ერთი წელიწადი ანდრე ვილაშ ბოაშის ცხოვრებიდან

AutoSharing Option
აღნიშნული სტატია "ტოტენჰემის" ერთ-ერთ ფანკლუბის ვებგვერდზე აღმოვაჩინეთ. მიგვაჩნია, რომ ის საინტერესოდ აღწერს იმ ცვლილებებს, რაც ჩრდილოლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელის, ანდრე ვილაშ ბოაშის ცხოვრებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა. მასში ვერ შეხვდებით გულშემატკივრის სუბიექტურ დამოკიდებულებას ადამიანის მიმართ. ავტორი უფრო მეტად ფსიქოლოგიურ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას.

ანდრე ვილაშ ბოაშის ინგლისური ცხოვრება თამამად შეიძლება მხატვრული ფილმის სცენარისთვის გამოვიყენოთ და გადავიღოთ გარკვეული სენტიმენტალური მელოდრამა წინააღმდეგობების გადალახვაზე. ერთი წლის წინ ანდრე "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. ერთი წლის წინ მას თავს ესხმოდნენ გაზეთები, "ჩელსის" გულშემატკივრები, კლუბში
არეულობა ჰქონდა და ფეხბურთელები მის გათავისუფლებას ელოდნენ. თუმცა ცხოვრება ერთ ადგილზე არ დგას. ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი იცვლება. ახლა ვილაშ ბოაშის "ტოტენჰემი" "ჩელსის" ცხრილის მესამე საფეხურიდან თავზე დაჰყურებს.

"თავს სხვა ადამიანად და სხვა მენეჯერად ვგრძნობ," – განაცხადა პორტუგალიელმა წინა კვირაში. ცვლილებები ნელ-ნელა, მაგრამ შეუქცევადად ადამიანშიც ხდება. ვეღარ ვხედავთ ძველ სურათს: ახალგაზრდა, ამბიციური მწვრთნელი "სტემფორდ ბრიჯის" მინდვრის კიდესთან "დოლჩე და გაბანას" პალტოთი. ახლა ის საქველმოქმედო საღამოებზე დადის ხოლმე.

ამას გარდა, ირკვევა, რომ სტატისტიკურ მონაცემებს ძველებურად დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს და ამბობს, რომ ურჩევნია, მეტი ყურადღება მიაქციოს იმას, თუ როგორ გრძნობს ფეხბურთელი თავს კონკრეტულ მომენტში. სამაგიეროდ, "ტოტენჰემის" ყოველ გოლს ისე ზეიმობს, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გატანილს.

გულშემატკივრებმა ეს დიდი ხანია, დააფიქსირეს და მწვრთნელის გულწრფელ ემოციებს ძალიან აფასებენ. პრესაც იძულებულია, ვილაშ ბოაშზე დაწერილ სტატიებში უფრო ხშირად გამოიყენოს სიტყვები "ემოცია", "ვნება" და "სულისკვეთება", ვიდრე "მაღალი დაცვითი ზღუდე" ან სქემა 4-3-3.

ვილაშ ბოაშმა "ტოტენჰემის" რეკორდი დაამყარა: წინა უქმეებზე ჩრდილოლონდონურ დერბიში გამარჯვების შემდეგ მის გუნდს 12-თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს. ეს ფანებს, რასაკვირველია, უფრო იმედიანად განაწყობს. ვიღაცებმა მისი სახელის სკანდირებაც დაიწყეს სტადიონზე, სულ რამდენიმე წუთით, მაგრამ მაინც.

სეზონის დასაწყისი ცოტა უცნაური იყო. დაფიქსირდა საშინაო ფრეები "ვესტ ბრომვიჩისა" და "ნორვიჩის" წინააღმდეგ. შემდეგ პირველი გამარჯვება "ოლდ ტრეფორდზე" უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში, მაგრამ "უიგანთან" მარცხის შემდეგ პორტუგალიელისადმი უნდობლობამ ისევ იფეთქა.

გუნდი ბოლო 10 წუთის განმავლობაში გოლებს რეგულარულად უშვებდა, რაც პორტუგალიელს სახელს ნამდვილად ვერ მატებდა. ახალგაზრდა სპეციალისტი მაინც არ დანებდა და საქმეს უფრო ჩაუღრმავდა.

ფაქტია, "ტოტენჰემში" ვილაშ ბოაში სიტუაციას უფრო იოლად უღებს ალღოს. პრესკონფერენციებზე ხან ინგლისურად პასუხობს შეკითხვებს და როცა სჭირდება, ფრანგულად. რაც მთავარია, საკუთარ თავზეც სიამოვნებით საუბრობს. ის ფეხბურთელებს იოლად აღაფრთოვანებს. მასზე კაილ უოლკერმა თქვა: "ანდრე ძალიან კარგი პიროვნება და კარგი მენეჯერია. ის ჯერ 35 წლის არის, მაგრამ როცა ვარჯიშებზე რაღაცას გვიხსნის, ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებიც ყურადღებით უსმენენ, როგორიც ფრედ ფრიდელია".

ვილაშ ბოაში გამოტყდა, რომ დღემდე ცდილობს, "გახსნას" ემანუელ ადებაიორის ტალანტი. ის 29 წლის ნიჭიერ თავდამსხმელს განსაკუთრებით მას მერე იცავს, რაც მან გასული წლის ნოემბერში "არსენალთან" შეხვედრაში სულელური წითელი ბარათი მიიღო.

ბრედ ფრიდელი
მენეჯერზე 6 წლით უფროსია, მაგრამ ამის მიუხედავადაც კი, ანდრემ უგო ლორისი უმტკივნეულოდ აქცია გუნდის ნომერ პირველ მეკარედ. ვილაშ ბოაშმა "ტოტენჰემში" საკუთარი შეცდომების აღიარებაც ისწავლა. ამის დასტური იყო, როცა განაცხადა, კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, როცა სეზონის დაწყებამდე მაიკლ დოუსონს "ქუინზ პარკთან" მოლაპარაკებების ნება მივეციო.

"ფეხბურთი მაგარი რამეა, - განაცხადა დოუსონმა. - სეზონის დაწყებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში, პრაქტიკულად, არ მითამაშია, მას მერე კი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი ვარ. ჩვენს მენეჯერს "ჩელსიში" ძალიან გაუჭირდა, "ტოტენჰემში" კი საქმე ისევ გამოსდის".

ბოლო ერთ წელიწადში ანდრე ვილაშ ბოაში მახინჯი იხვის ჭუკიდან ულამაზეს გედად იქცა. იმედია, რომ მან იცის, როგორ უნდა შეასხას ხორცი საკუთარ პროექტს და "ტოტენჰემი" ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ აქციოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრე ვილაშ ბოაში: ბეილი მეორე რონალდოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული