ალექს ფერგიუსონი: რუნიმ მაწყენინა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, უეინ რუნისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კონფლიქტი დასრულდა. ქატო იქა და ფქვილი აქაო, იტყოდა კაცი, თუმცა, კვირაში 250 ათას ფუნტზე ფქვილის თქმა ცოტა უხერხულია. ეს 250 ათასი გახლავთ თანხა, რომელსაც "იუნაიტედი" ამიერიდან რუნის ხელფასად გადაუხდის.

ამბობენ, ასეთი სახელფასო სიგიჟის გამო "მანჩესტერ იუნაიტედს" შეიძლება მთელი სტრუქტურა აერიოსო. ვნახოთ, იქნებ ის ხალხი ფულს სულაც არ ფანტავს და რამე სტრუქტურული ცვლილება აქვს მოფიქრებული. ეს, რასაკვირველია, მომავალში გამოჩნდება, მანამდე კი გვინდა მანჩესტერელთა მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ინტერვიუ შემოგთავაზოთ. ლაპარაკი "იუნაიტედის" საკლუბო ტელევიზიის სტუდიაში გაიმართა
და სწორედ რუნის ახლა უკვე დასრულებულ კონფლიქტს შეეხო.

- ამ ამბავზე იმდენი რამ მოვისმინეთ და წავიკითხეთ, რომ გარკვევა გვჭირდება. მოდი, თავიდან დავიწყოთ: სექტემბრის ბოლოს თქვენ გამოაცხადეთ, რომ უეინ რუნი დაშავებულია და რამდენიმე თამაში უნდა გამოსტოვოს. მართლა იყო დაშავებული?
- დიახ, დაშავებული იყო. ჩვენ ის გამოკვლევებზე იმიტომ გავგზავნეთ, რომ ვარჯიშით კი ვარჯიშობდა და თამაშობდა კიდეც, მაგრამ ძველი ტრავმა მაინც აწუხებდა. რატომ ამბობდა არაფერი მჭირსო, ვერ გამიგია. ძალიან სამწუხაროა, ასე რომ თქვა. "სანდერლენდთან" თამაში რომ მოახლოვდა, ვიფიქრე, ამ შეხვედრიდან გავათავისუფლებ და ინგლისის ნაკრების შეხვედრას მზად, დასვენებული შეხვდება, მეთქი. მისი გამოცოცხლება ჩემი იდეა იყო. მინდოდა, რამდენიმე შეხვედრა გამოეტოვებინა და ვარჯიშ-ვარჯიშ ძველებური ფორმა აღედგინა. მის კოჭს დასვენება სჭირდებოდა. ვიმეორებ, რამ ათქმევინა ჯანმრთელად ვარო, არ ვიცი.

- ეჩხუბეთ?
- ერთი დაძაბული ლაპარაკიც არ გვქონია. ვფიქრობ, თქვენ უნდა გაერკვეთ, როგორ იქცევიან ფეხბურთელები, როდესაც კლუბიდან წასვლა უნდათ. ასეთ დროს ყველაზე ადვილია გამოაცხადო, რომ მწვრთნელთან ურთიერთობა გაგიფუჭდა და იქ ვეღარ ჩერდები. ეს ყველაზე გამოცდილი და მოხერხებული გზაა. ეჭვი მაქვს, რომ რუნის შემთხვევაშიც ამასთან გვქონდა საქმე.

- ბოლო დროს მაგასაც ამბობდნენ. თითქოსდა რუნის "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა არ უნდოდა.
- მართლაც ასე იყო. ჩვენი კლუბის აღმასრულებელმა შეფმა დევიდ გილმა ზაფხულის დასაწყისში მის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო. შემდეგ, ეს მოლაპარაკებები მსოფლიოს ჩემპიონატის გამო შეწყდა და ითქვა, რომ მისი დამთავრების მერე უნდა გაგრძელებულიყო. ზუსტად გეტყვით, 14 აგვისტოს ჩემს კაბინეტში ვიჯექი, როდესაც დევიდმა მითხრა, რომ რუნის აგენტმა დაურეკა და შეატყობინა, ახალი კონტრაქტი აღარ შედგებაო.

დევიდი დაზაფრული გახლდათ. ვერ ვიჯერებდით, ეს რომ მართლა ასე იყო. გაოგნებული ვიყავი, რადგან სულ რამდენიმე თვე იყო გასული მას მერე, რაც რუნიმ მითხრა, "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდად მიმაჩნია და მთელი კარიერის აქ გატარება მინდაო. მე და დევიდი ვერ ვხვდებოდით რა გადატრიალდა ამ ბიჭის გონებაში.

შემდეგ, ბიჭს შევხვდი და მან აგენტის სიტყვები გაიმეორა. წასვლა მინდაო, დამიდასტურა. მაშინ მე მას ვუთხარი: "დაიმახსოვრე, რაიმე სისულელე არ გამოგივიდეს. არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდე. პატივი ეცი შენს კლუბს".

ყველაფერი, რაც ბოლო დროს მასმედიაში ითქმებოდა, ძალიან სამწუხარო იყო, რადგან ჩვენ რუნის რაც შეგვეძლო, პატივი ვეცით. როგორც კი რამე გაუჭირდებოდა, ნავსაყუდელივით მის სიახლოვეს გავჩნდებოდით ხოლმე. ნებისმიერი სირთულის გადალახვაში ვეხმარებოდით. ფინანსურ საკითხებზეც რამდენჯერ მირჩევია, თუმცა არ იფიქროთ, რომ ასე მხოლოდ უეინ რუნის ვექცეოდით. ეს "მანჩესტერ იუნაიტედია", სადაც ყველა ფეხბურთელს მხარში უდგანან. ამ კლუბის ისტორია მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ურთიერთნდობის, ერთმანეთის მხარში დგომის ისტორიაა. ეს ჯერ კიდევ სერ მეტ ბასბისგან მოდის, ასეთი ურთიერთობები მისი დანერგილია. ამიტომაც მინდა ფანებმა ზუსტად იცოდნენ, რომ რუნისთან არანაირი კონფლიქტი არ მომსვლია.

- რუნი რომ საჭირო და ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ყველამ ვიცით. პიროვნულად თუ დაგწყვიტათ გული?
- ძალიან, მაგრამ რას იზამ?! როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ხარ, რაღაც სირთულე მუდმივად გაქვს გადასალახავი, განსაკუთრებით თანამედროვე ცხოვრებაში. დღეს უკვე ძალიან დიდი დროა გასული მას მერე, რაც ფეხბურთელს კონტრაქტზე მხოლოდ მას მერე ელაპარაკებოდი, რაც ერთგულებით და ოფლის დენით დაგიმტკიცებდა, რომ შენთან თამაშის ღირსი იყო. იმ ხანად მათ მშობლებთანაც მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა.

იმ დღეს ედვინ ვან დერ სარი მეუბნებოდა, წინა ტურში დაშვებული შეცდომის მერე პირველმა მამაჩემმა დამირეკაო. ჰოდა, მეც ვურჩიე, მამას ყური ყოველთვის დაუგდოს. მასზე კარგი მრჩეველი არასდროს ეყოლება. თუმცა, როგორც გითხარით, ის დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს ურთიერთობა გვაქვს აგენტებთან, რომელთაც ცალი თვალი ფეხბურთელის ჯიბისკენ აქვთ მიპყრობილი და ისე გველაპარაკებიან. დღეს სულ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენ ერთი გუნდი ვართ რუნი მაგარიაააააააააააა
shmagi fifia
19:01 25-10-2010
0
რა დავწერო? :)
oto1991
02:12 26-10-2010
0

სიახლეები პოპულარული