ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ სპორტული ობიექტების მართვისთვის კომპანია Olympic Delivery Authority შეიქმნა. ცხადია, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ოლიმპიადის მასპინძელი სტადიონის ბედი იყო, რადგან ბრიტანეთის სახელმწიფოს 80-ათასიანი არენის აგება ორ მილიარდ ფუნტზე მეტი დაუჯდა.
დავა ლონდონურ კლუბებს შორის, თუ ვინ უნდა გადასულიყო მასზე სათამაშოდ, შარშან შემოდგომაზე პარალიმპური თამაშების დასრულებისთანავე, სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. განიხილებოდა ორი ძირითადი პრეტენდენტი - "ვესტ ჰემი" და "ტოტენჰემი". საბოლოო გადაწყვეტილება ხუთშაბათს საღამოს გახდა ცნობილი.
"ვესტ ჰემმა" 99-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა და მასზე 2016/17 წლების სეზონიდან
დაიდებს ბინას. ხვალ სპეციალური პრესკონფერენციაა დანიშნული, სადაც მხარეები მასმედიას გარიგების ფინანსურ მხარეს გააცნობენ. ოლიმპიური სტადიონის სპეციფიკა მოგეხსენებათ, ტრიბუნები მინდვრიდან მოშორებით არის. მსგავს "არასაფეხბურთო გარემოში" კი ინგლისში დიდი ხანია, აღარავინ თამაშობს. ცნობილია, რომ "ჩაქუჩები" სტადიონს გადააკეთებენ, რის გამოც ტევადობა ამჟამინდელი 80-ათასიდან 54 ან 60 ათასამდე შემცირდება. რაც მთავარია, პრობლემა არ შეექმნებათ "ჩაქუჩების" გულშემატკივრებსაც. გრინ სტრიტიდან ელისაბედ II-ის სახელობის ოლიმპიურ პარკამდე, სადაც ახალი სტადიონია აგებული, სულ რამდენიმე კილომეტრია.
"ვესტ ჰემი" "აპტონ პარკის" გაყიდვას გეგმავს. მიღებულ ფულს კი ვალების დასაფარად მიმართავს. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ სტადიონზე დედაქალაქური კლუბი 1904 წლიდან თამაშობს და ის მაქსიმუმ 40 500 ადამიანს იტევს. 20 ათასით დიდი არენა კი კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად უნდა აისახოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:სტადიონის ამბავი