომები კარგად გავაანალიზეთ, რისი წყალობითაც ბევრად უფრო ძლიერები გავხდით. სეზონის დასრულებამდე პოზიციების დათმობა დაუშვებელია. ამისთვის კი თავაუღებელი მუშაობაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მონდომება შედეგს აუცილებლად მოიტანს და "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. პირადად რაც შემეხება, გაბრაზებული ვარ, რომ მიუხედავად შანსებისა, ჰეთ თრიკი ვერ შევასრულე. ერთი მომენტი მარჯვენა ფეხით გავაფუჭე, რაც ნიშნავს, რომ ამ მხრივ სამუშაო მაქვს".

სიმბოლური ნაკრები

Sportall.Ge

მომდევნო ტური

17 თებერვალი:
ლივერპული-სუონსი 19:00

23 თებერვალი:
ფულჰემი-სტოკ სიტი 16:45
არსენალი-ასტონ ვილა 19:00
ნორვიჩი-ევერტონი 19:00
ქუინზ პარკი-იუნაიტედი 19:00
რედინგი-უიგანი 19:00
ვესტ ბრომვიჩი-სანდერლ. 19:00

24 თებერვალი:
სიტი-ჩელსი 17:30
ნიუკასლი-საუთჰემპტონი 17:30

25 თებერვალი:
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი 00:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXVI ტური: 12 ტური და 12 ქულა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული