რუნი ცოლს და „სიტის“ ეჩხუბება

AutoSharing Option
ბოლო დროს ინგლისურ მას-მედიაში საკუთრივ ფეხბურთსა და პრემიერლიგაზე არ იწერება იმდენი, რადენიც უეინ რუნიზე. ჯერ იყო და ცოლს უღალატაო, შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გარბისო, ამას მოაყოლეს, ამ გაქცევა-გაქცევაში კლუბთან ახალ კონტრაქტს გამოჰკრა ხელი და ამიერიდან კვირაში 250 ათას ფუნტს მიიღებსო, რის მერეც შევიტყვეთ, რომ შემორიგებული მეუღლისთვის ხელი ჩაუჭიდია და თავისი 25-ე დაბადების დღის აღსანიშნავად დუბაიში გამგზავრებულა და აი, ბოლო ცნობა: დუბაიში მას ცოლთან კვლავ უჩხუბია. მართალი გითხრათ, „ლელოს“ მკითხველის ფეხბურთელის ოჯახის ამბებით შეწუხება არ გვინდოდა, რადგან „სანი“ ყველაფერს მეტისმეტად „ყვითლად“ (ოღონდ,
იქ თუ წერია წყალი არ გაუვა) წერს, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ამბავს ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი გაგრძელება რომ მოჰყვეს?...

მოკლედ ასე, ახალშერიგებული უეინი და კოლინი ინგლისში სახალხოდ „ერთ სულ და ერთ ხორც“ შთაბეჭდილებას სტოვებდნენ, შემდეგ კი თვითმფრინავში ჩასხდნენ და არაბთა გაერთიანებული საემიროებისკენ გაემართნენ, სადაც, ცნობისათვის 35 გრადუსი სიცხეა. როგორც მოგახსენეთ, წყვილის ცხოვრებაში ბოლო პერიოდი შერიგების გარდა იმითაც გახლდათ აღსანიშნავი, რომ რუნიმ „იუნაიტედთან“ არნახული კონტრაქტი გააფორმა – კვირაში 250 ათას ფუნტს ნამდვილად უნდა აღნიშვნა. ჰოდა, წერდა კიდეც „სანი“ რუნების ოჯახის არაბული შვებულების პირველი დღის შესახებ, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, ცოლ-ქმარი აუზ-ბარში ნებივრობდნენ და ასე შემდეგ. მოკლედ, დუბაიდან ისეთი ინფორმაცია მოდიოდა, რომ მისი ქართველი მკითხველისთვის გაცნობა საჭირიდ არ ჩავთვალეთ – ძალიან გაინტერესებდათ, როგორ სვამდნენ უეინი და კოლინი კოქტეილს? მაგრამ, როგორც ჩანს, კოლინს ქმრის ღალატის ამბავი გულიდან მთლად ამოგლეჯილი არ აქვს, რადგან მეორე დღეს წყვილს სადილობისას ჩხუბი მოუვიდა. ეს ამბავი თვითმხილველებმა დაადასტურეს.

რესტორან „ზღვის ცეცხლში“ მომხდარი ამბავი მავანმა თვითმხილველმა ასე მოყვა: „ძალიან სამწუხარო სცენა იყო (თუმცა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ სამწუხარო სცენის აღწერაში ბატონი თვითმხილველი კარგ ჰონორარს მიიღებდა) რამდენიმე ფანს გვინდოდა რუნისთან და მის მეუღლესთან მივსულიყავით და მივსალმებოდით, მაგრამ იქაურმა თანამშრომლებმა გაგვაჩერეს. არ დამინახავს კერძოდ როგორ მოხდა, მაგრამ სანამ ჩვენ ამ თანამშრომლებს ველაპარაკებოდით რუნების მაგიდიდან ჭიქა გადმოვარდა და იატაკზე დაიფშვნა”.

უეინისა და კოლინის შორიახლოს ინგლისელთა ოჯახიც სადილობდა. ორი შვილის დედამ, რომელიც რესტორანში ქმართან ერთად იჯდა თქვა:

„ვიცი, რომ ახლა უკვე მთელი ქვეყნის ქონება მათია, მაგრამ ბედნიერები არ ჩანდნენ. ცალი თვალითაც რომ შეგეხედა მიხვდებოდი, რომ ამ წყვილს პრობლემები აქვს”.

რესტორნის ამბავი რომ გაიგეს, ჟურნალისტებმა შვიდვარსკვლავიან სასტუმრო „ბურჯ ალ არაბ ოტელში“ მცხოვრებ ბრიტანელებსაც ჰკითხეს რა ნახეს და რას დააკვირდნენ. ერთმა ქალმა ასე ბრძანა: „მე ისინი სასტუმროს ფოიეში ვნახე. გარშემო არც ფანები იყვნენ და არც ფოტოგრაფები, ასე რომ წყვილი ბუნებრივად იქცეოდა და მინდა გითხრათ, რომ ბედნიერი არ ჩანდა. ბედნიერი ადამიანები სხვანაირად იქცევიან. კოლინი, მაგალითად, თავისთვის იჯდა, უეინი კი კარგა ხანს ცოტა მოშორებით იდგა, თავისთვის. ამ დროის განმავლობაში ერთმანეთისთვის არც გაუღიმიათ. მეტიც, სიტყვაც არ გაუცვლიათ. შემდეგ ისინი საღამოსაც დავინახე – სასტუმროს აუზში კვლავ მოღუშულები იწვნენ გასაშლელ სკამებზე. ორი საათის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ“.
ხოლო იმ დღეს, როდესაც წყვილს რესტორანში შელაპარაკება მოუვიდა, კოლინი საერთოდ, მარტო გასულა საბანაოდ.
დაბრუნდება! მაგრამ როდის?

დუბაის, შვიდვარსკვლავიანი სასტუმროსა და ოჯახური ურთიერთობების ამბავი გასაგებია, მაგრამ რუნის კვირაში მილიონის მეოთხედს, თანაც ფუნტებში სულ სხვა რაღაცისთვის უხდიან და იმ რაღაცას ფეხბურთის თამაში ჰქვია. როდის დაუბრუნდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი მოედანს? ამბობენ, თავად მისი ვარაუდით ეს 10 ნოემბერს მანჩესტერულ დერბიში მოხდებაო.

10 ნოემბრამდე ჯერ კარგა შორია, რას იყვით?  თუმცა, მეორე მხრივ, საქმეში დასაბრუნებლად 25 წლის ფორვარდს ჩინებული მატჩი შეურჩევია. ერთი ეგაა, ასეთ შეხვედრაში რომ ბრუნდები, ძალიან კარგად უნდა ითამაშო.

რა შეხვედრაა ასეთი? ჯერ ერთი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მანჩესტერული დერბია და მეორეც, მოგეხსენებათ, სანამ რუნისა და „იუნაიტედის“ ურთერთობა არეული იყო, ფეხბურთელის გადაბირებას მთელი ძალით სწორედ „სიტი“ ცდილობდა. ამდენად მოედანზე მაინც და მაინც ისტლენდზე დაბრუნება რასაკვირველია, დამატებით ინტრიგას შეიცავს.

გეხსომებათ, მანჩესტერის ორი გუნდის თამაში გასულ სეზონში დიდი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. უსიამოვნო სცენები იყო „ქარლინგის“ ანუ ლიგის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში, სადაც ფინალისტის ბედი სწორედ რუნის გოლმა გადაწყვიტა – მან მეორე დამატებულ წუთზე შეაგდო, როდესაც ორი მატჩის ჯამში ანგარიში 3:3 იყო. თუ გახსოვთ, იმ შეხვედრაში „სიტის“ უელსელ თავდამსხმელს კრეიგ ბელამის ტრიბუნიდან თავში რკინის მონეტა გაარტყეს, „იუნაიტედის“ პატრის ევრას სანთებელა მოხვდა, გარი ნევილმა და კარლოს ტევესმა კი ერთმანეთს ჟესტები აჩვენეს.

შეგახსენებთ, რომ რუნის ტრავმები გასულ გაზაფხულზე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მიუნხენში, „ბაიერნთან“ შეხვედრის დროს დაიწყო – კოჭი იტკინა. მას შემდეგ ფეხბურთელი ვერა და ვერ ჩადგა მისთვის ჩვეულ ფორმაში.

ამთავითვე ცნობილია, რომ „სიტის“ ფანები 10 ნოემბრის შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადებიან და უკვე ამზადებენ პლაკატებსა და სიმღერებს სადაც რუნიზე იქნება „ლაპარაკი“.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული