უილფრიდ ზაჰა: მე თქვენ დაგიმტკიცებთ!

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" იანვარში "კრისტალ პალასიდან" უილფრიდ ზაჰა 15 მილიონ ფუნტად შეიძინა და სეზონის ბოლომდე ლონდონურ კლუბს იჯარითვე დაუბრუნა. 20 წლის გარემარბი სრულფასოვანი "წითელი ეშმაკი" 1 ივლისიდან გახდება. მის ტრანსფერზე უკვე ბევრი დაიწერა და ბევრი ითქვა. ფეხბურთში ღრმად ჩახედული ჟურნალისტების უმრავლესობა უბრალოდ ვერ ხვდება, რაში დასჭირდა სერ ალექს ფერგიუსონს ახალგაზრდა ფეხბურთელი, როცა მას ამავე ამპლუის ფეხბურთელთა მთელი თანავარსკვლავედი ანტონიო ვალენსია, ლუიშ ნანი და ეშლი იანგი ჰყავს. ცხადია, ზაჰასთვის ცნობილია, რომ მის პოტენციალში ეჭვი ეპარებათ, რაც მისი თქმით, მხოლოდ მოტივაცია მატებს. აი,
რა უთხრა მან "დეილი მირორის" ჟურნალისტს:

- არიან ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მე უფრო მეტად ვარ შეფასებული, ვიდრე ვიმსახურებ. ამის გამო, ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გამოვდივარ, უნდა დავამტკიცო, თუ რა შემიძლია. მთავარია, ვიცი, ამ ზეწოლას როგორ გავუმკლავდე. ინგლისის ნაკრებების ღირსების დაცვა ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა. განსხვავება ეროვნულსა და ასაკობრივ გუნდებს შორის მხოლოდ ემოციური მხარეა. სტივენ ჯერარდისა და სხვა ვარსკვლავების გვერდით თამაშის შანსი ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იყო.

მაღალი კლასის ფეხბურთელებთან ერთად თამაში, შანსიც კი, რომ დრო მათთან ერთად გავატარო, ინგლისის ნაკრების ფორმა მეცვას, არასოდეს გახდება ჩემთვის ერთი რიგითი ეპიზოდი. თუმცა ყველანაირად ვეცდები, შევეგუეო ამ ყველაფერს და ვითამაშო ისე, როგორც შემიძლია. ამ თემაზე როცა ვფიქრობ, სულაც არ ვნერვიულობ. ფეხბურთის თამაში, ეს არის ერთადერთი, რასაც ჩემგან ითხოვენ. ჩემთვის ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობაც დიდი პატივია. ბიჭებთან კარგად ვარ შეთამაშებული და მათ გვერდით თავს კარგად ვგრძნობ. "იუნაიტედში" გადასვლა ჩემთვის იმის შესაძლებლობა იქნება, რომ ჩემი საფეხბურთო ოსტატობა საერთაშორისო არენაზე წარმოვაჩინო
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალმა ვარსკვლავმა "ლიდსის" ფანებს შუათითი უჩვენა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული