ჯონ ტერის ჩაკეტილი წრე

AutoSharing Option
14 თებერვალს ევროპალიგის პლეი ოფის შეხვედრაში პრაღის "გენერალი არენაზე" "ჩელსი" "სპარტას" ეწვია და შეცვლაზე შესული ოსკარის გოლით მინიმალური გამარჯვება იზეიმა. "ლურჯების" კარს თითნატკენი პეტრ ჩეხი იცავდა.

მოსალოდნელი იყო, რომ ძირითადში იქნებოდა კაპიტანი ჯონ ტერიც, მაგრამ რაფა ბენიტესი იძულებული გახდა, დაცვის ცენტრი ბრანისლავ ივანოვიჩისა და გარი კეჰილისთვის ჩაებარებინა. მიზეზი? მუხლის ტრავმა. ტერისთვის საბედისწერო გამოდგა გასული წლის 11 ნოემბერს "სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულთან" შეხვედრაში (1:1) ლუის სუარესთან შეჯახება. მას შემდეგ ჯონი მოედანზე მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა. ესპანელმა სპეციალისტმა მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე იმ მიზეზებზე
ისაუბრა, რამაც ის კიდევ ერთხელ აიძულა, რომ კაპიტანი სათადარიგოთა შორის დაესვა:

"წინა კვირას ჯონს მუხლი ხელახლა ასტკივდა, თუმცა ვარჯიშს მალე დაუბრუნდა ყოველგვარი გართულებების გარეშე. ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ. მან მეტი დრო უნდა გაატაროს გუნდთან ერთად ვარჯიშებზე და სწორედ ამის მერე მიიღებს მეტი სათამაშო დროს. ის თითქოს ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს".

ივანოვიჩის 200 მატჩი
ბრანისლავ ივანოვიჩი
"სტემფორდ ბრიჯზე" 2008 წლის 15 იანვარს მოსკოვის "ლოკომოტივიდან" გადავიდა. ინგლისელებს ტრანსფერი 9,7 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. 24 წლის სერბი დიდხანს ვერ ახერხებდა გამოცდილი თანაგუნდელებისთვის კონკურენციის გაწევას. 2007/08-ის სეზონი ისე დასრულდა, რომ მას ძირითად გუნდში ერთხელაც არ უთამაშია. უსიამოვნო ეტაპი 8 თვეზე მეტი გაგრძელდა და მას წერტილი ოქტომბერში "პორტსმუთთან" ლიგის თასზე დაესვა.

მალევე შედგა მისი დებიუტი ჩემპიონატში "ასტონ ვილასთან" მატჩში. 2009/10 წლების სეზონის სტარტზე უმძიმესი ტრავმა მიიღო ჟოზე ბოსინგვამ. მწვრთნელებმა სერბი მარჯვენა მცველად გადაწიეს. სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მომენტი. ივანოვიჩი მას მერე "ჩელსის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. ზემოხსენებული შეხვედრა პრაღის "გენერალი არენაზე" მისთვის საიუბილეო მე-200 აღმოჩნდა "ჩელსის" შემადგენლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ბენიტესი: ჯონ ტერის ძირითადში ადგილი გარანტირებული არ აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული