ასოციაციის თასი. 1/8-ფინალი: "ლივერპულს" აჯობეს, "ევერტონს" ვეღარ

AutoSharing Option
9 მარტს "გუდისონ პარკზე" "ევერტონი" ასოციაციის თასის 1/2-ფინალის საგზურისთვის "უიგანს" დაუპირისპირდება. იქამდე კი მერსისაიდელებს განმეორებით შეხვედრაში ლიგა ერთის "ოლდჰემ ატლეტიკთან" მოუხდათ ურთიერთობების გარკვევა.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს "ბანდარი პარკზე" თამაში 2:2 დასრულდა. "ლურჯებისთვის" "ოლდჰემთან" გამკლავება თუნდაც იმიტომ იყო პრინციპული, რომ ქვედალიგელმა წინა ეტაპზე "ლივერპული" გააგდო. დევიდ მოიესის შეგირდებმა თანაქალაქელთან საკუთარ უპირატესობას ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.

სამშაბათ საღამოს ყველაფერი ფავორიტების მიერ დაწერილი სცენარით წარიმართა. ლეიტონ ბეინსს ანგარიშის გახსნა მესამე წუთზევე შეეძლო, მაგრამ კაპიტანმა სახიფათო საჯარიმო ცოცხალ კედელს ვერ გადააცილა. მე-15
წუთზე კი მოსახდენი მაინც მოხდა: მარჯვენა ფლანგიდან დარონ გიბსონის პასს კევინ მირალიაში გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან გაიტანა. რამდენიმე წუთში ექსევერტონელმა ჟოზე ბაქსტერმა შორიდან სცადა გატანა, მაგრამ ხარიხას გაარტყა.

34-ე წუთზე არბიტრმა მაიკლ ოლივერმა პენალტი კონორ ბრაუნის მიერ ხელით თამაშისთვის დანიშნა და არა ნიკიცა იელავიჩის წაქცევისთვის, როგორც ეს შეიძლებოდა მაყურებელს მოსჩვენებოდა. დინ ბუზანისმა ბეინსს კუთხე კი გამოუცნო, მაგრამ ძლიერ დარტყმას მაინც ვერ გაუმკლავდა.

მეორე ნახევარში სტუმარი ცოტა გააქტიურდა, მაგრამ მათი მონდომება ლეონ ოსმანმა წყალს გაატანა. მან სტივენ პენაარის ჩაწოდებას თავით მხოლოდ მიმართულება შეუცვალა. ბუზანისი დააბნია იელავიჩის ახლოს ყოფნამაც. საბოლოოდ ბურთი მეკარის ხელებიდან ბადეში გაეხვა.

ზუსტად ერთ წუთში შეცვლაზე შესულმა მეტ სმიტმა კუთხურის გათამაშებისას მასპინძელთა მცველებს თავზე აჯობა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ევერტონი-ოლდჰემი 3:1
გოლები: 1:0 მირალიაში (15), 2:0 ბეინსი (34-პენ), 3:0 ოსმანი (62), 3:1 სმიტი (63)
ევერტონი: ჰოვარდი, კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი, ნევილი, პიენაარი (88. ჰიტცლშპერგერი), ოსმანი, გიბსონი, მირალიაში (83. ნეისმიტი), იელავიჩი
ოლდჰემი: ბუზანისი, გრაუნდსი, მვოტო, ტარკოვსკი, ბრაუნი (75. ვესოლოვსკი), ფერმენი, ობიტა (54. სიმპსონი), ბერნარდი, კროფტი, იველუმო (54. სმიტი), ბაქსტერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგის თასის ფინალი: "გედების" პირველი სიმღერა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული