„ფეხბურთში თავის გამოჩენის შანსი იმ შემთხვევაში გაქვს, თუ შენი სულისა და გულის ასივე პროცენტით ხარ მობილიზებული. ხოლო, თუ კალაპოტიდან ვარდები, ღამის კლუბებში იწყებ სიარულს და თვრები, მაშინ საქმე ცუდად წაგივა. ფეხბურთელის კარიერა
სხვა პროფესიის ადამიანებს აქვთ სამსახური, რომელიც მათ შიგადაშიგ დასვენების, მანქანისა და ბინის ყიდვის საშუალებას აძლევს. ფეხბურთში კი ყველაფერი სხვანაირად არის. ფეხბურთელს შეუძლია ყველაფერი ერთ წუთში შეიძინოს, მაგრამ არის დიდი განსხვავებაც: სხვა პროფესიის ადამიანებს სიამოვნებთ თავიანთი საქმეცა და სამსახურს გარეთა ცხოვრებაც, ფეხბურთში კი არანაირი გარეთა ცხოვრება არ არის, შენ შენი პროფესიისთვის არსებობ.
ხშირად, სწორედ ამიტომ ინგრევა ოჯახები. ფეხბურთელების ცოლები ხომ ახალგაზრდა გოგოები არიან, რომელთაც საღამოს რესტორანში წასვლა უნდათ, მათ ქმრებს კი ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში აქვთ, ხოლო იმისათვის, რომ ამ შეხვედრებში თავი გამოიჩინონ და შინ ბევრი ფული მიიტანონ, საღამოობით სხეული უნდა დაასვენონ ანუ ტელევიზორებთან დასხდნენ და ფეხები შემოაწყონ.
თუ ადამიანს ნამდვილად უყვარს ფეხბურთი, მას 10 წელიწადი მაინც უნდა შესწიროს. ამისათვის კი რეჟიმია საჭირო. ცხოვრებით ტკბობა ფეხბურთელს კარიერის დასრულების მერე შეუძლია. მაგალითად, შეუძლია გახდეს ცნობილი ტელეწამყვანი და ასე შემდეგ. მწვრთნელობა... არა, მწვრთნელობა ძალიან ძნელი პროფესიაა და ისიც მთლიანად მასში გადაშვებას მოითხოვს“.
ულიემ თავის ფეხბურთელთაგან სანიმუშოც დაასახელა. მან თქვა, რომ „ასტონ ვილას“ კაპიტანი ნაიჯელ რიო-კოკერი ყველასტვის შეიძლება მაგალითად გამოდგეს. რიო-კოკერი, რომელსაც ბირმინგემის კლუბთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება „ვილას“ კაპიტანი სტილიან პეტროვის ბოლოდროინდელი ტრავმის გამო გახდა.
„ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა ნაიჯელი შევინარჩუნოთ. – თქვა ფრანგმა – თუმცა, თუ მას სადმე გადასვლა მოუნდება, გავუშვებთ. საკონტრაქტო ვალდებულებები, ამ შემთხვევაში, ბევრს არაფერს ნიშნავს. სხვა საქმეა, რომ რაც მე „ვილას“ სათავეში ჩავუდექი რიო-კოკერს ყოველ შეხვედრაში ვათამაშებ და ისიც სულ უკეთ და უკეთ თამაშობს. ის მთელი გუნდისთვის იბრძვის. მისი პოზიცია ისეთია, რომ ეგოისტი ვერ იქნება, სხვებზე უნდა იფიქროს. ხანდახან სხვადასხვა როლის შესრულებაც კი უწევს.
მე კარგად ვიცი რისი გამკეთებელიც არის ნაიჯელი. მისი შრომისუნარიანობა და ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია. მას ჩემთვის იმედი, ჯერჯერობით, ერთხელაც არ გაუცრუებია. რიო-კოკერი ჩვენი გუნდის დანარჩენი ფეხბურთელებისტვის სამაგალითოა. ის პიროვნებაა და სწორედ ეს მომწონს მასში“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"