"მანჩესტერ სიტის" სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს.
რობერტო მანჩინის უქმეებამდე სამი ფეხბურთელი ჰყავდა ტრავმირებული:
მიკა რიჩარდსი (მუხლის ტრავმა. დაბრუნების თარიღი უცნობია),
მაიკონი (მუხლის ტრავმა. სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ვერ ითამაშებს),
ვენსან კომპანი (ორთავა კუნთი. ვარჯიშს ერთ კვირაში დაუბრუნდება). ბოლო დღეებში ლაზარეთში კიდევ ორმა გადაინაცვლა:
სერხიო აგუერომ (მუხლი) და
ჯეკ როდუელმა. უკანასკნელმა დაზიანება "ვილა პარკზე" მატჩის 25-ე წუთზე მიიღო. "ქალაქელთა" დამრიგებელმა 21 წლის ფეხბურთელის ნაცვლად თამაშში ედინ ჯეკო ჩართო.
"ვწუხვარ როდუელის გამო, რადგან კარგ ფეხბურთელობასთან ერთად, ის შესანიშნავი ადამიანიც არის და რატომღაც ძალიან არ უმართლებს. ჯეკს მუხლის მყესები აქვს დაჭიმული, რის გამოც ალბათ ერთი თვით დაგვაკლდება. შეუძლებელია, მისი პრობლემა 6-7 თვეში მოგვეგვარებინა, მაშინ, როცა ფეხბურთელს მყესები ბოლო 5-6 წელია, აწუხებს. საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლოა, ჯეკმა თვის ბოლომდე, ანუ სანაკრებო პაუზამდე მოახერხოს გამოჯანმრთელება," – განუცხადა "დეილი მეილს" რობერტო მანჩინიმ.
იტალიელის თქმით, სერხიო აგუერო "ასტონ ვილასთან" მატჩისთვის ჩვეულებრივ ემზადებოდა, მაგრამ კვირას მუხლმა შეაწუხა, რის გამოც მისი ასპარეზობა გამოირიცხა.
"თუკი სერხიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, 16 მარტს "გუდისონ პარკზე" "ევერტონთან" აუცილებლად ითამაშებს, თუმცა ამ უქმეებზე "ბარნსლისთან" ასოციაციის თასზე მისი ასპარეზობა გამორიცხულია," – ამბობს მანჩინი.
ამდენი ნეგატივის ფონზე "ქალაქელების" ფანებს გულს გაუკეთებს ინფორმაცია, რომ გუნდს მალე დაუბრუნდება კაპიტანი
ვენსან კომპანი. 26 წლის ცენტრალურ მცველს 19 იანვრის შემდეგ აღარ უთამაშია. ბელგიელის დაბრუნებაზე "ჩელსისთან" შეხვედრამდეც ვწერდით, მაგრამ მაშინ მან ტრავმა გაიმიზეზა და ხელახლა ლაზარეთში ამოჰყო თავი.
როგორც ჩანს, ამჯერად ყველაფერი უკეთ მიდის, რადგან კომპანიმ მოედანზე დაბრუნება "ტვიტერზე" თავად დააანონსა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:რობერტო მანჩინი: საჩემპიონო ბრძოლა რომ გაგრძელდეს, "ჩელსის" უნდა მოვუგოთ