რაიან გიგზის მეორე ახალგაზრდობა

AutoSharing Option
სხვადასხვა წყაროს ცნობით, შაბათს, "ქუინზ პარკთან" შეხვედრა რაიან გიგზისთვის 999-ე იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით. რიცხვი სწორია, მაგრამ ფორმულირებაა მცდარი. ლეგენდარული უელსელისთვის ეს იყო 999-ე თამაში კარიერის განმავლობაში. აქედან - 931 "იუნაიტედის", 64 უელსის ეროვნული გუნდისა და 4 ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში.

"დეილი მეილმა" საინტერესო ცხრილი შემოგვთავაზა, საიდანაც ირკვევა, რომ 1991 წლის 2 მარტისთვის, მაშინ, როცა დიდ ფეხბურთში გიგზის დებიუტი შედგა, "იუნაიტედის" ამჟამინდელი შემადგენლობიდან 2 ფეხბურთელი (ფილ ჯონსი, ნიკ პაუელი) ჯერ დაბადებულიც კი არ იყო; 4 (დენი უელბეკი, დავიდ დე ხეა, რაფაელი,
ბენ ეიმოსი
) ჯერ ერთი წლისაც არ გახლდათ; ყველაზე უფროსი კი (პოლ სქოულზი) მხოლოდ 16 წლისა იყო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვებგვერდთან "წითელი ეშმაკების" ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა დენის ირვინმა ("ოლდ ტერფორდზე" 1990/2002 წლებში თამაშობდა) და ლუ მაკარიმ (1973/84) გიგზის "მეორე ახალგაზრდობაზე" ილაპარაკეს.

ლუ მაკარი: "მიმდინარე სეზონში, შარშან, შარშანწინაც ვიღაცებმა გიგზი არაერთხელ "ჩამოწერეს", მაგრამ მათ ავიწყდებოდათ, თუ რამდენად მაღალი დონის პროფესიონალთან ჰქონდათ საქმე. ამასობაში კი ის დროს არ კარგავდა და აგრძელებდა ისე თამაშს, როგორც ეს შაბათს ვნახეთ "ქუინზ პარკთან". ჰგავდა თუ არა ის 40 წლის ვეტერანს? მე ასე არ მომჩვენებია. რაიანი მოედანზე დაუღალავად გადაადგილდებოდა, ბურთს თავდაჯერებული ფლობდა და ბრწყინვალე პასებს არიგებდა.

მისი უმაღლესი კლასის დადასტურებაა ის, რომ მწვრთნელი მას დღემდე ანდობს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. სერ ალექსი გულშემატკივარს ხანდახან აოცებს თავისი საკადრო გადაწყვეტილებებით, მაგრამ ფაქტია, რომ ბოსმა ყოველთვის ჩვენზე მეტი იცის. თუკი მას სჭირდება გიგზი და სქოულზი, ეს ნიშნავს, რომ ვეტერანებს ჯერ კიდევ შეუძლიათ, გუნდს გარკვეული სარგებელი მოუტანონ. ეს ფეხბურთელები მოედანზე გამოდიან და ამტკიცებენ, რომ მწვრთნელი მათ ტყუილად არ ენდობა.

გიგზისა და სქოულზის გამოცდილების გაუთვალისწინებლობა დიდი შეცდომა იქნებოდა. შესაძლოა, დროდადრო ჩავარდნა მათაც ჰქონდეთ, მაგრამ ეს ყველას მოსდის და
მათგან, ვისაც 40 წელი უსრულდება, რა გასაკვირია?!"

დენის ირვინი: "მხოლოდ თვალი უნდა შეავლოთ გიგზის ვარჯიშებს და დარწმუნდებით, რომ ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. არ დაგავიწყდეთ, რომ ის კარიერას, როგორც გარემარბი, ისე იწყებდა. შაბათს გიგზი ცენტრში თამაშობდა და ძალიან ბევრს მოძრაობდა. ის არც დაცვაში თამაშს თაკილობდა. ვეთანხმები ლუს, გიგზს ოსტატობა რომ არ ჰყოფნიდეს, მწვრთნელი მას მინდორს არ გააკარებდა. სერ ალექსს სჯერა რაიანის.

999 თამაში კარიერის განმავლობაში დაუჯერებელი ფაქტია. გიგზს ახალგაზრდობაში მუხლის მყესების პრობლემა ჰქონდა. შემდეგ მან იოგაში ვარჯიში დაიწყო, რაც ძალიან წაადგა. ბუნებრივია, მწვრთნელი უკანასკნელი 8-9 წლის განმავლობაში მას მაქსიმალურად ზოგავდა, თუმცა რაიანი მაინც ნამდვილ ათლეტად რჩება. მას ერთი გრამი ცხიმიც არ აქვს სხეულზე. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეუძლიათ ძალიან ბევრი რამ ისწავლონ გიგზისა და სქოულზისგან".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაიან გიგზი: კარგ ფორმაში ვიმყოფებით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული