რაიან გიგზი: ის, რაც არასოდეს მომენატრება

AutoSharing Option
გთავაზობთ გარი ნევილის ინტერვიუს რაიან გიგზთან. მასალა "დეილი მეილმა" "რეალთან" მატჩიდან რამდენიმე დღეში გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, სამეფო კლუბთან ლეგენდარულმა უელსელმა კარიერაში მე-1000 თამაში ჩაატარა. ყოფილი თანაგუნდელების გასაუბრება ყველაზე საინტერესო სწორედ იმიტომ იყო, რომ მათ ერთმანეთზე ყველაფერი იციან და ინტერვიუ ძალიან დიდი და დიდწილად მეგობრული ხასიათისა გამოდგა. ჩვენი საგაზეთო ფორმატიდან გამომდინარე მას შემცირებულს გთავაზობთ.

ნევილი: როგორ გრძნობ თავს "რეალთან" მატჩის შემდეგ?
გიგზი: ასეთი დიდი თამაშებისთვის თავს ამზადებ, თუმცა დასრულების შემდგომ შეიძლება ვეღარ დაიძინო და ჭამის სურვილიც გაგიქრეს. ძალების აღდგენა, ეს ის ასპექტია,
რომელიც სერიოზულად იცვლება მას მერე, როცა 30-ს გადააბიჯებ.

ნევილი: როცა 17 წლისა იყავი ამისთვის რამდენიმე დღე გყოფნიდა. ახლა?
გიგზი: ჩემპიონთა ლიგის მძიმე თამაშის შემდეგ ორი დღე თითქმის არაფერს ვაკეთებ. მხოლოდ აღდგენით პროცედურებს ვუთმობ დროს – ველოტრენაჟორებს, იოგას, ყინულოვანი წყლის აბაზანებს.

ნევილი: "რეალთან" მატჩამდე რა შეგრძნებები გქონდა, ვთქვათ, 10 წლის წინანდელთან შედარებით?
გიგზი: კარიერის განმავლობაში სამი სტადია გავიარე. თავიდან საერთოდ არ ვნერვიულობდი, შემდეგ უფრო მეტად ვფიქრობდი თამაშების მნიშვნელობაზე, ბოლოს კი ასეთი მომენტებიდან სიამოვნების მიღება ვისწავლე.

ნევილი: 22 წლის განმავლობაში, რაც შენ "იუნაიტედში" ხარ, როცა გუნდი ლიგიდან ვარდებოდა, ამის მიზეზი მუდამ ცუდი ასპარეზობა იყო. "რეალთან" კარგად ვითამაშეთ. ასე რომ, განწყობაც განსხვავებული იქნებოდა.
გიგზი: ჰო, უცნაური შეგრძნებაა. ისეთი იმედგაცრუებული ვარ, წლების განმავლობაში რომ არ ვყოფილვარ. მეორე მხრივ თამაშის პოზიტიური მომენტების დავიწყებაც არ შემიძლია, რადგან დრო და დრო მეტოქეს ვაიძულებდით, რიგითი გუნდივით ეთამაშა. თამაშის შემდეგ კი ყველანი ვდუმდით.

ნევილი: უკანასკნელად ასეთი იმედის გაცრუება როდის იგრძენი?
გიგზი: შარშან სანდერლენდში ჩემპიონის ტიტულის დაკარგვის შემდეგ. მთელი ზაფხული ვაანალიზებდი, რისი გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად.

ნევილი: უკანასკნელი კვირების განმავლობაში მაქსიმალურად კონცენტრირებულ გუნდს ვხედავთ. რატომ, იმიტომ ხომ არა, რომ ფეხბურთელებს შარშანდელი სცენარის გამეორებისა ეშინიათ?
გიგზი: რაღაც წილად ალბათ ამიტომაც. არავის უნდა გასახდელში იმავე შეგრძნებით ჯდომა, რომელიც "სანდერლენდთან" მატჩის შემდეგ გვქონდა. გადაწყვეტილება, რომ მეორედ ეს აღარ დავუშვათ, რა თქმა უნდა, მიღებულია.

ნევილი: 39 წლის ხარ. ხანდახან მაინც თუ ფიქრობ, რომ შენთვის ვიღაც მეტისმეტად სწრაფია?
გიგზი: დიახ, როცა რაფაელის წინააღმდეგ მიხდება თამაში.

ნევილი: ახერხებ გაცდენას?
გიგზი: არა, უბრალოდ ცენტრისკენ ვიწევ და მერე კლევერლი და კერიკი მიყვირიან ხოლმე, აქ რას აკეთებო.

ნევილი: ვარჯიშებზე ემოციების შეკავება თუ გიწევს ხოლმე?
გიგზი: დიახ, რადგან ვარჯიში ინტერნსიურია. ხშირად ვალენსიას და რაფაელის წინააღმდეგ მიწევს თამაში. შენ ხომ იცი, რა ხდება მას მერე, როცა ბურთს მართმევენ.

ნევილი: ზუსტად მახსოვს, როდის ვიგრძენი, რომ უნდა წავსულიყავი. 2011 წლის შობამდე "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში. შენთვის როდის დადგება ეს დღე? რამ უნდა გაიძულოს, რომ გაჩერდე?
გიგზი: მაშინ, როცა თამაშის მიმდინარეობასა და ზოგადად გუნდზე გავლენას ვეღარ მოვახდენ. შენ ლაპარაკობ შენს "ვესტ ბრომვიჩზე", მაგრამ მსგავსი მომენტები ჩემს კარიერაში რამდენჯერმე უკვე იყო.

ნევილი: სერიოზულად?
გიგზი: თუნდაც ამ სეზონში "კლუჟთან" და შინ "ტოტენჰემთან". ლონდონელებთან მთელი გუნდი ცუდად თამაშობდა, მაგრამ მე განსაკუთრებულად სუსტი ვიყავი, რის გამოც შესვენებაზე შემცვალეს. თუმცა შესაბამის სათამაშო რიტმს მაინც ვპოულობ. ხშირად ეს შობამდე ცოტა ხნით ადრე ხდება. მწვრთნელმა კარგად იცის, როგორ შეიძლება ჩემი გამოყენება.

ნევილი: ასეთ მომენტებში არ ფიქრობ, რომ დროა კარიერა დაასრულო?
გიგზი: ამ ორი თამაშის შემდეგ ცუდ ხასაითზე ვიყავი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.

ნევილი: გაზეთების მოწოდებებს თუ უგდებ ყურს?
გიგზი: არა, ისინი ჩემზე ზეგავლენას ვეღარ ახდენენ, არადა წლების წინ ასეც ხდებოდა.

ნევილი: ეს დამოკიდებულება როდის შეიცვალა?
გიგზი: გარდამტეხი მომენტი იყო 2002 წელი. ვფიქრობ, მაშინ ჩემი კრიტიკა ზღვარს გადავიდა. 28-29 წლისა ვიყავი. გამიკვირდა კიდეც, რამდენად იოლად გადავიტანე ყველაფერი. გავიფიქრე, რომ ყველაფერი ისე ცუდად არ ყოფილა, როგორც ჩანდა-თქო.

ნევილი: სეზონის დაწყებამდე გარკვეულმა ეჭვებმა შეგიპყრო. რა იფიქრე მაშინ?
გიგზი: ვკითხე ჩემს თავს, როგორ აპირებ სიტუაციის გამოსწორებას-თქო? საკუთარ თავს შთავაგონე, რომ ტოსტები ამიერიდან კარაქის გარეშე უნდა მეჭამა, ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე დავწოლილიყავი დასაძინებლად, ყოველი ვარჯიშის შემდეგ სახლში დავბრუნებულიყავი, რათა მაქსიმალურად დამესვენა. Aლკოჰოლი თითქმის მთლიანად გამოირიცხა. ზედმეტი წონის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ დაძინების წინ ჭამას მაინც ვერიდები. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ფიზიკურად იდეალურ ფორმაში ვარ, რადგან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არაფერი მაწუხებს.

ნევილი: რას ნიშნავს შენთვის 1000 თამაში კარიერაში?
გიგზი: არ მინდა სხვანაირად გამიგოთ, მაგრამ არაფერსაც არ ნიშნავს. როცა თამაშს თავს დავანებებ, უკან მოვიხედები და ვიამაყებ, მაგრამ იქამდე მინდა, რომ რაც შეიძლება იოლად გადავიტანო ამ რიცხვის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი.

ნევილი: სამწვრთნელო კურსები გაიარე და პროფესიული ლიცენზიის დაუფლებაც გინდა. სამი წლის შემდეგ შენი თავი სად წარმოგიდგენია?
გიგზი: კურსებზე სწორედ იმიტომ დავდიოდი, რომ რაც შეიძლება უკეთ მოვმზადებულიყავი ახალი პროფესიისთვის. ჩემთვის იდეალური სცენარი იქნება, თუკი ჯერ სამწვრთნელო შტაბში ვიმუშავებ და შემდეგ მთავარი მწვრთნელი გავხდები.

ნევილი: "იუნაიტედის" მწვრთნელობა საოცნებოა. გიგზისთვის თუ შეიძლება არსებობდეს რაიმე სხვა სამსახური?
გიგზი: რატომაც არა? 2-3 წელი ბავშვთა ან იუნიორთა გუნდში მუშაობისას პრაქტიკაში დახვეწ სამწვრთნელო ცოდნას, მაგრამ შეიძლება ეს ასე არც მოხდეს. შეიძლება კარიერის დასრულების შემდეგ სხვა კლუბიდან ღირებული წინადადება შემომთავაზონ.

ნევილი: და დათანხმდები?
გიგზი: წინასწარ ამის თქმა ძნელია, რადგან არ იცი, რასა და რას შორის შეიძლება გქონდეს არჩევანი.

ნევილი: შეიცვალნენ თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელები ბოლო 20 წლის განმავლობაში?
გიგზი: დიახ, მათ ახლა მეტი გავლენა აქვთ.

ნევილი: ეს კარგია, თუ ცუდი?
გიგზი: პრინციპში ისეთივე ბიჭები არიან, როგორც წლების წინ. მათ განვითარება სურთ და ვერაფერს იზამ, თუკი სხვა უკეთეს კონტრაქტს სთავაზობს, თუნდაც ახალგაზრდულ ასაკში.

ნევილი: გიფიქრია ოდესმე, რომ ისინი ადგილზე არიან მოსასმელებიო?
გიგზი: დიახ და დარწმუნებული ვარ, რომ შენც გქონია ეს განცდა. იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ მიახალო, "იუნაიტედზე" კარგ კლუბს ვერსად ნახავ-თქო, ვეუბნები, "როგორ ფიქრობ, ვინ მოინდომებს შენს ყიდვას" ან "სად აპირებ კარიერის გაგრძელებას ამ კლუბის შემდეგ?". შემდეგ ვიღიმი და განზე ვდგები და მათ დაფიქრობის საფუძველს ვაძლევ.

ნევილი: შენ, მე, ჩემი ძმა, სქოულზი, ნიკი ბატი, ბექზი – ყველანი კარგი მეგობრები ვიყავით. ისინი ვინც კლუბში სხვებზე დიდხანს დავრჩით, კიდევ უფრო დავახლოვდით. შენ და სქოულზი ალბათ ახლა უფრო ახლოს ხართ, ვიდრე ოდესმე.
გიგზი: ასეა, დროსთან ერთად ურთიერთობები ბევრად უფრო თბილი გახდა.

ნევილი: 2004 წელს მანჩესტერში ყველანი ერთ მაღალსართულიან სახლში გადავედით. ვარჯიშებზე ერთი მანქანით დავდიოდით. მოედანს მიღმაც ბევრ დროს ვატარებდით ერთად.
გიგზი: ჩვენ შორის შენ ყველაზე მეტად გიყვარდა დროსტარება.

ნევილი: როცა "იუნაიტედში" მიხვედი, ფეხბურთელები უშუალოდ თამაშის შემდეგ დადიოდნენ დასალევად.
გიგზი: ეს მართალია. შაბათის თამაშის შემდეგ ყველანი ერთად დადიოდნენ ბარებში.

ნევილი: ახლა რამდენად ხშირად აძლევ შენს თავს ამის უფლებას?
გიგზი: რამდენიმე თვეში ერთხელ.

ნევილი: რატომ არ იქცევიან ფეხბურთელები ისე, როგორც შენ და რატომ არ თამაშობენ შენს ასაკამდე?
გიგზი: არ ვიცი. სხვა კლუბებში რომ ვყოფილიყავი, განა ამდენს ხანს ვითამაშებდი? არ ვარ დარწმუნებული. კარგი სავარჯიშო პირობები მაქვს, ბაზაზე მისვლა მიყვარს, არ მიხდება ახალ სახლებთან შეგუება, მწვრთნელი არ იცვლება და ასე შემდეგ. ანუ ჩემს სასარგებლოდ ბევრმა ფაქტორმა იმუშავა. ასაკში იოლად შევეგუე იმასაც, რომ ყველა მატჩში ვერ ვითამაშებდი.

ნევილი: კარიერაში პრაქტიკულად ყველაფერს მიაღწიე. მომდევნო 30-40 წლის განმავლობაში რა მოგანიჭებს კმაყოფილებისა და საქმის დასრულების შეგრძნებას?
გიგზი: არასოდეს მქონია შეგრძნება, რომ საქმე დავასრულე, რადგან ყოველთვის ახალ მიზნებს ვეძებდი. კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები ამბობენ, რომ თამაშს ვერაფერი შეცვლის, თუმცა ვიცი, რომ აღარასოდეს დამჭირდება ისეთი დატვირთვის გადატანა, რასაც ახლა ვიტან, აღარასოდეს ვიქნები ისეთი იმედგაცრუებული, როგორც "რეალთან" მატჩის შემდეგ იყო და აღარასოდეს ვეტყვი ჩემს შვილს უარს ფეხბურთის თამაშზე იმიტომ, რომ უნდა დავისვენო. სწორედ ამიტომ არ მომენატრება ეს ყველაფერი.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვარსკვლავი: რაიან გიგზის ახალი მწვერვალი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული