"ლელოს" მკითხველს რასაკვირველია ახსოვს, რომ "ლივერპულის" ახალმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ტორესისა და სტივენ ჯერარდის შენარჩუნების ვერანაირ გარანტიას ვერ იძლევა. ამას, "წითელთა" კლუბის საჩოთირო ფინანსურ მდგომარეობასაც თუ დავუმატებთ, დავინახავთ, რომ "ჩელსის" შემოთავაზებაზე უარის თქმა და ესპანელის შესანარჩუნებლად კბილებითა და ფრჩხილებით ბრძოლა მერსისაიდელთა მხრიდან თითქმის შეუძლებელი იქნება.
როგორც ხედავთ, ინგლისში ტორესის გარშემო დიდი ამბავია ატეხილი, სამხრეთ აფრიკაში კი, ამ დროს, მსოფლიოს ჩემპიონატია გახურებული და იქ, ტორესი საშინლად წვალობს - ცუდ ფორმაშია. ამბობენ, რომ დღეს, გერმანიის ნაკრებთან ნახევარფინალურ შეხვედრაში ის შესაძლოა აღარც კი ათამაშონ და მის ნაცვლად დავიდ ვილიას არსენალელი სესკ ფაბრეგასი ან "მანჩესტერ სიტის" ახალი შენაძენი დავიდ სილვა ჩასვან სასტარტო შემადგენლობაში. სხვათაშორის, ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე თავად ტორესმა აღნიშნა, რომ აპრილში გაკეთებული მუხლის ოპერაციის შემდეგ ფიზიკური ფორმა ვერა და ვერ აღიდგინა.
"ფიზიკური თვალსაზრისით გაცილებით უკეთ უნდა ვიყო მომზადებული " - თქვა თავდამსხმელმა დურბანის "მოზეს მაბდიას" სტადიონზე დანიშნული დიდი მატჩის წინ.
რაც შეეხება "არსენალის" ვარსკვლავ ფაბრეგასს, თუ ათამაშებენ, უთუოდ გამაყუჩებელი დასჭირდება.
"რა თქმა უნდა ტკივილი ცუდია და ტრავმაც გამიმიზეზდება, მაგრამ თუ დელ ბოსკეს ვჭირდები, მზად ვარ. ბოლოს და ბოლოს, რისთვის ვარ აქ ჩამოსული"?! - თქვა ფაბრეგასმა.