"წითლები" კლუბის ისტორიაში პირველად ითამაშებენ სახელგანთქმულ "მელბურნ კრიკეტ გრაუნდზე" ადგილობრივი "ვიქტორის" წინააღმდეგ. 100-ათასიანმა არენამ 1956 წელს ოლიმპიადას უმასპინძლა, 2006-ში კი დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის თამაშების მთავარი სტადიონი იყო. მერსისაიდელთა დელეგაცია მწვანე კონტინენტზე იანვარში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტი კი დაიგეგმა, მაგრამ კონკრეტული თარიღები ჯერ კიდევ უცნობია.
ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ენტონი დი პიეტრო ოპტიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ საბოლოო შეთანხმება მალე შედგება.
ინგლისური გრანდებისთვის ეს ვიზიტი შესაძლოა საკმაოდ შემოსავლიანი აღმოჩნდეს. ვარაუდობენ, რომ ისინი 10-10 მილიონ ფუნტს მიიღებენ, რადგან ინტერესი მათი ვიზიტისადმი წარმოუდგენლად მაღალია. "ლივერპული" ავსტრალიის შემდეგ შეკრებას ინდონეზიაში გააგრძელებს.
სტერლინგი და სუსო მიდიან
metro.co.uk-ის მტკიცებით, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი მზადაა, რაჰემ სტერლინგი და ხესუს ფერნანდეს საესი, ანუ უბრალოდ სუსო, სეზონის ბოლომდე იჯარით ჩემპიონშიპის გუნდებში გაუშვას, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ. პირველს ძირითად შემადგენლობაში იანვრის შემდეგ აღარ უთამაშია, მეორე კი 2013 წელს მოედანზე ერთადერთხელ გამოჩნდა და ისიც შეცვლაზე.
მთხოვნელები არც სტერლინგს აკლია და არც სუსოს. "ლივერპულს" უკვე აქვს შეთავაზებები "ბოლტონის", "ბრაიტონისა" და "კარდიფისგან". "რაჰემმა დაამტკიცა, რომ მას უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში. მე მას ერთკვირიანი შვებულება მივეცი, რათა დაესვენა და ფიზიკური კონდიციები აღედგინა. იმისთვის, რომ მან და სუსომ გუნდის სასტარტოში ადგილი დაიმკვიდრონ, უფრო უნდა მოძლიერდნენ, ამისთვის კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ," – აცხადებს ბრენდან როჯერსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრენდან როჯერსი: "ლივერპულმა" ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა