ჯო კოულის შეცდომა

AutoSharing Option
ESPN-თან ინტერვიუში "ვესტ ჰემის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჯო კოულმა 2010 წელს "ლივერპულთან" კონტრაქტის გაფორმებას კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა. მისი თქმით, იმ ეტაპზე მას ერთადერთი ალტერნატივა ჰქონდა – ხელშეკრულება "ტოტენჰემთან" გაეფორმებინა. მასალას მონოლოგის სტილში შემოგთავაზებთ.

- მხოლოდ იმ გუნდებში შემიძლია თამაში, რომელთა მიმართ რაღაც გრძნობა მაქვს. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი წინაპირობა იყო იმისა, რომ "ლივერპულში" არაფერი გამომივიდა. ამ კლუბის მიმართ ისეთ ემოციას ვერ ვგრძნობდი, რაც "ჩელსისთან" და "ვესტ ჰემთან" მაკავშირებდა.

"ჩელსიში" შვიდი დაუვიწყარი წელიწადი გავატარე. შემდეგ კლუბში გადაწყვიტეს, რომ განვითარების სხვა
გზა აერჩიათ და ამიტომაც ჩემზე უარი თქვეს. კარიერის გასაგრძელებლად ორი რეალური ვარიანტი მქონდა – "ლივერპული" და "ტოტენჰემი". უკანასკნელი ალბათ უკეთესი იქნებოდა ჩემი კარიერისთვის, რადგან "დეზები" პირდაპირ ხუთწლიან კონტრაქტს მთავაზობდნენ, თანაც საცხოვრებლად სხვაგან გადასვლაც არ მომიწევდა.

თუმცა "ჩელსის", "ვესტ ჰემსა" და "ტოტენჰემს" შორის არსებული პრინციპული მეტოქეობის გამო საკუთარი თავი "ტოტენჰემის" რიგებში ვერ წარმოვიდგინე. ვიფიქრე, ეს რომ გავაკეთო, ფანები მოღალატედ ჩამთვლიან-მეთქი
.

როცა "ლივერპულში" მივედი, ბიჭმა, ვინც ჩემგან ინტერვიუს იღებდა, მითხრა, თქვენ ხომ ყველაზე დიდ და ტიტულოვან ინგლისურ გუნდში მოხვდითო. გონებაში გადავითვალე ტიტულები და ვუპასუხე, რომ თუკი მხოლოდ გამარჯვებებს გავითვალისწინებდით, ის მართალი იყო. ისინი კი ადგნენ და ჩემს ინტერვიუს არასწორად ინტერპრეტირებული სათაური დაარქვეს.

არავის წყენა არ მინდოდა და გავჩუმდი, მაგრამ ცხადია, რომ "ლივერპული" ყველაზე დიდი კლუბი ნამდვილად არ არის. მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ
. "ნოტინგემ ფორესტმა" ჩემპიონთა თასი ორჯერ მოიგო, მაგრამ ის "ჩელსიზე" დიდი კლუბი ნამდვილად არ არის.

მახსოვს, "ჩელსიში" რომ მივედი, პირველად ის გავიფიქრე, რომ ამ კლუბის ისტორიის ნაწილი მინდოდა გავმხდარიყავი. იმავე დღეს ვნახე ხუან ვერონი, რომელშიც კლუბმა ჩემზე 3-4-ჯერ მეტი გადაიხადა. კონტრაქტს ხელი როგორც კი მოვაწერე, კენ ბეიტსმა ("ჩელსის" ყოფილი მესაკუთრე. რედ) მითხრა, გილოცავ, შვილო, შენ ჩვენი სათადარიგოთა სკამი გააძლიერეო.

ერთი წლის შემდეგ, ვერონისგან განსხვავებით, ძირითადში რეგულარულად ვთამაშობდი. "ვესტ ჰემში" იმიტომ დავბრუნდი, რომ ლონდონი და ჩემი ოჯახი ძალიან მენატრებოდა. დეკემბერში ცოლისძმა დამეღუპა. ამ დროსაც კი ვერ მოვახერხე ახლობლებთან ერთად ყოფნა და მივხვდი, რომ ლონდონში დაბრუნება მინდოდა. ახლა კი "ვესტ ჰემიდან" ფეხის მოცვლასაც აღარ ვაპირებ
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯო კოული "ვესტ ჰემში" ბრუნდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული