რიო ფერდინანდს და ალექს ფერგიუსონს დაუსჯელობის სინდრომი შეეყარათ?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" 34 წლის ცენტრალური მცველი რიო ფერდინანდი საფეხბურთო ასოციაციამ შესაძლოა "ჩელსისთან" თასის 1/4-ფინალის 86-ე წუთზე მომხდარი ინციდენტისთვის მკაცრად დასაჯოს. ვეტერანმა ფერნანდო ტორესს არასათამაშო სიტუაციაში ხელი ჰკრა და ძირს დასცა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მერე ხელი გაუწოდა და წამოაყენა. დისციპლინარები აუცილებლად გაითვალისწინებენ იმ გარემოებასაც, რომ მატჩის შემდგომ რიომ თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა. მომენტი ჰოვარდ ვებისა და მის ასისტენტების ყურადღების მიღმა დარჩა.

კვირას "ოლდ ტრეფორდზე" კიდევ ერთი უსიამოვნება მოხდა: პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე ტრავმის გამო შეცვლა დასჭირდა ლუიშ ნანის. ალექს
ფერგიუსონი
იმედოვნებდა, რომ პორტუგალიელს სერიოზული არაფერი სჭირდა. მისი წინათგრძნობა გამართლდა. 26 წლის გარემარბს მუხლის მყესები უმნიშვნელოდ აქვს დაჭიმული. ის ვარჯიშს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება და შაბათს "რედინგთან" თამაშსაც შეძლებს.

დეილი მეილის არცთუ რიტორიკული შეკითხვა
"დეილი მეილის" ჟურნალისტებმა ლორი უიტველმა და რიკ შარმამ რიო ფერდინანდის გამოხდომას საინტერესო შეფასება მისცეს, რომელსაც აქვე მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

"ოლდ ტრეფორდზე" თასის შეხვედრაში საფეხბურთო სამყაროში სამართლიანობისთვის მებრძოლმა რიო ფერდინანდმა მზაკვრობით გამოიჩინა თავი. მან ფერნანდო ტორესს ზურგში ხელი ჰკრა და ფეხი ქუსლში მისცხო, თუმცა მაშინვე ხელი გაუწოდა და წამოაყენა უდრტვინველი სახით, რომელზეც გაკვირვებულს ეწერა, ნეტა ეს რა მოხდაო. შესაძლოა, რიოს დაუსჯელობის სინდრომი შეეყარა. განსაკუთრებით - ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩის შემდეგ, სადაც ის თურქ მსაჯს ცინიკურად ტაშს უკრავდა და შერჩა. შესაძლებელია, უმცროს ძმასთან დაკავშირებული ისტორიის შემდეგ მას რეალურად მოაკლდა ადრენალინი. რაც უნდა იყოს, როგორც ის მოიქცა ჩვეულებრივ სიტუაციაში, გვარწმუნებს, რომ მანკუნიანელს თავში უქრის".

როგორც გახსოვთ, მატჩის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი უცნაური და გაუგებარი ინციდენტი მოხდა. ამჯერად ალექს ფერგიუსონს პირი არ მოუღია, მაგრამ მეტოქე გუნდის მთავარ მწვრთნელს "რაინდის ხელი" არ გაუწოდა ჩამოსართმევად. უფრო თუ დავაზუსტებთ, მან არც მატჩამდე ინება ბენიტესთან მისალმება.

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა: "თამაშის დაწყებამდე მე მას ველოდი. საკმაოდ კარგად ვარ აღზრდილი, თანაც ვიცი, როცა თამაშს ხალხი უყურებს, როგორ უნდა მოვიქცე. თავად ფერგიუსონს ჰკითხეთ, რატომ არ მომესალმა, თუკი ეყოფა გამბედაობა გულწრფელი პასუხისთვის. ეს მისი გადაწყვეტილება იყო".

რისი თქმა შეიძლება ყოველივეს შემდეგ? მხოლოდ ერთის: ფერგიუსონის ზღვარგადასული გამოხდომები შეკითხვებს უკვე აღარ ბადებს. ალბათ მხოლოდ ერთს - მიაქცევს თუ არა ამას ყურადღებას საფეხბურთო ასოციაცია.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რიო ფერდინანდი გამოჯანმრთელდა და "რეალთან" ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული