ძველი ტორესის დაბრუნება

AutoSharing Option
როი ჰოჯსონმა ფერნანდო ტორესს მოუწოდა, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ ჩავარდნას თავი დააღწიოს და "ლივერპული" პრემიერლიგის ცხრილში ღირსეულ ადგილას დააბრუნოს.
მერსისაიდელთა მწვრთნელმა თქვა, რომ მართალია, სამხრეთ აფრიკაში ჩემპიონი ესპანეთი გახდა, ტორესი ფინალში დაშავდა და ახალი სეზონიდან მოედანს საკუთარი თავის ჩრდილადღა დაუბრუნდა. ფორვარდი, რომელსაც პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე მრისხანედ მიიჩნევდნენ, არც მეტი არც ნაკლები, დაკარგულია.

ტორესის თემა აქტუალური ბოლო ტურში "ლივერპულისა" და "ბლექბერნის" შეხვედრის შემდეგ გახდა - მოგეხსენებათ, მერსისაიდელებმა 2:1 მოიგეს და ამ შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი სწორედ ესპანელმა თავდამსხმელმა გაიტანა. მანამდე ასე იყო: ანგარიში სოტირიოს
კირიაკოსმა გახსნა, ჯეიმი კარაგერმა კი საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და "ლივერპულს" კინაღამ სეზონის მორიგი სიმწარე აგემა.

"მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებული ტორესი ყველა გაგებით ძალიან დამძიმებული გახლდათ. ალბათ, ეს გასაკვირი არც არის, რადგან ხალხს, რომელთაც მუდმივად აკრიტიკებენ, ნერვები ღალატობთ. როგორც ჩანს მასზე ძალიან იმოქმედა აუგ ნათქვამთა იმ ნიაღვარმა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამოსვლის გამო თავს დაესხა. ამასთან, მას აკრიტიკებდნენ "ლივერპულის" ცუდი შედეგების გამოც. ამ ყველაფრით დათრგუნული თავდამსხმელი გოლების გატანას ვეღარ ახერხებდა, მაგრამ დღეს სურათი შეიცვალა და ძველებური ფერნანდო ვიხილეთ. "ბლექბერნის" წინააღმდეგ ის კვლავ სიამოვნებით აგორებდა ბურთს და არც ენერგია აკლდა.

ერთი სიტყვით, დღევანდელი ტორესის წინა პერიოდის ტორესთან შედარება არც შეიძლება. მიმდინარე სეზონში მას ასე არ უთამაშია. მოწინააღმდეგე მუდმივად დაძაბული ჰყავდა, მის კართან მომენტებს ქმნიდა და ერთხელ გოლიც გაიტანა. დარწმუნებული ვარ, ახლა თავს უკვე კარგად იგრძნობს, გუნებაც გამოუკეთდება და მომავალში გაცილებით მეტ გოლს გაიტანს".


შემდეგ ჰოჯსონმა ზოგადად "ლივერპულის" თამაშსა და გამარჯვებაზე ილაპარაკა:

"ძალიან კმაყოფიი ვარ სამი ქულითაც და თამაშის ხარისხითაც. მართალია, ამ სამ ქულას ცხრილში მაღლა არ გადავუყვანივართ, მაგრამ ბიჭებს მონდომება რომ დაუფასდათ, ძალიან მესიამოვნა. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ხელის ერთი მოქნევით ყველაფრის გამოსწორებას ველი. იცით, "ბლექბერნი" რომ არ დაგვემარცხებინა დიდი უსამართლობა იქნებოდა, მაგრამ მეორე მხრივ ეს ფეხბურთია, ფეხბურთში კი სამართალი ყოველთვის გამარჯვებული როდია. როდესაც ფერნანდომ გოლი გაიტანა ჩვენ თანახმა ვიყავით მსაჯს საფინალოდ დაესტვინა, მაგრამ ჯერ კიდევ 37 წუთი იყო სათამაშო".

შეგახსენებთ, რომ ეს იყო "ლივერპულის" პირველი გამარჯვება მას მერე, რაც კლუბი ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯონ ჰენრიმ იყიდა. იმასაც გეტყვით, რომ რაც ჰენრი მერსისაიდელთა მეპატრონე გახდა, დაიწყეს ლაპარაკი, რომ ჰოჯსონის პოზიცას წყალი შეუდგა. ამასთან დაკავშირებით ჰოჯსონმა თქვა:

"ძალიან მეეჭვება ახალი მეპატრონე იმ ტიპის კაცი იყოს, ხალხის ნათქვამს ბრმად რომ უგდებს ყურს. ორი წაგების გამო მწვრთნელის შეცვლა ძალიან მჩატე საქციელი იქნებოდა. სხვებმა რაც უნდათ ის იფიქრონ, მთავარი მეპატრონეა".


ილია ბაბუნაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული