ცხოვრების მე-40 წელიწადში რაიანი ჩემპიონთა ლიგის მე-18 გათამაშებაში მონაწილეობს. ეს შესაძლებელია არა მხოლოდ კარგი ჯანმრთელობისა და განსაკუთრებული ფიზიკური ფორმის, არამედ სამაგალითო ფსიქოლოგიური განწყობის წყალობითაც. გიგზს, ისევე, როგორც წლების წინ, დღემდე არ ეთაკილება ახალი პროფესიული ჩვევების ათვისება. "მუდამ იმას ვცდილობდი, ყოველ ახალ სეზონში პროგრესი განმეცადა. დღემდე ასე გრძელდება," – უთხრა ნახევარმცველმა გამოცემა Champions Matchday–ს ინტერვიუში.
"რეალთან" გასვლით შეხვედრაში ყოფილი გარემარბი
ჩემპიონთა ლიგაში მის ანგარიშზე 28 გოლია, რაც შუახაზის ფეხბურთელისთვის სოლიდური შედეგია. 2011 წლის სექტემბერში "ბენფიკასთან" მატჩში მან თავი გამოიჩინა, რისი წყალობითაც უელსელი ტურნირის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მეგოლე გახდა. იმ მომენტისთვის ის 37 წლისა და 289 დღის იყო.
"გაიტანო ჩემპიონთა ლიგაში, საკმაოდ რთული ამოცანაა. რაკი დროთა განმავლობაში სათამაშო დრო სულ უფრო მიმცირდება, ყოველი გოლი უწინდელზე მეტად მიხარია," – ამბობს ვეტერანი ვარსკვლავი.
გიგზს "რეალთან" 2000 და 2003 წლებშიც უთამაშია და ესმის, რომ "ოლდ ტრეფორდზე" მადრიდულ გრანდთან მორიგი შეხვედრა შესაძლოა უკანასკნელი იყოს მისთვის ფეხბურთელის რანგში. "კარიერის დასრულების შემდეგ ასეთ თამაშებზე ყველაზე მეტად გწყდება გული და როცა ამ მომენტს უახლოვდები, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში ხდება, ცდილობ, ყოველი შანსი მაქსიმალურად გამოიყენო," – აცხადებს ის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რაიან გიგზი: უბერებელი უელსელი